ძვალი, რომელიც ევოლუციამ გააქრო, თანამედროვე ადამიანებში კვლავ ბრუნდება
ძვალი, რომელიც ევოლუციამ გააქრო, თანამედროვე ადამიანებში კვლავ ბრუნდება

ძვალი, რომელიც მიიჩნეოდა, რომ ევოლუციამ თითქმის მთლიანად გააქრო და თანამედროვე ადამიანებში უიშვიათესად გვხვდებოდა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, კვლავ დაბრუნდა.

მუხლის ამ ძვალს ფაბელას უწოდებენ და ადამიანებში ერთ დროს საკმაოდ იშვიათი იყო. თუმცა ირკვევა, რომ ახლა ის სამჯერ მეტ ადამიანს აქვს მუხლში, ვიდრე ასი წლის წინ.

აღნიშნული დასკვნა ლონდონის საიმპერატორო კოლეჯის მეცნიერთა მიერ ჩატარებულ ანალიზებს ეფუძნება, რომელიც აერთიანებს 21 676 მუხლის კვლევას. მონაცემები 1875 წლიდან დღემდე 27 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულ 58 კვლევას ეყრდნობა.

ყველაზე ადრეული კვლევა, რომელსაც ჯგუფმა მიაგნო, 1875 წელს არის ჩატარებული. როგორც მისი შედეგები მიუთითებს, ფაბელა ჰქონდა შესწავლილ ადამიანთა 17,1 პროცენტს.

ამის შემდეგ, ჯგუფმა შეისწავლა უფრო მეტი მონაცემი და შექმნა მოდელი მსოფლიო მოსახლეობისთვის. შედეგად გაირკვა, რომ 1918 წლისთვის, ფაბელა ადამიანთა მხოლოდ 11,2 პროცენტს ჰქონდა, 2018 წელს კი 39 პროცენტს; ანუ, მაჩვენებელი 3,5-ჯერ არის გაზრდილი.

საინტერესოა, რა ხდება? ფაბელა სესამოიდური ძვალია, რაც იმას ნიშნავს, რომ ის კუნთის მყესში იზრდება, მუხლისთავის მსგავსად.

მკვლევართა ჯგუფის წევრის, მაიკლ ბერთომის განცხადებით, უცნობია, რა არის ფაბელას ფუნქცია და ამ საკითხით არც არავინ დაინტერესებულა არასდროს.

მისი თქმით, ფაბელა შესაძლოა, სხვა სესამოიდური ძვლებივით იქცევა და ამცირებს ხახუნს მყესებს შორის, მიმართულებას უცვლის კუნთის ძალებს, ანდაც, მუხლისთავის მსგავსად, ზრდის კუნთის მექანიკურ ძალას. არ არის გამორიცხული, ის საერთოდაც უფუნქციო იყოს.

ცნობილია, რომ ფაბელა დაკავშირებულია მუხლის ტკივილთან და ართრიტთან, მაგრამ არ არის მათი გამომწვევი აუცილებელი მიზეზი.

არსებობს იმის მტკიცებულებაც, რომ ფაბელა უფრო გავრცელებულია სხვა ძუძუმწოვრებში, მაგალითად, მაიმუნთა ზოგიერთ სახეობაში, რის გამოც ჩნდება კითხვა, რატომ გადაწყვიტა ევოლუციამ, რომ ადამიანებს ეს ძვალი არ სჭირდებათ.

უმეტესი ჩვენგანი ფაბელას გარეშე თავს ძალიან კარგად გრძნობს და მეცნიერები დარწმუნებული არ არიან, რას შეიძლება გამოეწვია ადამიანის ორგანიზმში მისი ხელახლა დაბრუნების საჭიროება.

ერთ-ერთი ჰიპოთეზის მიხედვით, ეს კავშირშია უკეთესი კვების დონის ზრდა. ეს მსოფლიო ტენდენცია დროში კარგად ემთხვევა ფაბელას დაბრუნებას.

მაიკლ ბერთომის განცხადებით, საშუალო ადამიანი დღეს უკეთესად იკვებება, რაც იმას ნიშნავს, რომ ჩვენ უფრო მაღლები და მძიმეეები ვართ. ამას კი მოჰყვება უფრო გრძელი წვივის ძვლები და წვივის ფართო კუნთები — ცვლილებები, რომლებიც მუხლებზე დაწოლას ზრდის. მისი აზრით, სწორედ ამან შეიძლება ახსნას, რომ ადამიანებში ფაბელას ძვალი ახლა უფრო გავრცელებული გახდა, ვიდრე ერთ დროს იყო.

ცნობილია, რომ სესამოიდური ძვლები მით უფრო იზრდება, რაც მეტი ძალა აწვებათ, რადგან უწევთ უფრო მეტი მუშაობა. თუმცა მეორე მხრივ, ფაბელა ერთადერთია ამ ძვლებს შორის, რომელიც კვლავ გავრცელებული გახდა.

კიდევ ერთ-ერთი ვარიანტის მიხედვით, არაფერი შეცვლილა და უბრალოდ, ახლა ფაბელას ძვლის დაფიქსირების უკეთესი საშუალებები გვაქვს.

მართლაც, თანამედროვე მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფია გაცილებით ეფექტიანია, ვიდრე ძველი რენტგენული მეთოდი.

ზუსტი პასუხისთვის საჭიროა მეტი მონაცემები და შესაბამისად, ჯგუფი შედეგების დამუშავებას ამჯერად იწყებს ასაკის, გენდერის, ადგილისა და სხვა ცვლადების მიხედვით.

ამ ეტაპზე, უბრალოდ არ ვიცით, რა ფუნქცია აქვს ფაბელას ან რაში გვჭირდება ის; ვიცით მხოლოდ ის, რომ ეს ძვალი ადამიანებში კვლავ დაბრუნდა.

მაიკლ ბერთომის თქმით, ფაბელა არის ძვალი, რომელსაც აშკარა ფუნქცია არ აქვს და ზოგიერთ ადამიანში იწვევს ტკივილსა და დისკომფორტს, რის გამოც, ხშირად საჭირო ხდება მისი ამოჭრაც კი.

„ალბათ მალე, ფაბელა ცნობილი გახდება, როგორც ჩონჩხის აპენდიქსი“, — აღნიშნავს ბერთომი.

კვლევა Journal of Anatomy-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია imperial.ac.uk-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.