ადიგენის საკრებულოს წევრი „ქართული ოცნების“ წევრებს ცემაში ადანაშაულებს
ადიგენის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატი, „ევროპული საქართველოს“ წევრი ზურაბ შაინიძე „ქართული ოცნების“ წევრებს ცემაში ადანაშაულებს.
ზურაბ შაინიძე ყვება, რომ გუშინ სოფელ ზანავისა და გომაროს მიმდებარე ტერიტორიაზე, ფერსის მთაზე შუამთობის დღესასწაული აღინიშნებოდა. ღონისძიების დასრულების შემდეგ კი სტადიონზე ახალგაზრდებს შორის დაწყებული კამათი დაპირისპირებაში გადაიზარდა.
შაინიძე ამბობს, რომ კონფლიქტის დაწყების შემდეგ, სტადიონზე მმართველი პარტიის რამდენიმე ათეული წევრი ხელკეტებითა და ჯოხებით მივიდნენ და მას და მისი შვილის მეგობრებს ფიზიკურად გაუსწორდნენ. მისივე თქმით, დაშავებულებს პირველადი დახმარების აღმოსაჩენად საავადმყოფოში გადაყვანა დასჭირდათ. თავად დეპუტატს თავის არეში აქვს დაზიანებები მიღებული.
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარი დეპუტატი მომხდარს პოლიტიკურ ანგარიშსწორებას უკავშირებს და ამბობს, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან ზეწოლა მასზე და მის ოჯახზე მუდმივად მიმდინარეობს.
„მე, ჩემს სოფლელებთან ერთად, მოშორებით სახლში ვქეიფობდი, როდესაც ხმა შემომესმა – ვიღაცას კლავენ და უშველეთო. წავედით, ვნახეთ, რომ ჩვენი ბიჭები იყვნენ. რომ ვაწყნარებდი, უკნიდან ვიღაც ქალმა ჯოხი თავში ჩამარტყა. როგორც იყო, დავზავდით და ეს ბავშვები აქეთ გამოვიყვანე. ცოტა ხანში კი, როდესაც მანქანას ველოდებოდით, მოგვიახლოვდნენ „ქართული ოცნების“ აქტივისტები ხელკეტებითა და ქვებით შეიარაღებულები. ხელკეტებს ლურსმნები ჰქონდა და თითოს 8-10 კაცი გვირტყამდა. ეს პირველი შემთხვევა არ არის ჩემი და ჩემი ოჯახის მიმართ. ნაცემია რვა ადამიანი ისე, რომ სამედიცინო ჩარევა და ჩემ შვილს კი ოპერაცია დაჭირდა. 2016 წლის არჩევნების შემდეგ, „ოცნების“ მხარდამჭერები პერიოდულად მიმართავენ ასეთ ნაბიჯებს. იმედია, დაუსჯელები არ დარჩებიან“, – ამბობს ზურაბ შაინიძე.
ამ წუთებში ადიგენის პოლიციაში კონფლიქტში მონაწილე პირების გამოკითხვა მიმდინარეობს.
ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტომ გამოძიება საქართველოს სსკ–ის 126–ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ბ ქვეპუნქტით დაიწყო, რაც ჯგუფურად ძალადობას გულისხმობს.