ხმაური იყო აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე. მოქალაქეები, რომლებიც ქობულეთში 27 ჰექტარი მიწის ნაკვეთის აუქციონზე გასაყიდად გატანას აპროტესტებენ და ამტკიცებენ, რომ ნაკვეთები მათი მამა-პაპისეული საკუთრებაა, დეპუტატებს დაუპირისპირდნენ.მათ სიტყვით გამოსვლა და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრისთვის კითხვების დასმა მოითხოვეს, თუმცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განუმარტა, რომ სხდომაზე კითხვა შეიძლება მხოლოდ დეპუტატმა დასვას და შეეძლოთ დეპუტატისთვის გადაეცათ ეს კითხვები.
„რატომ არ მაქვს უფლება, მიყიდით მიწას და ჩემი საკუთრების ჩამორთმევით აპირებთ ბიუჯეტის შევსებას, ამისთვის მოგეცით მანდატი? ვიბრძოლებთ ყველანაირად და ჩვენს საკუთრებას არ გაგაყიდინებთ“, – მიმართა დეპუტატებს ერთ-ერთმა მოქალაქემ დავით მანელიშვილი.
მოქალაქეთა კითხვა მინისტრს ქობულეთის მაჟორიტარმა, ცოტნე ანანიძემ დაუსვა, თუმცა მოქალაქეები ამით უკმაყოფილო დარჩნენ. სიტუაცია სიტყვიერ დაპირისპირებაში გადაიზარდა, რის გამოც სხდომა დროებით შეწყდა.
მოქალაქეებზე პასუხის დაუყოვნებლივ გაცემა მოითხოვეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა.
„თქვენ ჰპირდებით, რომ სხდომის შემდეგ შეხვდებით მოქალაქეებს, როცა ბიუჯეტში ცვლილებებს შეიტანთ, მერე რას ეტყვით მოქალაქეებს“, – მიმართა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა გიორგი კირთაძემ.
„სხდომაზე ვერ მოხდება ამ რეჟიმში საკითხის განხილვა, არანაირი რეგლამენტი ამას არ ითვალისწინებს, მე მზად ვარ, მინისტრთან ერთად შევხვდე მოქალაქეებს და მოვუსმინო. 2008 წელს დარეგისტრირდა ეს მიწები სახელმწიფო საკუთრებაში და ახლა ითხოვთ პასუცს ნაციონალური მოძრაობა“, – განაცხადა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ დავით გაბაიძემ.
„ეს მიწები მართლა უნდა გადასცემოდა მაშინ ინვესტორს, მაგრამ პირობებში გაწერილი იყო ადგილობრივების დაკმაყოფილება, თქვენ მანიპულირებთ“, – მიმართა გაბაიძეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ელგუჯა ბაგრატიონმა.
სხდომა გარკვეული პაუზის შემდეგ ისევ განახლდა, თუმცა მოქალაქეები კვლავ ცდილობენ სიტყვით გამოსვლას.