„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ საკანონმდებლო გარემოს შესახებ კვლევას წარადგენს
„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ საკანონმდებლო გარემოს შესახებ კვლევას წარადგენს

„ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ (EMC) ქვეყანაში არსებული საკანონმდებლო გარემოს შესახებ კვლევას წარადგენს.

როგორც EMC-ში აცხადებენ, კვლევის მიხედვით, ძირითადი პრობლემა ის არის, რომ პროკურორები გამოძიების პროცესში გამომძიებლის კომპეტენციაში ერევიან, რაც დაუშვებელია.

კვლევის ავტორთა აზრით, აუცილებელია, მკვეთრად გაიმიჯნოს გამომძიებლისა და პროკურორის უფლება-მოვალეობები.

გარდა ამისა, კვლევაში საუბარია შინაგან საქმეთა სამინისტროში არაკვალიფიციურ კადრების არსებობაზე, რაც უარყოფითად აისახება სისტემის მუშაობაზე.

„კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ გამოძიების პროცესში გამომძიებლებს არ აქვთ საკმარისი დამოუკიდებლობის ხარისხი და გამოძიების პროცესი მიმდინარეობს პროკურორის ხელმძღვანელობით, რაც ეჭვქვეშ აყენებს გამოძიების ობიექტურობას.

ჩვენ ვიცით, რომ პროკურორი არის მხარე სისხლის სამართლის პროცესში. ამავდროულად, კვლევაში გამოიკვეთა რიგი სისტემური ხარვეზები საგამოძიებო უწყებებში, კერძოდ, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში გამომძიებლების კვალიფიკაციის კუთხით არის სერიოზული პრობლემები, რაც იწვევს გამოძიების ხარისხის ჩავარდნას. ქართული კანონმდებლობა ინსტიტუციურად ვერ აწესრიგებს გამოძიების პროცესს, რადგან სისხლის სამართლის კოდექსსა და სხვა კანონებს შორის არის წინააღმდეგობა, რაც ხელს უწყობს ისეთი პრაქტიკის არსებობას, როგორიც არის წინა საგამოძიებო მოკვლევის ეტაპი, რომელიც ჩვენს ქვეყანაში გაუქმებულია,  მაგრამ პრაქტიკაში ეს მექანიზმი მაინც არსებობს.

საბოლოო ჯამში, შეიძლება ითქვას, რომ გამოძიების კუთხით დარღვეულია სუბორდინაცია გამომძიებლებსა და პროკურორებს შორის“, – განაცხადა EMC-ის მართლმსაჯულებისა და დემოკრატიის პროექტების კოორდინატორმა გურამ იმნაძემ.