აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები ბოიკოტს უცხადებენ
აჭარის უმაღლეს საბჭოში საგაზაფხულო სესია დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების ბოიკოტით გაიხსნა.
სხდომაზე დეპუტატებმა პირველი მოსმენით აჭარის კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების პროექტი უნდა დაამტკიცონ.
„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი დეპუტატები ამტკიცებენ, რომ პროექტის განხილვებს ფორმალური ხასიათი ჰქონდა და ასეთივე იქნება დამტკიცების პროცესიც, რაშიც მონაწილეობას არ მიიღებენ.
„როგორც საქართველოს კონსტიტუცია, ასევე, კონსტიტუციური კანონი აჭარის შესახებ, მტკიცდება ისე, რომ საზოგადოების აზრი არ იყო გათვალისწინებული. ხელისუფლება არ იყო მზად აჭარის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის პროცესში საზოგადოება ჩაერთო. არ იქნა გათვალისწინებული არც ერთი შენიშვნა და წინადადება. არ გვაქვს მოლოდინი იმისა, რომ კონსტიტუცია მიღებული იქნება კონსენსუსის საფუძველზე. განცდა დამრჩა, რომ აჭარის კონსტიტუციას არ იღებენ უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, ეს ვერსია სავარაუდოდ დაგვიწერეს და გადმოგცეს. როგორც განხილვა იყო ფორმალური ხასიათის, ასევე იქნება დამტკიცებაც. ასეთ განხილვას ბოიკოტს ვუცხადებთ“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობიდან“ დეპუტატმა, გია აბულაძემ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს იურიდიული კომისიის თავმჯდომარის ნინო ჩხეტიას განცხადებით, პროექტში ძალიან მნიშვნელოვანია აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საკანონმდებლო ორგანოსთან ანგარიშვალდებულების საკითხი.
„ეს არ არის ერთი კაცის კონსტიტუცია, ეს არ არის ლევან ვარშალომიძის კონსტიტუცია, რომელიც არც კი აბარებდა ანგარიშს უმაღლეს საბჭოს. ძალიან მნიშვნელოვან ნაწილში იქნება ეს კონსტიტუცია კარგი, აჭარის მთავრობის თავმჯდომარის საკანონმდებლო ორგანოსთან ანგარიშვალდებულების საკითხში“, – -განაცხადა ჩხეტიამ.
აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომა „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატების გარეშე მიმდინარეობს. სხდომას „ევროპული საქართველოსა“ და ნინო ბურჯანაძის პარტიის წარმომადგენლები ესწრებიან.