ადვოკატი დღეს დაკავებულ მერაბ მორჩაძესა და დანაშაულის დაფარვაში ბრალდებულ თენგიზ კალანდიას შორის ნათესაურ კავშირს ადასტურებს
ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმეზე დანაშაულის დაფარვაში ბრალდებული თენგიზ კალანდიას ადვოკატი, დარეჯან ბუცხრიკიძე კალანდიასა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დღეს დაკავებული მერაბ მორჩაძის ნათესაურ კავშირს ადასტურებს.
როგორც მან პირველ არხს განუცხადა, ვერაფერს დაადასტურებს ან გამორიცხავს, თუმცა ამბობს, რომ მორჩაძეს მისი დაცვის ქვეშ მყოფზე ზეწოლა არ მოუხდენია. თენგიზ კალანდია პატიმრობაშია.
„ვერაფერს დავადასტურებ და ვერც გამოვრიცხავ, მაგრამ სავსებით შესაძლებელია, მას სხვაზე მოეხდინა ზეწოლა, თუმცა კონკრეტულად ჩემი დაცვის ქვეშ მყოფზე არ მოუხდენია, ვერ გეტყვით. მე ვიცავ თენგიზ კალანდიას ინტერესებს, რომელიც თავისუფლებაში მყოფი არ არის და ის იზოლირებულია საზოგადოებისგან უკვე თვეებია. აქედან გამომდინარე, მას არ უნახავს, არ შეხვედრია და არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია მერაბ მორჩაძესთან“, – განუცხადა პირველ არხს ბრალდებულის ადვოკატმა, დარეჯან ბუცხრიკიძემ.
ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფთან დაკავებული მერაბ მორჩაძის ნათესაურ კავშირს ადასტურებს, დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს და ამბობს, რომ გამოძიება თავად გაასაჯაროებს საქმის ირგვლივ არსებულ დეტალებს.
„ის ნათესაურ კავშირში არის თენგიზ კალანდიასთან. არ უარყოფს, მაგრამ თვალით არ უნახავს ალბათ, ბოლო ათი წელია. თენგიზ კალანდია დაკავებულია 3 დეკემბრის შემდეგ და რა იცის მან, რა მოხდა. დაკავების შემდეგ მის ოჯახთან რა კომუნიკაცია ჰქონდა, ჩემი დაცვის ქვეშ მყოფისთვის ცნობილი არ არის.
აქედან გამომდინარე, ჭორის დონეზე რაც მოვისმინე, ვერ გავიმეორებ. მე ზუსტი დეტალები არ ვიცი, ყველაფერი ცნობილი გახდება ცოტა ხანში. ვერ გეტყვით ზუსტ დეტალებს, თუმცა მალე საზოგადოებიათვის ეს ფაქტი ცნობილი გახდება. დაველოდოთ, თვითონ გააჟღერებს გამომძიებელი, თუ რისთვის დააკავეს ის. რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, ესაა ოჯახის ახლობელი, თუ რა მოხდა ამაზე გამოძიება გვეტყვის“, – აცხადებს დარეჯან ბუცხრიკიძე.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მოწმეზე ზემოქმედების ფაქტზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შსს-მ დღეს მერაბ მორჩაძე დააკავა. მორჩაძე დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 372-ე მუხლით, რაც მოწმეზე ზემოქმედებას გულისხმობს.