თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის მიღწევის შესახებ პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართება
თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის მიღწევის შესახებ პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართება

ადგილობრივ თვითმმართველობაში გენდერული თანასწორობის მიღწევის შესახებ დღეს პირველი ეროვნული კონფერენცია გაიმართება.

კონფერენციაზე ადგილობრივ დონეზე გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფის ინსტიტუციური მექანიზმების გაძლიერების საკითხებში საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების ერთობლივი სტრატეგია განიხილება.

სასტუმრო „ჰუალინგ თბილისში“ დაგეგმილ ღონისძიებაში მონაწილეობას საქართველოს სახელმწიფო და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები მიიღებენ.

კონფერენციას საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი და გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარე თამარ ჩუგოშვილი, თბილისის მერი და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (NALAG) პრეზიდენტი კახა კალაძე და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი გახსნიან. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით ასევე პრემიერ-მინისტრის თანაშემწე ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და მთავრობის ადმინისტრაციაში გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი კომისიის თავმჯდომარე სოფიო ჯაფარიძე, NDI-ის საქართველოს ოფისის დირექტორი ლორა თორნტონი და საქართველოში გაერო-ს პროგრამის (UNDP) ხელმძღვანელის მოადგილე მუნხტუია ალთანგერელი მიმართავენ.

„ჩვენი კანონმდებლობით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებს, კერძოდ საკრებულოებს აქვთ ვალდებულება, შექმნან ერთეულები, რომლებმაც უნდა იზრუნოს ქალთა უფლებებზე. გენდერული თანასწორობის საბჭოები ცენტრალურ დონეზე ჩვენ გვაქვს საქართველოს პარლამენტში. ეს გარკვეულწილად თვითმმართველობის უმრავლესობაში ახალი ერთეულებია და შესაბამისად, ახლა დგამენ ისინი პირველ ნაბიჯებს და დღევანდელი შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია, რომ ჩვენი გამოცდილება გავუზიაროთ. ვინაიდან ადგილობრივ თვითმმართველობებს ბევრად უფრო პირდაპირი შეხება აქვს მოსახლეობასთან, მათ შორის ქალებთან, ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ მათ იცოდნენ, როგორ ვაკეთებთ ამ ყველაფერს და შესაბამისად, მათ საქმიანობაში შეიძლება იყოს ისეთი, რაც ეფექტური იქნება და დაეხმარება მოსახლეობის ამ ნაწილს თავისი ინტერესების დაცვაში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, თამარ ჩუგოშვილმა.

კონფერენციის მუშაობაში საქართველოს ყველა თვითმმართველი ქალაქისა და მუნიციპალიტეტის მერები, ადგილობრივი საკრებულოების თავმჯდომარეები, გენდერული თანასწორობის მუნიციპალური საბჭოების თავმჯდომარეები და გენდერული თანასწორობის საკითხებში ადგილობრივი საკონტაქტო პირები ჩაერთვებიან.

კონფერენციის ორგანიზატორი პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭო და ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციაა. ღონისძიება NDI-სა და გაერო-ს განვითარების პროგრამის (UNDP) ხელშეწყობით იმართება.