აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ
აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ

აჭარის უმაღლეს საბჭოში თორნიკე რიჟვაძეს უსმენენ. აჭარის მთავრობის თავმჯდომარე გასულ წელთან ერთად თავმჯდომარის რანგში საქმიანობის ოთხი წელსაც აჯამებს. გასული წლების მოსმენებისგან განსხვავებით, წელს პროცესი უმაღლეს საბჭოში შედარებით მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.

სხდომის დაწყებისთანავე „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატებმა დარბაზიდან თორნიკე რიჟვაძის პირადი დაცვის გაყვანა მოითხოვეს, თუმცა უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ განმარტა, რომ ეს არის პროტოკოლით გათვალისწინებული ნორმა.

„აჭარაში ტურიზმის აღდგენის მზარდი და დადებითი დინამიკაა და 2022 წლის I კვარტალის მონაცემებით, საერთაშორისო მოგზაურების ვიზიტები უკვე აღდგენილია 51%-ით 2019 წელთან შედარებით. აქტიურად ხდება ფრენების აღდგენა და ახალი მიმართულებების დამატება. აჭარაში პირველი კვარტლის მონაცემით, აეროპორტში ფიქსირდება +30% მატება 2019 წელთან შედარებით. 2022 წლის ივნისში ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 300-მდე საერთაშორისო რეისი განხორციელდება, 20-ზე მეტი ავიაკომპანიის მიერ, 12 ქვეყნიდან. წელს რეგიონში შემოვიდა ხუთი ახალი ავიაკომპანია – Airbaltic, Flydeal, Jordan Aviation, Aseman და Uzbekistan Airways. წელს პირველად რიგიდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები შესრულდა. ივნისიდან იწყება პირდაპირი რეისები ბათუმი-დუბაის, საუდის-არაბეთის მიმართულებით, განახლდება ფრენები ბაქოს მიმართულებით, დაემატა რეისები ისრაელიდან, შესრულდება რეისები ტაშკენტიდანაც. აჭარის პოპულარიზაცია 16-ზე მეტ სამიზნე ქვეყანაში ხორციელდება. რეგიონს დაემატა 100- ზე მეტი ახალი განთავსების თუ კვების ობიექტი“, – განაცხადა რიჟვაძემ.

ამასთან, თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, აჭარაში სპორტი და სპორტული ინფრასტრუქტურა სწრაფი ტემპით ვითარდება.

„აჭარაში მასშტაბური სპორტული ინფრასტრუქტურა მოეწყო. ბოლო ოთხ წელში 300 მლნ ლარის ღირებულების სპორტული ინფრასტრუქტურული პროექტი განხორციელდა. აშენდა ბათუმის საფეხბურთო სტადიონი, რომელიც 2023 წელს, 21 წლამდე ნაკრებთა ევროპის ჩემპიონატის ფინალს უმასპინძლებს. დასრულდა ბათუმის სპორტული კომპლექსი. დასკვნით ეტაპზეა ჩაქვში ძალოსნობის სავარჯიშო ბაზის მშენებლობა, აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სტადიონების, რაგბის მოედნების მშენებლობა შუახევში FIFA-ს სტანდარტის საფეხბურთო სტადიონი აშენდება. პროექტი მოიცავს 500 მაყურებელზე გათვლილი. მოეწყო 100 სპორტული მოედანი, ხულოში სპორტული დარბაზის მშენებლობა დაიწყო. ქობულეთში სპორტული კომპლექსის მშენებლობა იწყება. შუახევსა და ქობულეთში რაგბის მოედნები აშენდება“, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

​თორნიკე რიჟვაძე აცხადებს, რომ აჭარაში ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროს დაფინანსება ყოველწლიურად მზარდია.

„ბიუჯეტის ზრდასთან ერთად გაიზარდა ჯანმრთელობის, სოციალური დაცვის, საზოგადოებრივი ჯანდაცვისა და დასაქმების პროგრამების ბიუჯეტი. მიზნობრივი ჯგუფებისათვის გაუმჯობესდა სამედიცინო მომსახურების ფინანსური ხელმისაწვდომობა, სიახლეები დაინერგა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სფეროში, შეიქმნა ახალი პროგრამები და ქვეპროგრამები, შეიცვალა დაფინანსების მეთოდოლოგია. აჭარაში 2018-2022 წლებში სოციალური პროექტებისა და ჯანდაცვის პროგრამების მხრივ მნიშვნელოვანი სიახლეები განხორციელდა. 2022 წელს არაერთ მნიშვნელოვან პროექტთან ერთად სრულდება ყველაზე დიდი სოციალური პროექტის, ე.წ. ოცნების ქალაქის პირველი ეტაპის მშენებლობა, სადაც 582 ოჯახს გადაეცემა ბინა და ეს პროცესი გაგრძელდება სანამ ყველა ოჯახი არ იქნება უზრუნველყოფილი უსაფრთხო საცხოვრისით. დაიწყო მეორე ეტაპის განხორციელებისათვის საჭირო პროცედურები. აშენდა სოციალური სახლები ბათუმში, ქედასა და ხელვაჩაურში, სადაც საცხოვრებელი ფართი 150 მდე ოჯახს გადაეცა. სოფელ წაბლანას მკვიდრ 219 ოჯახს ბათუმში ბინები გადაეცა. დაიწყო „ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ სახელმწიფო მიზნობრივი პროგრამის განხორციელება, 3000 ოჯახს საცხოვრისის პრობლემა მოუგვარდება​. ბათუმში 100 ოჯახისათვის სოციალური სახლები შენდება. აჭარაში 365 ეკომიგრანტმა ოჯახმა შეიძინა საცხოვრისი. 2 152 ოჯახს გაეწია ფინანსური დახმარება. გაიზარდა ეკომიგრანტი ოჯახების საცხოვრებლით უზრუნველყოფის პროგრამის დაფინანსება. გაიზარდა ხანძრით დაზარალებულთა დაფინანსება. სოციალური პროგრამებით 15 000 ბენეფიციარმა ისარგებლა“, – აცხადებს რიჟვაძე.

ამასთან, თორნიკე რიჟვაძის თქმით, 2022 წელს ეკომიგრანტი ოჯახებისთვის დაგეგმილია 100 საცხოვრებელი ფართის შეძენა.

„2022 წელს დაიწყო მნიშვნელოვანი პროგრამის, უშვილობის დიაგნოსტიკისა და მკურნალობის დაფინანსება. უშვილო წყვილებისთვის თანამედროვე რეპროდუქციული სამედიცინო სერვისების პროგრამულად დაფინანსდება. აჭარაში 2018-2022 წლებში საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის მიმართულებით მნიშვნელოვანი პროექტები განხორციელდა:ბათუმში შენდება განათლების ქალაქი. აშენდა 11 და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 50 სკოლას. მიმდინარეობს 15 სკოლის რეაბილიტაცია და 4 სკოლის მშენებლობა. გაიხსნა ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ახალი კამპუსი​. აშენდა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის საწვრთნელი აუზი. დასრულდა პროფესიული სასწავლებლების მშენებლობა ხულოში, შუახევსა და ქედაში, მაღალმთიანი აჭარის სამივე მუნიციპალიტეტში პროფესიულმა სასწავლებლებმა დაიწყეს ფუნქციონირება. აშენდა ფიტოპათოლოგიისა და ბიომრავალფეროვნების კვლევითი ინსტიტუტი. ბათუმში გაიხსნა ტექნოპარკი​. რეაბილიტაცია ჩაუტარდა ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტს. მიმდინარეობს კავკასიის უნივერსიტეტის მშენებლობა. დასკვნით ეტაპზეა ქართულ-ამერიკული აკადემია პროგრესი. აშენდა და რეაბილიტაცია ჩაუტარდა 30 საბავშვო ბაღს. მიმდინარეობს 12 ბაღის მშენებლობა. წლებში სწავლა დაუფინანსდა 5000 ზე მეტ სტუდენტს. აჭარაში მიმდინარე მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები. სამთავრობო მიზნობრივი პროგრამა ,,ბათუმი ავარიული სახლების გარეშე“ განხორციელება დაიწყო, რომლის თანახმადაც, ბიუჯეტით გათვალისწინებული ღონისძიებების პარალელურად პროცესში ჩაერთვებიან ინვესტორები, სამშენებლო-დეველოპერული კომპანიები, საფინანსო ორგანიზაციები. პროექტის დასრულება უზრუნველყოფილი იქნება აჭარის მთავრობის მიერ 150 000 მლნ ლარის მოცულობის ფინანსური გარანტიით, უძრავი ნივთის შესყიდვის ინსტრუმენტის გამოყენებით. პრობლემა 3000 ოჯახს მოუგვარდება“, – განაცხადა რიჟვაძემ.

ანგარიშის წარდგენისას რიჟვაძემ განაცხადა, რომ დასკვნით ეტაპზეა მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირება – პროექტი მოსახლეობის პირობების გაუმჯობესებას და ეკონომიკის განვითარების სტიმულირებას უზრუნველყოფს.

„მაღალმთიანი აჭარის გაზიფიცირების პროექტის მეორე ეტაპი ფარგლებში, 2020 წელს პირველად, კურორტზე ბუნებრივი გაზი აინთო. პროექტის მეორე ეტაპზე 2020 წელს შუახევიდან-გოდერძიმდე 56 კმ გაზსადენის მილების მოწყობა დასრულდა, რითაც ჯამში 15 200 აბონენტის გაზიფიცირება მოხდება. აჭარის ექვსივე მუნიციპალიტეტში საქართველოს მთავრობის ინიციატივით „განახლებული რეგიონების“ პროგრამის ფარგლებში, აჭარაში ინფრასტრუქტურული პროექტები აქტიურად მიმდინარეობს. აშენდა მყარი ნარჩენების მართვის ობიექტი-პროექტი აჭარაში მყარი საყოფაცხოვრებო ნარჩენების მართვის თანამედროვე სისტემის დანერგვას, აჭარაში ეკოლოგიური, სოციალური, ტურისტული გარემოს გაუმჯობესებას და ალტერნატიული ენერგიის მიღებას უზრუნველყოფს. პროექტის ბიუჯეტი შვიდი მლნ ევრო. პროექტი ცეცხლაურში, თანამედროვე სტანდარტების ნარჩენების მართვის ობიექტის მშენებლობასა და ბათუმსა და ქობულეთში არსებული ძველი, არასტანდარტული ნაგავსაყრელების დახურვას ითვალისწინებს. EBRD-თან მიღწეული შეთანხმებით, ნარჩენების მართვის ობიექტის ტექნიკით აღჭურვა, დამატებით 28 მლნ ევროთი დაფინანსდება“, – განაცხადა რიჟვაძემ.

თორნიკე რიჟვაძის თქმით, აჭარაში წყალმომარაგებისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი მიმდინარეობს.

„პროექტის ფარგლებში, თანამედროვე კომუნალური ინფრასტრუქტურით სარგებლობას აჭარის 39 სოფელში მცხოვრები, 5829 ოჯახი, ჯამში დაახლოებით 30 000 ადამიანი შეძლებს. პროექტის ბიუჯეტი 59,5 მილიონი ევროა. ინტენსიურად მიმდინარეობს სათხილამურო კურორტ „გოდერძის“ განვითარება. ამ დროისათვის კურორტზე 27 მასშტაბური პროექტი მიმდინარეობს, რომლის საინვესტიციო ღირებულება 200 მლნ ლარს აღემატება. სოფლის მეურნეობა – მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშესაწყობად. 2018-2022 წლებში აჭარაში სოფლის მეურნეობის სფეროში პირველად განხორციელდა სასოფლო-სამეურნეო მიწების უფასო დამუშავება, გარდა ამისა: აჭარაში დაიწყო სახნავ-სათესი ფართობების უფასოდ დამუშავება. გრეძლდება მეციტრუსე-ფერმერების ხელშეწყობა და 2021-2022 წლის სეზონი გამორჩეულად წარმატებული იყო დაბინავების და უხვმოსავლიანობის მხრივ. დაფინანსდა 314 პროექტი სასოფლო-სამეურნეო გაერთიანებებისა და საოჯახო მეურნეობების განვითარების ხელშეწყობის ფარგლებში. დაფინანსდა 30-ზე მეტი საოჯახო ღვინის მწარმოებელი მეურნეობა. გაშენდა მრავალწლოვანი ხეხილოვანი კულტურები. ისარგებლა 2100 ფერმერმა. რეაბილიტაცია ჩაუტარდა სამელიორაციო სისტემას, რომელიც მოემსახურება 2500 -მდე ოჯახს. აჭარაში 22 ჰექტარზე გაშენდა და 190 ჰექტარზე აღდგა ტყის მასივი“, – განაცხადა რიჟვაძემ.

ამ დროისთვის, ​თორნიკე რიჟვაძეს უმაღლესი საბჭოს დეპუტატები შეკითხვებს უსვამენ.