"ადამი და ევა" იყიდება - პირველი ქართული კინოსტუდია
"ადამი და ევა" იყიდება - პირველი ქართული კინოსტუდია

შენობა, რომელიც წლების განმავლობაში თავს “ადამი და ევას” წარწერით გვამახსოვრებდა, იყიდება. ეს კინოსტუდია “ქართული ფილმის” მთავარი და ყველაზე დიდი პავილიონი​ იყო, რომელიც ახლა GRDC ჯგუფის მფლობელობაში არსებულ კულტურის ცენტრს „ადამი და ევა 92“ ეკუთვნის.

ქართული კინოს ისტორიაზე საუბარი ამ პავილიონის გარეშე წარმოუდგენელია. ქართული კინემატოგრაფიის ისტორიაში შესული ფილმები სწორედ ამ შენობაშია გადაღებული. პავილიონი 1927-30 წლებში არქიტექტორ მიხეილ ბუზოღლი​ს დაგეგმარებით აშენდა.

შენობა კონსტრუქტივიზმის ერთ-ერთ მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს, რომელმაც ქართული ავანგარდული არქიტექტურის​ განსხვავებული სახე შექმნა.

კინო საქართველოში ხელოვნების ერთ-ერთ მოწინავე დარგად ითვლებოდა, რასაც შესაბამისი ინფრასტრუქტურის არსებობაც უწყობდა ხელს. დღეს კი  პირველი კინოპავილიონი იყიდება, კინოსტუდია კი, ფაქტობრივად, აღარ არსებობს.

კონოსტუდიაზე, ქართულ კინემატოგრაფიაზე, პავიოლონსა და მის ისტორიაზე, თბილისის საერთაშორისო კინოფესტივალის ხელმძღვანელი და ქართული ფილმის განვითარების ფონდის გამგეობის წევრი​, გაგა ჩხეიძე გვესაუბრება. ​​

გაგა ჩხეიძე: ​გასაბჭოების მერე საქართველოში ძალიან ინტენსიურად  ვითარდებოდა ხელოვნების ყველა დარგი. ამ პერიოდში განსაკუთრებული ყურადღება კინოს ექცეოდა. თავიდან თუ უხმო კინო გვქონდა, შემდეგ უკვე გახმოვანებულ ფილმებზე გადავედით. ეს იყო ქართული კინოს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც  20-30-იან წლებში კინოსტუდიის მშენებლობით დაგვირგვინდა.

​- როგორია კინოსტუდიის ისტორია და პირველი ნაბიჯები?

– გადმოცემით ვიცით, რომ ქართული ფილმების გაქირავებით შემოსული თანხებით აიგო კინოსტუდია. ის ათწლეულების განმავლობაში მუშაობდა და ფაქტობრივად, ყველა მნიშვნელოვანი ქართული ფილმი იქ არის გადაღებული. მახსოვს ბავშვობაში მიხეილ ჭიაურელის კომედიის “რაც გინახავს, ვეღარ ნახავ” გადაღებას დავესწარი. ამ ფილმის გადაღების პროცესმა ჩემზე იმდენად დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, რომ მას შემდეგ კინოთი მოვიწამლე და ეს მთელი ცხოვრება გაგრძელდა. ყველა, ვისაც ძველ კინოსტუდიაში უმუშავია, მის მიმართ რაღაც გამორჩეული დამოკიდებულება აქვს.  ეს იყო უნიკალური ნაგებობა, მხოლოდ შენობა არ იყო, მას ფუნქციურად დიდი დატვირთვა ჰქონდა. ის საწარმო იყო, რომელსაც ძალიან კარგმა არქიტექტორმა მიხეილ ბუზოღლიმ გენიალური ფორმა მიანიჭა. სცადა, რომ მასში გააერთიანებინა ეროვნული და იმდროინდელი თანამედროვე არქიტექტორის ელემენტები.

​- რა მნიშვნელობისა და ფუნქციის იყო იმ პერიოდში კინოსტუდია და პირველი პავილიონი?

– ​ეს იყო უნიკალური, გამორჩეული და მასშტაბური შენობა. მაშინ საბჭოთა კავშირში არ არსებობდა ასეთი სიდიდის სტუდია, პავილიონი. ამ სტუდიამ ქართულ ფილმს მისცა საშუალება, ისე განვითარებულიყო, როგორც განვითარდა. ქართული ფილმი კი ყოველთვის საინტერესო იყო, გვყავდნენ ნიჭიერი ადამიანები: რეჟისორები, მხატვრები, ოპერატორები, მუსიკოსები და ა.შ. მე-20 საუკუნეში კინო ხელოვნების ერთ-ერთი ძირითადი წამყვანი დარგი იყო. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ კინოისტორიასა და მემკვიდრეობაზე, არ შეიძლება ისეთი მნიშვნელოვანი ძეგლის უგულებელყოფა, როგორიც ძველი კინოსტუდიის პავილიონია. ეს არის კულტურული ძეგლი, ბევრს მიაჩნია, რომ მახინჯი შენობაა, თუმცა მე ასე არ ვთვლი. ნებისმიერი კუთხით, ეს შენობა უდავოდ საინტერესოა და დომინირებს იმ ტერიტორიაზე, რომელიც ირგვლივ აკრავს. მისი დანგრევა ან გადაკეთება არ შეიძლება, ეს კანონმდებლობით არის აკრძალული. თუმცა მეორე მხარეს ინვესტორი დგას და ხშირად აღმოვჩნდებით ხოლმე ფაქტის წინაშე – ძეგლს სტატუსს ხსნიან, ის ინგრევა და მის ადგილას რაღაც სხვა აღმოცენდება, ძირითადად, კომერციული სტრუქტურა.

კინოსტუდია/პავილიონი – ადრე/ახლა


– ​თუმცა, როგორც ვიცით, დადგა პერიოდი, როდესაც სტუდიამ თავისი ფუნქცია დაკარგა…

– ​​გარკვეული პერიოდის შემდეგ, სტუდიამ ნაწილობრივ დაკარგა ფუნქცია, რადგან ის გათვლილი იყო უხმო ფილმების გადაღებაზე. გარედან შემომავალი ხმების გამო, სტუდიაში ხმის ჩაწერა შეუძლებელია. მართალია, ახლა ამ სტუდიის გამოყენება დიდ სტუდიად შეუძლებელია, თუმცა ბოლო წლებში, სანამ მისი პრივატიზაცია მოხდებოდა, რამდენჯერმე გამოიყენეს.

– 90-იანი წლების დასაწყისიდან, ქართული კინოს განვითარების ახალი პერიოდი დაიწყო, ამ დროს რა ფუნქციური დატვირთვა მიიღო კინოსტუდიამ და პავილიონმა?

– 90-იანი წლების დასაწყისში, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, კინოში ახალი თაობა მოვიდა. კინოსტუდიის იმჟამინდელი ხელმძღვანელი რეზო ჩხეიძე იყო. ის ძალიან ეხმარებოდა ახალგაზრდებს. სწორედ მათ დაარწმუნეს, რომ საჭირო იყო გარკვეული სახელოსნოს ტიპის სტუდიის ჩამოყალიბება, სადაც ახალგაზრდა რეჟისორები (ნანა ჯორჯაძე, თემურ ბაბლუანი, ბუბა ხოტივარი, ირაკლი კვირიკაძე) ფილმებს გადაიღებდნენ. ასე რომ, დაარსდა კულტურის ცენტრი შპს “ადამი და ევა”, ასევე, სტუდია იმავე სახელწოდებით.

ამ ორგანიზააციის დაარსებაში კინოსტუდიამაც მიიღო მონაწილეობა, ის თავისი წილობრივი მონაწილეობით შევიდა და მისი წილი სწორედ პავილიონით განისაზღვრა. მაშინ პავილიონი შეფასებული იყო 50 მილიონ მანეთად. ეს მოხდა 1992 წელს. მაშინ თავისი შენატანი, 100 000 მანეთის სახით, კინოსტუდიამ “ადამი და ევამ” შეიტანა, ასევე, ორმა ფიზიკურმა პირმა, თემურ ბაბლუანმა და ბუბა ხოტივარმა.

გაგა ჩხეიძე

 

1995 წელს, კინოსტუდია “ქართული ფილმი” გადაკეთდა სააქციო საზოგადოებად, რომელსაც ძველი კინოსტუდიის მთელი ტერიტორია და შენობები ეკუთვნოდა, მათ შორის, დიღომში არსებული ახალი კინოსტუდია. დიღომში კინოსტუდიის ცენტრი და ადმინისტრაციის ოფისი მდებარეობდა. სააქციო საზოგადოებას ასევე ეკუთვნოდა საქართველოში არსებული ყველა კინოთეატრი, კინოგაქირავების ბიუროები და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი კი, სააქციო საზოგადოებაში გაერთიანდა, გარდა, კინოკავშირისა და კინოსახლისა. ისინი ცალკე არსებობდნენ და დღემდე ასეა.

​1995 წლის შემდეგ კინოსტუდიას სახელმწიფომ შეუწყვიტა დაფინანსება და ის აღარ იყო დოტაციაზე, დაიწყო ნაწილ-ნაწილ რაღაცების გაყიდვა. თავდაპირველად გაიყიდა დიღომში არსებული შენობის ნაწილი, რომელიც ბადრი პატარკაციშვილმა იყიდა. იქ ტელეკომპანია “იმედი” დაარსდა.


– როდის გაიყიდა პავილიონი?

– ​პავილიონი 2003 წელს გაიყიდა. კონკრეტულად კი GRDC ჯგუფმა იყიდა. იმიტომ გაიყიდა, რომ GRDC-ს აქ განეხორციელებინა კონკრეტული პროექტი  “კინოქალაქი”. მე ვთვლი, რომ გაყიდვა შეცდომა იყო, რადგან ჯერ კიდევ კონკრეტული გეგმა არ არსებობდა, თუ რა უნდა გაკეთებულიყო და ამასთან, ახალ მყიდველს, შენობის გამოყენების თვალსაზრისით, არანაირი ვალდებულება არ ჰქონდა. არსებობდა მხოლოდ მისი სურვილი და იდეა, პროექტი, რომელიც არ განხორციელდა. ვინაიდან პროექტი არ იყო პავილიონის განვითარებაზე კონცენტრირებული, ის გულისხმობდა მის ირგვლივ არსებული ყოფილი კინოსტუდიის ტერიტორიის მიერთებას და უმეტესად კომერციული სტრუქტურების განთავსებას. პავილიონი თავის თავს ვერ შეინახავდა, დოტაციის გარეშე კი, კინოელემენტების არსებობა შეუძლებელია. ამ პირობებში დოტაცია გარანტირებული არ იყო, ამიტომ კინემატოგრაფისტთა ნაწილმა, რომელსაც ეს საკითხი უნდა გადაეწყვიტა, პროექტზე უარი თქვა. ამ პროექტზე უარის თქმას ჰქონდა ძალიან პრაგმატული გათვლა და მოსაზრება, რომ კომერცია განდევნის ხელოვნებას და კულტურულ ინსტიტუციებს. ​

ეს მოხდა სახელმწიფოსგან დამოუკიდებლად, შპს “ადამს და ევას” ჰქონდა წილების გაყიდვის უფლება, თუმცა მე ვთვლი, რომ მათ ის წილი გაყიდეს, რომელიც თავის დროზე კინოსტუდიას ეკუთვნოდა.

რეალურად, ​პავილიონის მფლობელი არის კულტურის ცენტრი “ადამი და ევა 92”. ამ კულტურის ცენტრის მთელ წილს GRDC ფლობს. ამჟამად ის შენობას აქირავებს, მიმდებარე ტერიტორია კი “სითი პარკზეა” გაქირავებული. GRDC-ს ​ამ ტერიტორიაზე ინვესტიცია არ განუხორციელებია. დღეს კი ვდგავართ ფაქტის წინაშე – პავილიონი იყიდება.

 

– პავილიონი იყიდება, ის კულტურის ძეგლია, არსებობს თუ არა საფრთხე, შენობა დაინგრეს ან მისი ისტორიული იერსახე დამახინჯდეს?

– საფრთხეები არსებობს, ჯერ არ ვიცით, ვინ იყიდის, არსებობს იმის საფრთხეც, რომ დაინგრეს, თუმცა ეს წარმოუდგენელ ამბად მიმაჩნია. თუ ქალაქის ხელმძღვანელობას უყვარს თავისი ქალაქი, ეს შენობა არ არის დასანგრევი. არა მხოლოდ იმიტომ, რომ შენობა კულტურის ძეგლია, არამედ იმიტომ, რომ ეს არის ადგილი, სადაც კინო დომინირებს, მაგალითად, აქ მდებარეობს კინოთეატრი “აპოლო”, იგივე ხელოვნების სასახლე და ა.შ.

– რეალურად, თქვენ როგორ წარმოგიდგენიათ ამ შენობის განვითარება, როგორია თქვენი ხედვა?

– ​აქ უნდა იყოს სახელოსნოები, დარბაზები, სარეპეტიციო სივრცეები, კულტურა უნდა იქმნებოდეს, მაყურებელი უნდა ეზიარებოდეს ხელოვნებას. ამ ტერიტორიის მხოლოდ კომერციისთვის გათვლა  დედაქალაქისთვის დიდი დანაკლისი იქნება. თბილისს აკლია კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცეები. იმედი მაქვს, რომ ჩვენი მოლაპარაკებები ქალაქის მერთან წარმატებული იქნება.

ვიდეო – როგორ გამოიყურებოდა კინოსტუდია და პავილიონი ადრე და როგორ გამოიყურება ახლა

 

გარდა ამისა, სრულიად შეცვლილი აქვს ფუნქცია დიღმის ახალ კინოსტუდიას, რომლის ნაწილი ტელეკომპანია იმედმა იყიდა, დარჩენილი ნაწილი კი ქირავდება.

დიღმის კინოსტუდიის ფოტოები: