ადამიანები, რომლებსაც Facebook-ზე ბევრი მეგობარი ჰყავთ, მატერიალისტები არიან - ახალი კვლევა
თუ თქვენ სოციალურ მედიაში ბევრი მეგობარი არ გყავთ, შეიძლება იმას ნიშნავდეს, რომ ყოველდღიურ ცხოვრებაში, უბრალოდ, ოდნავ ნაკლებად ხართ დაინტერესებული მატერიალური ქონებით.
ახალი კვლევის მიხედვით, მატერიალისტ ადამიანებს Facebook-ზე უფრო მეტი მეგობარი ჰყავთ, ვიდრე არამატერიალისტებს — ისინი მათ ისე აგროვებენ, თითქოს ფიზიკური ობიექტები იყვნენ. გარდა ამისა, ისინი უფრო მეტ დროს ხარჯავენ Facebook-ზე, ვიდრე არამატერიალისტები და დიდი ალბათობით, სოციალურ ქსელებში თავიანთ ცხოვრებას ისინი სხვებისას ადარებენ.
კვლევის ავტორმებმა, ბოხუმის რურის უნივერსიტეტის მკვლევარ ფილიპ ოზიმეკის ხელმძღვანელობით, შექმნეს ახალი თეორია, რათა აეხსნა, თუ რატომ ხდება ასე. მას სოციალური ონლაინ-თვითრეგულაციის თეორია უწოდეს.
„მატერიალისტი ადამიანები Facebook-ს უფრო ხშირად იყენებს, რადგან ისინი მიდრეკილნი არიან „გაანივთონ“ Facebook-მეგობრები, რომლებსაც იმატებენ იმიტომ, რათა გაზარდონ თავიანთი საკუთრება“, — ამბობს ოზიმეკი.
„მილიონობით პროფილისა და ადამიანების შესახებ ინფორმაციით, Facebook-ი წარმოადგენს ბრწყინვალე პლატფორმას სოციალური შედარებებისათვის. და ეს უფასოა —მატერიალისტებს უყვართ ხელსაწყოები, რომლებშიც ფულს არ იხდიან!“.
ავტორებმა კვლევა განახორციელეს Facebook-ის 531 მომხმარებელზე დაყრდნობით, რომლებიც ორ ჯგუფად დაყვეს. 242 მომხმარებლისგან შემდგარი პირველი ჯგუფი საპილოტე კვლევაში მონაწილეობდა; მეორე კი განკუთვნილი იყო პირველი ჯგუფის შედეგების გამეორებისთვის.
ორივე ჯგუფს მისცეს ლაიკერტის შკალის კითხვარი, რათა განესაზღვრათ, თუ როგორ იყენებენ ისინი Facebook-ს, რამდენად ადარებენ საკუთარ თავებს სხვებს, გაეგოთ მატერიალიზმის დონე, რამდენად ფიქრობენ Facebook-მეგობრებზე, როგორც ნივთებზე და რამდენი სტატუსისა და სხვა სარგებლის მიღება შეუძლიათ თავიანთ Facebook-მეგობრებისგან.
ანკეტაში იყო მოცემულობები, რომლებსაც მონაწილეები ან უნდა დათანხმებულიყვნენ, ან არა; მაგალითად, „აღფრთოვანებული ვარ ადამიანებით, რომლებიც ფლობენ ძვირადღირებულ სახლებს, მანქანებსა და ტანსაცმელს“, „ხშირად ვადარებ, რამდენად სოციალურად ვიქცევი“, და „Facebook-ზე ბევრი მეგობრის ყოლა მეხმარება უფრო მეტ წარმატებაში პირად და პროფესიულ ცხოვრებაში“.
მათ ასევე ჰკითხეს, დაესახელებინათ თავიანთ Facebook-მეგობრების რაოდენობა.
როგორც საპილოტე, ისე განმეორებით ჯგუფში, მკვლევართა ჯგუფმა აღმოაჩინა კორელაცია Facebook-მეგობრების მაღალ ოდენობას, ამ მეგობართა „განივთებას“, Facebook-ზე დროის ხარჯვას, საკუთარი თავის სხვებისთვის შედარების მიდრეკილებასა და მატერიალიზმს შორის.
2014 წლის კიდევ ერთმა კვლევამ კი დაადგინა, რომ მატერიალისტი ადამიანები უფრო მეტად იწონებენ ბრენდულ გვერდებს და დაასკვნეს, რომ ბრენდების ყველაზე დიდი თაყვანისმცემელნი უფრო მეტად მატერიალისტები იყვნენ; ბრენდების Facebook-გვერდებთან ურთიერთქმედება კი ნაწილობრივ სწორედ ამის წარმოჩენა იყო.
მეგობრები იგივე არაა, რაც ბრენდები, მაგრამ ზოგადი სურათი შეიძლება მაინც იგივე იყოს. 1994 წლის ერთ-ერთი კვლევა შენიშნავს, რომ მატერიალიზმი ძლიერ დაკავშირებულია ისეთ რამეებთან, რომელთა საჯაროდ წარმოჩენაც შესაძლებელია.
მკვლევრები ფრთხილად შენიშნავენ, რომ არაფერია არსებითად არასწორი ან ცუდი იმაში, თუ რა გზით იყენებენ მატერიალისტი ადამიანები სოციალურ ქსელებს. მათი თქმით, ეს უბრალოდ ისაა, თუ როგორ აღწევს ზოგიერთი ადამიანი საკუთარ მიზნებს ან როგორ ერთობა.
„სოციალური მედია-პლატფორმები არ განსხვავდება ცხოვრების სხვა აქტივობებისგან — ისინი ფუნქციონალური ხელსაწყოებია იმ ადამიანთათვის, რომლებსაც ცხოვრებაში მიზნების მიღწევა სურთ; უბრალოდ, ზოგიერთს მათზე ან საზოგადოებაზე შესაძლოა ნეგატიური შედეგები ჰქონდეს“, — ამბობს ოზიმეკი.
„ვინმემ შეიძლება იკითხოს, Facebook-ის მოხმარება ნამდვილად ბედნიერებას გვანიჭებს თუ ეს უფრო ილუზიაა — ასეთი კითხვა უკვე სამომავლო კვლევის საფუძველია“, — აღნიშნულია დოკუმენტში.
ამ თემის ერთ-ერთი წინა კვლევის მიხედვით, საკუთარი თავის სხვებისთვის შედარებამ სოციალურ ქსელებში, შეიძლება თავი საცოდავად გაგრძნობინოთ, მაგრამ ეს ასევე დამოკიდებულია იმაზე, თუ ვინ გყავთ მეგობრებში და იმ მიზეზზე, თუ რის გამოც გადაწყვიტეთ ონლაინ-ყოფნა.
კვლევა ჟურნალ Heliyon-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია elsevier.com-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით