ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სოციალური მუშაკების საკთხზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმენენ
ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტზე სოციალური მუშაკების საკთხზე ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმენენ

ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის საზედამხედველო საქმიანობის ფარგლებში, დღეს ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებს მოუსმენენ.

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარის სოფო კილაძის განცხადებით, კომიტეტის სხდომაზე დაინტერესდება, სოციალური მუშაკების მიმართ ამ ეტაპზე რა გეგმები და შეთავაზებები აქვს ჯანდაცვის სამინისტროს.

ადამიანის უფლებათა კომიტეტმა სოციალური მუშაობის შესახებ ახალი პროექტი მიიღო, რომლის მიხედვითაც, სოციალური მუშაკების პროფესია გაძლიერდება. როგორც კომიტეტის თავმჯდომარე აცხადებს, აღნიშნული კანონპროექტი ძალაში 2020 წლიდან შევა, რომელშიც ასახულია ყველა ის წინაპირობა, რომელსაც სოციალურ მუშაკები ითხოვენ.

„ჩვენ მივიღეთ სოციალური მუშაობის შესახებ ახალი პროექტი, რომელიც მნიშვნელოვნად აძლიერებს სოციალური მუშაკის პროფესიას. ყველა ის გარანტიები, რომელსაც ითხოვენ სოციალური მუშაკები გაფიცვის ფარგლებში, არის მოცემული ამ კანონში. უბრალოდ, რადგან სახელმწიფოს არ ჰქონდა შესაბამისი სახსრები 2019 წელს, გადავწყვიტეთ, რომ 2019 წელი დაგვეტოვებინა მოსამზადებლად. რაც შეეხება ხელფასების ზრდას, სოციალური მუშაკების დამატებას, სოციალურ გარანტიებსა და სხვას, ამას მომავალი წლიდან დავიწყებთ.

ამ მოსმენის ფარგლებში განვახორციელებთ ზედამხედველობას, როგორ ემზადებიან კონკრეტული სამინისტროები, მათ შორის ადგილობრივი თვითმმართველობები ამ სოციალური მუშაობის შესახებ კანონის აღსრულებისთვის“,-განაცხადა სოფო კილაძემ.

25 მარტიდან 250 სოციალური მუშაკიდან 180 გაიფიცა. გაფიცვის პარალელურად, ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში ისინი საპროტესტო აქციებსაც მართავენ. სოცმუშაკების ძირითადი მოთხოვნები ხელფასის 30 %-ით გაზრდა და ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურებაა, ასევე ისინი კადრების დამატებასა და საქმეთა რაოდენობის განახევრებას ითხოვენ. მოთხოვნებს შორისაა ტრანსპორტირების პრობლემის მოგვარება და ყველა რეგიონისათვის მინიმუმ ერთი ფსიქოლოგის გამოყოფა.