ადვოკატი აცხადებს, რომ ვანო მერაბიშვილს დამატებითი კვლევები უნდა ჩაუტარდეს
პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრემიერისა და შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა, რადგან დღემდე არ არის დადგენილი ავადმყოფობის მიზეზი.
ადვოკატის აზრით, უნდა მოხდეს როგორც მერაბიშვილის ორგანიზმიდან სინჯების აღება, ასევე საკნის ბაქტერიული კვლევა, რადგან ჩივიაშვილის აზრით, ალბათობა იმის, რომ ყოფილი პრემიერ-მინისტრის ორგანიზმში მომწამვლავი ნივთიერება ბაქტერიულად არის შეღწეული, ძალიან დიდია.
მერაბიშვილის უფლებადამცველმა განაცხადა, რომ მათ პენიტენციური სისტემიდან გამოითხოვეს ანალიზები, სადაც გამორჩენილია ერითროციტების დალექვის ე.წ როეს ანალიზი და ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებული კვლევა.
„უნდა ჩატარებულიყო ბაქტერიული კვლევები, მის საკნიდან ანაფხეკზე, ასევე ნივთებზე, რომლებიც მის ოთახშია მოთავსებული, რადგან გვაქვს ეჭვი, რომ შეიძლება ბაქტერიულად არის მის ორგანიზმში შეღწეული ან გარედან შეღწეული მომწამვლელი ნივთიერება. სახელმწიფოში არის ამ ჯანდაცვაზე დაქვემდებარებული ლუგარის ლაბორატორია, სადაც მოვითხოვთ, რომ ჩაუტარდეს მერაბიშვილს კვლევები. პენიტენციურ სისტემას აქამდე არ გადმოუცია ერითროციტების დალექვის ე.წ როეს ანალიზი და ტყვიის შემცველობასთან დაკავშირებული კვლევა“, – განაცხადა ჩივიაშვილმა.
ადვოკატი აცხადებს, რომ ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში მერაბიშვილის მიმართ მე-18 მუხლის დარღვევის შესახებ ჩაიწერა.
„ასოცირების ხელშეკრულებასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციაში ჩაიწერა, რომ დაირღვა ივანე მერაბიშვილის მიმართ მე-18 მუხლი, როგორც გარემოება ევროპარლამენტისთვის და იქვე მინიშნებაა გაკეთებული, მისი დაკავება გამომდინარეობდა ფარული მიზნებიდან. ძალიან მნიშვნელოვანია, როდესაც ასოცირების ხელშეკრულებაზე ვსაუბრობთ და იმ ვალდებულებებზე, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს აღებული ამ ხელშეკრულების ფარგლებში, დაფიქსირებულია ერთ-ერთ გამოსასწორებელ თემად მერაბიშვილის საკითხი. ხელისუფლებამ უნდა გადადგას ნაბიჯები და აღასრულოს კონვენციაში ჩაწერილი საკითხი. ეს ადამიანი პოლიტიკური პატიმარია და ის სასჯელს იხდის იმ პირობებში, რომ მის მიმართ დადგენილია მე-18 მუხლის დარღვევა და დაუყოვნებლივ უნდა განთავისუფლდეს“, – განაცხადა გიორგი ჩივიაშვილმა.