ადვოკატებმა საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე მიმდინარე ორი სასამართლო პროცესის ერთ წარმოებად გაერთიანება მოითხოვეს
ადვოკატებმა თბილისის საქალაქო სასამართლოში ვაკის პარკის ტრაგედიის საქმეზე მიმდინარე ორი სასამართლო პროცესის ერთ წარმოებად გაერთიანება მოითხოვეს.
როგორც ლაშა ფურცხვანიძის ადვოკატმა, არჩილ ჩოფიკაშვილმა განაცხადა, ცხრა პირის, მათ შორის ლაშა ფურცხვანიძის სასამართლო განხილვების პარალელურად უკვე ჩაინიშნა სასამართლოში არსებითი განხილვა მეორე საქმეზე, სადაც ბრალდებული მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსი გიგა გიგაშვილია, ასევე ერთი ექსპერტი და სამი იურიდიული პირი, მათ შორის, „გრინსერვისი“.
მისი განმარტებით, ანალოგიური საქმეებია, ერთი და იგივე მუხლები და ბრალდების ფაბულაა, ამ ორი საქმის გაერთიანება მხარეების დროს დაზოგავდა და სწრაფ მართლმსაჯულებას შეუწყობდა ხელს, რადგან მეორე საქმეშიც იგივე ადვოკატები და პროკურორები მონაწილეობენ.
„გამოყოფილ საქმეში, რომლის სასამართლო განხილვები უკვე ჩაინიშნა მოსამართლე გიზო უბილავასთან, „გრინსერვისი“ ბრალდებულია იმაში, რაშიც ლაშა ფურცხვანიძე, ესაა ყალბი დოკუმენტის გამოყენება, ანალოგიური საქმეა, ანალოგიური მუხლებია, იდენტური საქმეებია. ორ მოსამართლეს მოუწევს ფაქტობრივად ერთი და იმავე საქმის განხილვა. სამ ადვოკატს მოგვიწევს ორ სხვადასხვა პროცესში მონაწილეობა, მოხდება, დიდი ალბათობით, კვეთები, ერთი ან მეორე პროცესის გადადება მოგვიწევს, იგივე შეეხება პროკურორებსაც, იქაც იგივე პროკურორები არიან. დუბლირებას რომ არ ჰქონდეს ადგილი და ყველას რესურსი იყოს დაზოგილი, გაერთიანდეს საქმეები“, – განაცხადა არჩილ ჩოფიკაშვილმა.
პროკურორი არჩილ ტყეშელაშვილი ვაკის პარკის ტრაგედიის ორი საქმის სასამართლოში ერთ წარმოებად განხილვას არ დაეთანხმა და აღნიშნა, რომ ეს ცრაპირიან საქმეს, სადაც თვე-ნახევრის განმავლობაში ბევრი მოწმე დაკითხეს და მტკიცებულებები გამოიკვლიეს, უფრო გააჭიანურებს.
„დაცვის მხარე მოწოდებულია პროცესი გააჭიანუროს, შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს. სწრაფი მართლმსაჯულება თავისი დროის დაზოგვად წარმოუდგენია ადვოკატს, ხელახლა უნდა გავიაროთ ის დრო, რა მტკიცებულებებიც აქამდე გამოვიკვლიეთ“ , – განაცხადა არჩილ ტყეშელაშვილმა.
ბრალდებულმა ლაშა ფურცხვანიძემ პროცესის გაჭიანურებაში თავად პროკურატურა დაადანაშაულა.
„როდესაც ლაპარაკია პროცესის გაწელვაზე, გავიხსენებ ხუთთვიან გამოძიებას, როდესაც ციხეში ვისხედით და პროკურატურას თითი თითზე არ აქვს დაკარებული. მე მინდა, გავიგო, რა მოხდა, პროკურატურას უნდა, ვისხდეთ ციხეში. 99 პროცენტი ერთი და იგივე საქმე არ გაერთიანდეს, ლოგიკას ვერ ვხედავ“, – განაცხადა ლაშა ფურცხვანიძემ.
მოსამართლე ლაშა კლდიაშვილმა შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. როგორც მოსამართლემ განმარტა, გაერთიანების შემთხვევაში თვენახევრიანი მუშაობა დაკარგულ დროდ ჩაითვლება.