ადვოკატი - ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს
გორში ცხრა წლის გოგონას მკვლელობის საქმეზე ბრალდებული ი.ნ. ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს, – ამის შესახებ პირველ არხს მისმა ადვოკატმა მაია გრიგოლიშვილმა განუცხადა.
დაკავებული სავალდებულო დაცვის უფლებით სარგებლობს და მას უკვე შეხვდა საზოგადოებრივი ადვოკატი.
მაია გრიგოლიშვილის თქმით, დაკავებულმა საგამოძიებო მოქმედებებში მონაწილეობა მიიღო, თუმცა ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს.
ი.ნ. უკვე გადმოიყვანეს თბილისში. წინასწარი დაკავების იზოლატორში მას ამ წუთებში ადვოკატი ხვდება.
ცხრა წლის ბავშვის მკვლელობაში ბრალდებული დღეს დააკავეს. შსს-ს ცნობით, გორში გოგონას მკვლელობის ბრალდებით დაკავებული პირი წარსულში ნასამართლევია.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გორში მომხდარ ფაქტზე გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობის მუხლით დაიწყო.
გორში, მდინარე ლიახვის ნაპირზე ცხრა წლის გოგონა მოკლული გუშინ იპოვეს.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარ ფაქტზე გამოძიებას შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, კახა საბანაძე ხელმძღვანელობს.
ამასთან, გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ბავშვის ცხედარს ძალადობის ნიშნები ეტყობა. როგორც პირველ არხს გოგონას ბაბუამ განუცხადა, ბავშვს ხელები ალუმინის მავთულით აქვს შეკრული, თავზე კი ცელოფანი აქვს ჩამოფარებული.