ადმინისტრაციული დაკავებისა და სასამართლოში წარდგენის ვადა იცვლება.
შესაბამისი ცვლილებები „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ შედის, რომელიც ბიუროს ხვალინდელ სხდომაზე წარედგინება.
კანონპროექტის მომზადება საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირდება. ცვლილებებით განისაზღვრება, რომ ადმინისტრაციული დაკავების დროს, დაკავებული შესაძლებლობისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს 48 საათისა, წარედგინება სასამართლოს.
თუ დაკავებული პირი ამ ვადაში არ წარედგინა სასამართლოს, იგი დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს, სასამართლოში წარდგენამდე დაკავებული პირი უფლებამოსილი ორგანოს მიერ შეიძლება მოთავსდეს დროებითი მოთავსების იზოლატორში.
კანონპროექტის ინიციატორები განმარტავენ, რომ აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილება უზრუნველყოფს პირის დაკავებისა და სასამართლოში წარდგენის ერთნაირი ვადის დადგენას და ამდენად, თანასწორ მოპყრობას საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით განსაზღვრულ პირთა ჯგუფების მიმართ.
ამასთანავე, ინიციატორები აღნიშნავენ, რომ საკანონმდებლო ცვლილება სრულად შეესაბამება კონსტიტუციას, რომლის თანახმად, დაკავებული პირი უნდა წარედგინოს სასამართლოს განსჯადობის მიხედვით არაუგვიანეს 48 საათისა.
პროექტის ინიციატორები არიან დეპუტატები – ანრი ოხანაშვილი, დავით მათიკაშვილი, ალექსანდრე ტაბატაძე, რატი იონათამიშვილი, გიორგი ამილახვარი, ალუდა ღუდუშაური, გურამ მაჭარაშვიი და კახა კახიშვილი.