გიორგი ფანცულაია - მგონი, ეროვნულ ლიგაში ყველაზე სწრაფი დუბლი დავაფიქსირე #1TVSPORT
გიორგი ფანცულაიამ „სამტრედიასთან“ შეხვედრაში გოლები მე-12 და მე-13 წუთებზე გაიტანა და სეზონის ყველაზე სწრაფი დუბლის ავტორი გახდა. 30 წლის გამოცდილმა თავდამსხმელმა, რომელიც გუნდს მე-7 ტურიდან შეუერთდა, უკვე ანგარიშზე 4 გოლი და ამდენივე საგოლე გადაცემა ჩაიწერა, რაც „სამგურალის“ ბოლოდროინდელი წარმატებების ერთ-ერთი მთავარი მიზეზია.
„სატურნირო მდგომარეობიდან გამომდინარე, ბოლო ტურში „სამტრედიასთან“ „ექვსქულიანი“ დაპირისპირება გვქონდა – ასეთ მატჩებს ყოველთვის ახლავს დაძაბულობა. ყველა ფეხბურთელმა კარგად ითამაშა, ბოლომდე დაიხარჯა, მწვრთნელის დავალებები ყველამ კარგად შეასრულა და ჩვენმა გუნდმა მნიშვნელოვანი სამი ქულა ჩაიწერა.
რაც შეეხება დუბლს, მოხარული ვარ რომ გუნდს დავეხმარე, საერთოდ, კარიერაში დუბლი ასე სწრაფად არ შემისრულებია. მგონი, ასეთი შემთხვევა ეროვნულ ლიგაშიც პირველად დავაფიქსირე. მთავარია, ფორმა შევინარჩუნოთ და უფრო მოვუმატოთ. ასეთ შემთხვევაში, ინდივიდუალურად და გუნდურად უკეთესი შედეგები გვექნება.
„სამგურალში“ მოსვლამდე ინდივიდუალურად, ფიზიკურად ვემზადებოდი, მაგრამ ფორმაში შესასვლელად აუცილებელია თამაშები. გაცდენილი პერიოდის ასანაზღაურებლად დრო კიდევ მჭირდება. თუმცა, ვფიქრობ რომ უკვე 90 წუთის სათამაშოდ მზად ვარ. „სამტრედიასთან“ მატჩი ბოლომდე ვითამაშე და ეს ძალიან წამადგება. ფეხბურთელისთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მინდორზე 90 წუთი ხშირად თუ არა ზოგჯერ მაინც გაატაროს“, – ამბობს გიორგი ფანცულაია.