ადვოკატი აცხადებს, რომ, ოჯახის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა
ადვოკატი გიორგი ფანცულაია აცხადებს, რომ, ოჯახის ინფორმაციით, დეკანოზი გიორგი მამალაძე საპატიმროდან ე.წ. უდოს კომისიის გადაწყვეტილებით გათავისუფლდა.
მისივე განმარტებით, აღნიშნულის შესახებ წერილობითი დოკუმენტი ჯერ არ მიუღიათ.
ამასთან, როგორც ადვოკატმა აღნიშნა, დეკანოზი კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რომ ვადაზე ადრე დაეტოვებინა საპატიმრო.
„პირველ რიგში, ვულოცავ გიორგი მამალაძეს და მის ოჯახს ამ მძიმე ბრძოლის შემდგომ გათავისუფლებას. მქონდა უშუალო კომუნიკაცია გიორგი მამალაძესთან და მითხრა, რომ რეანომობილში სვამდნენ, რადგან მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან მძიმეა. შვიდწლიანი პატიმრობიდან ბოლო ხუთი წელი მარჯვენა ხელი და ფეხი აქვს სრულად პარალიზებული, ეტლითაც კი არ შეუძლია გადადგილება. გიორგი მამალაძემ მისჯილი ცხრა წლიდან მოიხადა შვიდი წელი. შესაბამისად, ის კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა კრიტერიუმს აკმაყოფილებდა, რომ ვადაზე ადრე დაეტოვებინა საპატიმრო, მოხდილი სასჯელიდან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე. ასევე, პროკურორის ვერსიით, დაზარალებული პიროვნება ვინც არის, მან დაწერა წერილობით, რომ თანახმა იყო, ვადაზე ადრე განთავისუფლებულიყო მამალაძე საპატიმროდან. ყველა ერთობლივი გარემოებებით, ჩვენ ნამდვილად გვქონდა მოლოდინი, რომ ის გათავისუფლდებოდა. გიორგი მამალაძისგან მოვისმინე ე.წ. უდოთი გათავისუფლების შესახებ. არ ჩაგვბარებია არანაირი წერილობითი დოკუმენტი“, – განაცხადა ფანცულაიამ.
დეკანოზ გიორგი მამალაძის პატიმრობიდან გათავისუფლების შესახებ ინფორმაცია ცოტა ხნის წინ მისმა ძმამ, თორნიკე მამალაძემ გაავრცელა.
დეკანოზი გიორგი მამალაძე ე.წ. ციანიდის საქმეზე 2017 წელს დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო პატრიარქის მდივან-რეფერენტის, შორენა თეთრუაშვილის შურისძიების მოტივით მკვლელობის მომზადებასა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვაში და მას ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ ძალაში დატოვა, უზენაესმა სასამართლომ კი საქმე წარმოებაში არ მიიღო.