გაგა ჩხეიძე - კინემატოგრაფისტთა კავშირმა, რომელსაც უბრალოდ სახელი შეეცვალა და ახლა აკადემიად იწოდება, სამუდამოდ მოჭამა თავისი დრო
გაგა ჩხეიძე - კინემატოგრაფისტთა კავშირმა, რომელსაც უბრალოდ სახელი შეეცვალა და ახლა აკადემიად იწოდება, სამუდამოდ მოჭამა თავისი დრო

ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მიმართვას ავრცელებს.

გაგა ჩხეიძე საქართველოს კინოაკადემიის წევრებს, რომლებიც დღეს კინოს სახლში კინოაკადემიის მოწვეულ წევრთა რიგგარეშე ყრილობას მართავენ, მიმართავს, რომ ეს ღონისძიება გამოიყენონ არა ერთმანეთთან დაპირისპირებისთვის, არამედ აკადემიის დანიშნულებაზე, მიზნებსა და ამოცანებზე მსჯელობისთვის.

„ყველასთვის ცხადია, რომ კინემატოგრაფისტთა კავშირმა, რომელსაც უბრალოდ სახელი შეეცვალა და ახლა აკადემიად იწოდება, სამუდამოდ მოჭამა თავისი დრო. ასეთი ფორმით მისი არსებობის გაგრძელება წარმოუდგენელია. აუცილებლად უნდა დაისვას მისი ძირეული რეორგანიზაციის და რეფორმის საკითხი.

პირადად მე ვერ გეტყვით, რა არის აკადემიის ხიბლი, რატომ უნდა ვიყო მისი წევრი. რა არის ის უპირატესობა, რომელსაც ეს ორგანიზაცია მაძლევს მე მისი არა-წევრებისგან განსხვავებით. 2014 წლიდან ვარ ამ კავშირის წევრი და მთელი ამ ხნის მანძილზე მხოლოდ ორჯერ მიხმეს, ისიც ყრილობაზე. ეს მესამე შემთხვევაა. არასდროს აინტერესებდათ ჩემი აზრი, არასდროს უკითხავთ რჩევა, არც რამე წინადადება შემოუთავაზებიათ, არც პროექტი, არც ვერმიშელი და არც შაქარი. არც არაფერი უთხოვიათ, საწევრო გადასახადი ან რამე დახმარება.
ფრიად სამწუხაროა, რომ მას შემდეგ, რაც 2015 წელს ყრილობაზე რამდენიმე კრიტიკული შენიშვნა გამოვთქვი და ვთქვი, რომ სახელის გადარქმევა არ არის საკმარისი, საერთოდ შემაქცია აკადემიამ ზურგი და ჩემი არსებობა დაივიწყა. უნდა ისიც ვთქვა, რომ ჩემი მხრიდან ორჯერ ვთხოვე მხარდაჭერა აკადემიას (ერთხელ საქმე ქართული ფილმის განვითარების ფონდს ეხებოდა, მეორედ – ევროპული აკადემიის დაჯილდოების ცერემონიის გამართვას თბილისში) და ორჯერვე უარი მივიღე, სრულიად დაუსაბუთებელი უარი, მიუხედავად იმისა, რომ ორივე შემთხვევაში მთლიანად ქართული კინო იქნებოდა მოგებაში.

ახლა დადგა ალბათ დრო, რომ გავიხსენოთ, რომ ეს ორგანიზაცია (არა აქვს მნიშვნელობა, რა ერქმევა მას), კინოს სფეროში დასაქმებული ადამიანების ნებაყოფლობითი (!) კავშირია, უფრო სწორად უნდა იყოს. ის უნდა იყოს თანასწორი კოლეგების ერთობა და არა იერარქიული ორგანიზაცია, რომელიც საბჭოთა კანტორას მოგვაგონებს. არანაირი განსხვავება პრეზიდენტსა და წევრებს შორის არ უნდა არსებობდეს. აკადემიას არ სჭირდება ერთპიროვნული მმართველი, მაღალანაზღაურებადი პრეზიდენტი ორი ვიცე-პრეზიდენტით და დიდი კაბინეტით. პირიქით, უნდა ვეცადოთ, რომ ჩვენი ხარჯი მინიმალური იყოს, და შემოსავალი (კომერციული მოგება თუ გრანტები) მთლიანად მისი მიზნების შესრულებას მოხმარდეს. აკადემიიდან კი არ უნდა გაგვქონდეს რამე, არამედ პირიქით, იქით უნდა მიგვქონდეს. მის წევრებს ვალდებულებაც უნდა ჰქონდეთ საკუთარი ორგანიზაციის წინაშე, საწევროსაც უნდა იხდიდნენ. ალბათ საჭიროა, ატესტაციაც ჩატარდეს, რათა ყველამ გააცნობიეროს, რატომ და რისთვის არის გაწევრიანებული ამ ორგანიზაციაში.

აკადემია უნდა მოქმედებდეს თანასწორობის, თანადგომის, სოლიდარობის, მეგობრობის და ურთიერთპატივისცემის პრინციპებზე დაყრდნობით. ის ყოველთვის უნდა იდგეს თითოეული მისი წევრის ინტერესების დაცვის სადარაჯოზე. ეს არ არის ორგანიზაცია, რომელიც წელიწადში ერთხელ ეროვნულ პრიზებს გასცემს, და ამით მისი ფუნქცია ამოწურული იქნება. მას გაცილებით მეტი უნდა შეეძლოს, აქვს რა საკუთარი სახლი, იგივე „კინოს სახლი“ ანუ ადგილი, სადაც მისვლა ყველას უნდა უხაროდეს, სადაც ყველა წევრს გარკვეული პრივილეგიები და შეღავათები ექნება. სამოვარის დადგმა და ჩაის დალევა აქაც უნდა შეიძლებოდეს.

მაღალი ტექნოლოგიების ეპოქაში სრულიად შესაძლებელია, ყველა გადაწყვეტილება აკადემიის წევრთა უმრავლესობის მხარდაჭერით იქნას მიღებული და არა მხოლოდ გამგეობის. აკადემიას შესაძლებელია ჰყავდეს საპატიო პრეზიდენტი და აღმასრულებელი დირექტორი. უამრავი სხვა მოდელიც არსებობს, რომელიც შესაძლებელია წარმატებით გამოვიყენოთ.

ცნობილია, რომ კინოს სახლი დღეს გარკვეული ქონებრივი დავის სუბიექტს წარმოადგენს. აკადემიისთვის დამანგრეველი იქნება კინოს სახლის ქცევა განხეთქილების ვაშლად. ასეთი დაპირისპირება კარგს არაფერს მოიტანს და კიდევ უფრო შეაფერხებს რეორგანიზაციის პროცესს. კარგი იქნება, თუ ყველა ასეთ პრობლემას ღირსეულად გადავწყვეტთ და ქართული კინოს იმიჯს არ დავაზიანებთ.

თუ ვერაფერზე ვერ შევთანხმდებით და არაფერი არ შეიცვალა საერთო საქმის სასიკეთოდ, შეგვიძლია მოვახდინოთ აკადემიის ლიკვიდაცია (ამ სიტყვის არ შეგეშინდეთ), იმისათვის რომ გააზრებულად, უფრო მეტი პასუხისმგებლობით და ჩართულობით დავაარსოთ ახალი ორგანიზაცია შედარებით ცხადი მიზნებით და ამოცანებით.

არსებობს მოარული ხმები, რომ მოქმედი პრეზიდენტის გარდა ორ კინემატოგრაფისტს სურს პრეზიდენტის არჩევნებში (თუ ასეთი შედგა) მონაწილეობის მიღება. მე სიამოვნებით მოვისმენდი მათ პროგრამებს და ჩემთვის ყველაზე მისაღებს დავუჭერდი მხარს.

მაგრამ თუ სიტუაცია კარდინალურად არ შეიცვალა და აკადემიამ ძველ სტილში განაგრძო არსებობა, აუცილებლად დავემშვიდობები ამ ორგანიზაციას და უარს ვიტყვი მის წევრობაზე.

იმედია, ყველაფერი უკეთესობისკენ წავა და საქართველოს კინოაკადემია შეასრულებს თავის ძალიან საინტერესო როლს ჩვენი ქვეყნის (კინო)ცხოვრებაში“, – წერს გაგა ჩხეიძე.