ადამიანის ემბრიონში უძველესი რეპტილიების ხელის კუნთების გადმონაშთები აღმოაჩინეს
მაშინ, როცა ადამიანის ემბრიონი ჯერ მხოლოდ ფრჩხილისოდენაა, კიდურების ადგილზე განვითარებული ფარფლები უფრო უძველეს რეპტილიათა თათებს ჰგავს, ვიდრე ადამიანის ხელებს.
სპეციალური იმუნოშეღებვის მეთოდით, ვაშინგტონის ჰოვარდის უნივერსიტეტისა და პარიზის სორბონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა აღმოაჩინეს ადამიანის ახალი ატავიზმი — ანატომიური გადმონაშთი, რომელიც ევოლუციამ ბოლომდე ვერ გააქრო. ატავიზმები გვეხმარება გავიგოთ, როგორ განვითარდა ჩვენი სხეული.
ჰოვარდის უნივერსიტეტის ევოლუციური ბიოლოგის, რუი დიოგოს განცხადებით, ამჟამად უფრო კარგად გვაქვს შესწავლილი თევზების, ბაყაყების, ქათმებისა და თაგვების ადრეული განვითარება, ვიდრე საკუთარი, მაგრამ ახალი მეთოდის წყალობით, ახლა უკვე შეგვიძლია ადამიანის ადრეული განვითარების დეტალური კვლევა.
კიდურების კუნთები, რომლებიც ჩვენს ძუძუმწოვარ წინაპრებს 250 მილიონი წლის წინ გაუქრათ, ბოლომდე არსად წასულა. უმეტეს ჩვენგანში ეს კუნთები ჩვენს დაბადებამდე ბევრად ადრე ქრება, მაგრამ ამ რეპტილიური გადმონაშთების ხილვა მაინც შესაძლებელია ზოგიერთ ადამიანში.
ახალი კვლევის ფარგლებში, ათზე მეტი ემბრიონისა და ადრეული ჩანასახის დეტალური 3D სკანირებისას რამდენიმე კვირის განმავლობაში, 7 კვირის ემბრიონების ფეხებსა და ხელებში მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა ციცქნა კუნთები, რომლებიც უკვე აღარ ფიქსირდებოდა მე-13 კვირაში.
მართალია, ადამიანის ემბრიონში ქსოვილების გაჩენა-გაქრობას მეცნიერები აქამდეც დეტალურად აკვირდებოდნენ, მაგრამ კიდურების კუნთების შესახებ კვლევათა უმეტესობა ფოკუსირებული იყო უფრო ადრეულ კვირებზე; შესაბამისად, დაკვირვების მიღმა რჩებოდა მნიშვნელოვანი ცვლილებები.
როგორც მკვლევრებმა დაადგინეს, ემბრიონის ხელებისა და ფეხების კუნთების დაახლოებით მესამედი რამდენიმე დღეში უბრალოდ ქრებოდა ან მეზობელ კუნთებს ერწყმოდა.
ჩვენს სიცოცხლეში ზოგიერთი მათგანის საერთოდ არსებობაც კი ძალზედ საოცარი ფაქტია. მიჩნეულია, რომ კუნთები, რომლებსაც დორსომეტაკარპალებს უწოდებენ, ადამიანის ძუძუმწოვარ წინაპრებში ევოლუციამ 250 მილიონი წლის წინ გააქრო.
ახალი კვლევა ასევე ეჭვქვეშ აყენებს იმ მოსაზრებას, რომ ქვედა კიდურები ასე თუ ისე არის ზედა კიდურების ასლი.
ზრდასრულ ადამიანებში სხეულის ამ ორ ნაწილს მსგავსი სტრუქტურა აქვს, რაც გვაფიქრებინებს, რომ ისინი უბრალოდ ერთმანეთის ასლია, ძირითადი კუნთების განვითარების მიმდევრობა მიუთითებს, რომ ზედა და ქვედა კიდურები ერთმანეთის მსგავს ფორმებს დროთა განმავლობაში იღებენ.
ევოლუცია მართლაც სასაცილო რამეა. ადამიანებს ხშირად მიგვაჩნია, რომ მას რაღაც დიდი გეგმა აქვს, მაგრამ ბიოლოგია არის პროცესი, რომელშიც შემთხვევითი ცვლილებები სტრუქტურებს ფორმას უცვლის, რათა ის ახალ ფუნქციებს მოერგოს.
ევოლუციური ბიოლოგები ცდილობენ შეისწავლონ ასეთ ცვლილებათა პროცესი, რისთვისაც ხშირად მიმართავენ თანამედროვე ორგანიზმთა ანატომიური სტრუქტურების შედარებას.
ჩვენი განვითარების ადრეულ ეტაპში უძველესი კუნთების სუსტი კვალის პოვნა გადამწყვეტ დეტალებს ჰმატებს ჩვენს ევოლუციურ ამბავს.
როგორც დიოგო განმარტავს, ორგანიზმთა შეგუება არ არის უბრალოდ ძველი გეგმაზე უარის თქმის პროცესი ახლის სასარგებლოდ.
მკვლევრები შენიშნავენ, რომ გარკვეული ქრომოსომული აშლილობის მქონე ადამიანებში ეს კუნთები არ ქრება, რისი მიზეზიც თანდაყოლილი არასწორი განვითარება უნდა იყოს.
დიოგოს თქმით, ეს აძლიერებს მოსაზრებას, რომ კუნთების სახესხვაობები და პათოლოგიები შეიძლება დაკავშირებული იყოს დაგვიანებულ ან შეჩერებულ ემბრიონულ განვითარებასთან, ამ შემთხვევაში, კუნთების აპოპტოზის (უჯრედის სიკვდილი) შენელება. ეს კი კარგად ხსნის, რატომ გვხვდება ეს კუნთები ზოგიერთ ზრდასრულ ადამიანში.
მსგავსი ტექნოლოგიის გამოყენებამ ადამიანის განვითარების სხვა ეტაპებზე, შეიძლება, კიდევ გამოავლინოს ჩვენი სხეულის ისეთი სტრუქტურები, რომლებიც აქამდე გამქრალად მიგვაჩნდა.
კვლევა ჟურნალ Development-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.