ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი ადვოკატის მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატები შეიკრიბნენ 
ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობილი ადვოკატის მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატები შეიკრიბნენ 

თბილისის საქალაქო სასამართლოში ადვოკატ შოთა თუთბერიძის მხარდასაჭერად მისი კოლეგები, მათ შორის ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე მივიდნენ.

შოთა თუთბერიძე ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად არის ცნობილი და სამართალდამცველების მიმართ დაუმორჩილებლობას ედავებიან. მისი საქმის განხილვა დღეს უნდა მოხდეს.

როგორც თუთბერიძემ აღნიშნა, ორი თვის წინ, 8 თებერვალს ის პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც ადვოკატის საქმიანობას ეწეოდა, თუმცა ნაცვლად მის საქმიანობაში ჩარევის აღკვეთისა, ის სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად სცნეს.

„რატომ დამაკავეს ამ დრომდე უცნობია და იმედი მაქვს, რომ სასამართლო სხდომაზე მოსამართლე მაინც დაინტერესდება ამით. ცალსახად ცხადია, რომ დაკავება იყო უკანონო, რადგან დამაკავეს ჩემი უფლებამოსილების განხორციელების დროს და როცა ვითხოვდი უბრალოდ უკანონოდ დაკავებულ დაცვის ქვეშ მყოფთან შეხვედრას და კომუნიკაციის საშუალებას. საბოლოო ჯამში ვფიქრობ, ის რომ ორი თვის დაგვიანებით შეაქვს შსს-ს ჩაშლილი მოლაპარაკებების და ვაჭრობის შემდეგ საქმე სასამართლოში მხოლოდ და მხოლოდ იმას ნიშნავს, რომ სისტემამ გადაწყვიტა, გადაეფაროს უსამართლობას, თუმცა ეს მარტივი არ იქნება, რადგან საქმე არ ეხება მხოლოდ ერთი ადამიანის დაკავებას. ვფიქრობ და ჩემი კოლეგების ძირითადი ნაწილი მეთანხმება, რომ საქმე ეხება ადვოკატის უფლებების ფაქტობრივ ჩარჩოში მოქცევას, ისე, რომ მათ ვეღარ მოახერხონ თავიანთი უფლებამოვალეობების შესრულება“,- განაცხადა შოთა თუთბერიძემ.

ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარის, დავით ასათიანის განცხადებით, ერთხელ და სამუდამოდ ყველამ უნდა გაიგოს, რომ ადვოკატებს ქვეყანაში ხელი არავინ უნდა შეუშალოს საქმიანობაში, რაც ხელს შეუწყობს მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელებას.

„ადვოკატის პროფესიულ საქმიანობაში ჩარევა, ხელშეშლა და მისთვის ბარიერის შექმნა, არის კანონშეუსაბამო მოქმედება და ითვალისწინებს შესაბამის პროცედურებს. ჩვენ პატივს ვცემთ კანონს და ყველა სამართლებრივ პროცედურას გავივლით, ყველა ადვოკატს გამოვუცხადებთ მხარდაჭერას“, -განაცხდა დავით ასათიანმა.