აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს პოტენციალის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართება
აბრეშუმის გზის ინიციატივის ფარგლებში, საქართველოს პოტენციალის შესახებ კვლევის პრეზენტაცია გაიმართება

რა სფეროები უნდა განვითარდეს ქვეყანაში, რომ გაიზარდოს საქართველოს ჩართულობა აბრეშუმის გზის ინიციატივის (Belt and Road Initiative) განხორციელების პროცესში, – აღნიშნულთან დაკავშირებით, „პი ემ სი კვლევითი ცენტრი“ კვლევის შედეგების პრეზენტაციას დღეს, 10:30 საათზე სასტუმრო „რუმსში“ გამართავს. ღონისძიებას მთავრობის, საელჩოების, არასამთავრობო ორგანიზაციების, საერთაშორისო განვითარების ინსტიტუტებისა და კერძო კომპანიების წარმომადგენლები დაესწრებიან.

კვლევის შედეგების პრეზენტაციასთან ერთად გაიმართება საჯარო დისკუსია თემაზე: „საქართველო, როგორც ტრანზიტული ჰაბი და მისი გაზრდილი პოტენციალი აბრეშუმის გზის ინიციატივის განხორციელების პროცესში”. პრეზენტაციის ფარგლებში მოხდება იმ საკითხების გამოკვეთა, რომლებიც საქართველოს მისცემს შესაძლებლობას უფრო მიმზიდველი გახდეს აღნიშნული ინიციატივის ფარგლებში.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, კვლევის მიზანი იყო გამოკვეთოს საქართველოს პოტენციალი აბრეშუმის გზის ინიციატივის განხორციელების პროცესში. ასევე აუცილებელი ნაბიჯები, რომლებიც საქართველომ უნდა გადადგას ქვეყნის მიმართ ინტერესის გაძლიერებისთვის.

კვლევის ავტორებს მიაჩნიათ, რომ საქართველოს აქვს პოტენციალი ჩინეთს შესთავაზოს ევროპასთან უფრო ეფექტურად ვაჭრობის პლატფორმა. აბრეშუმის გზის ინიციატივა კი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა შეასრულოს ტრანზიტული ჰაბის როლი ჩინეთსა და ევროპას შორის.

აღნიშნული კვლევა პროექტის „საჯარო პოლიტიკის განხილვისა და დიალოგის პლატფორმის“ ფარგლებში ჩატარდა.