ადვოკატი - არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში ბრიტანელი ექსპერტები ჩაერთვებიან
ადვოკატი - არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში ბრიტანელი ექსპერტები ჩაერთვებიან

თბილისში, ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში ბრიტანელი ექსპერტები ჩაერთვებიან. ამის შესახებ პირველ არხს დაცვის მხარის ადვოკატმა განუცხადა.

უფლებადამცველის თქმით, სწორედ მათ მიერ მოწვეული ექსპერტები გასცემენ ყველა იმ მთავარ კითხვას პასუხს, რაც საქმეში ფიგურირებს.

„დღევანელ სხდომაზე გაგრძელდება ბრალდების მხარის მტკიცებულებათა გამოკვლევა. ჩვენთვის ამ ეტაპზე უცნობია, რომელ მოწმეებს წარმოადგენს ბრალდების მხარე სასამართლოში დასაკითხად.

წინა სხდომაზე ბრალდებამ მოითხოვა მტკიცებულებად ახალი ექსპერტიზის დასკვნის დასაშვებად ცნობა, რასაც დაცვის მხარე დავეთანხმეთ. თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ოთხი თვის განმავლობაში ველოდებოდით ექსპერტიზას, ის ვერ პასუხობს კითხვას იმასთან დაკავშირებით, რამდენი დანა იყო გამოყენებული, ვინ მიაყენა კონკრეტული დაზიანებები და ვის მიერ მიყენებული დაზიანებებით გარდაიცვალა კონკრეტული პიროვნება.

სწორედ დაცვის მხარის მიერ მოწვეული ექსპერტები უპასუხებენ ამ კითხვებს. ჩვენ მოვიწვიეთ ბრიტანელი ექსპერტები, რომლებიც უდიდესი პროფესიონალები არიან ამ სფეროში. სწორედ ისინი გასცემენ მთავარ კითხვას პასუხს. ექსპერტიზის დასკვნაში ნათლად იქნება განმარტებული და ახსნილი, თუ რამდენი დანა ფიგურირებს საქმეში.

ბრიტანელი ექსპერტები დღეს საქართველოში იქნებიან და ისინი განაგრძობენ მუშაობას ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. უმოკლეს დღეებში ჩვენი ექსპერტები დადებენ დასკვნას“,- განაცხადა ადვოკატმა ტარიელ კაკაბაძემ.