აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ვერავის ვაიძულებთ მუშაობას, ოპოზიციის გადაწყვეტილება არის შეცდომა, რაზეც ყველა აგებს პასუხს
აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე - ვერავის ვაიძულებთ მუშაობას, ოპოზიციის გადაწყვეტილება არის შეცდომა, რაზეც ყველა აგებს პასუხს

ჩვენ ვერავის გავუწევთ ექსპლოატაციას და ვერ ვაიძულებთ მუშაობას, თუ ეს მათ არ უნდათ, შესაბამისი პროცედურების შემდეგ, სავარაუდოდ ოპოზიციის წევრების განცხადებების დაკმაყოფილება ახალი წლის შემდეგ მოხდება, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით არჩეული ექვსი დეპუტატის გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისივე თქმით, აჭარის უმაღლესი საბჭო ერთპარტიული არ არის.

„აჭარის უმაღლესი საბჭო არ არის ერთპარტიული, ვინაიდან ერთმა ოპოზიციონერმა დეპუტატმა განაგრძო საქმიანობა, ზოგადად კი უმაღლესი საბჭო მაშინ იქნებოდა ერთპარტიული, თუ ამომრჩეველი მხოლოდ ერთ პარტიას გამოუცხადებდა ნდობას. იმუშავებს თუ არა ოპოზიცია, ეს მათი ნებაა. ვფიქრობ, ოპოზიციის გადაწყვეტილება არის შეცდომა და ადრე თუ გვიან, ყველა საკუთარ შეცდომაზე აგებს პასუხს, რა თქმა უნდა,  პოლიტიკურ პასუხს ვგულისხმობ“, – განაცხადა დავით გაბაიძემ.

„ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით აჭარის უმაღლეს საბჭოში არჩეული შვიდი დეპუტატიდან ექვსმა სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის თაობაზე, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს დღეს ოფიციალური განცხადებით მიმართა.