ადვოკატი - ასლან ბეჟანიძეს ჩაბარების რეკომენდაციით მივმართეთ, მიუხედავად იმისა, რომ ბრალს არ აღიარებს
დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე გასამართლებული ასლან ბეჟანიძის ადვოკატის ინფორმაციით, მისი დაცვის ქვეშ მყოფზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ ძებნა უკვე გამოაცხადა.
ირაკლი ჩომახაშვილის თქმით, ადვოკატებმა ბეჟანიძეს ჩაბარების რეკომენდაციით მიმართეს, მიუხედავად იმისა, რომ ბრალს არ აღიარებს.
„გავამართლეთ ორჯერ. უზენაეს სასამართლოს ერთმა მოსამართლემ გაამართლა და ორმა მართლა მიკერძოებულმა მოსამართლემ, რომელსაც საზოგადოებამ უნდა გასცეს ადეკვატური პასუხი, გაუშვეს სრულიად უდანაშაულო ადამიანი 9 წლით ციხეში.
რაც შეეხება ჩაბარებას, უახლოეს მომავალში ეს მოხდება. ჩვენ არავისგან დამალვას არ ვაპირებთ და სამართლიანობას აღვადგენთ კანონიერი გზებით და არა ისეთი უკანონო გზებით, როგორც მოიქცა პროკურატურა, რომ მოიყვანა ცრუ მოწმეები და გააყალბა მტკიცებულებები. ამაზე ძალიან მალე სასამართლოც და პროკურატურაც პასუხს აგებს“,- აცხადებს უფლებადამცველი.
დაცვის მხარე აღნიშნული გადაწყვეტილების გასაჩივრებას ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოში აპირებს.
„ჩვენ უახლოეს მომავალში მივმართავთ ადამიანთა უფლებების დაცვის ევროპულ სასამართლოს სამართლიანობის აღსადგენად. ასლან ბეჟანიძე მიუხედავად იმისა,რომ არის 33 წლისაა, ექსპერტმა დაადასტურა, რომ მას აქვს 8-დან 12 წლამდე ბავშვის გონებრივი შესაძლებლობები. ის საერთოდ ვერ აანალიზებს, ჩვენებაც კი არ მიუცია, არ იცის რას ედავებიან. ჩვენ ვნერვიულობთ ამ ადამიანზე, ის მშობლების გარეშე ვერ ცხოვრობს, არ შეუძლია დამოუკიდებლად ცხოვრება“,- განაცხადა ადვოკატმა.
13 წლის წინ მოკლული დავით ოთხმეზურის მკვლელობის საქმეზე ასლან ბეჟანიძე ორმა ინსტანციამ გაამართლა, რის შემდეგაც პროკურატურამ უზენაეს სასამართლოში საკასაციო სარჩელი წარადგინა. ბრალდებულის ადვოკატის თქმით, საქმეში წარმოდგენილი მოწმეები, პროკურატურასთან თანამშრომლობის საფუძველზე ცრუ ჩვენებებს აძლევდნენ და სწორედ ამ ჩვენებების საფუძველზე მიიღო უზენაესმა სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება.