აჭარის ტელევიზიის ოპერატორმა სულხან სალაძეს მიმართა - არ მოსულხართ და არ გიკითხავთ, რა გვიჭირდა, თვეების განმავლობაში ვაყენებდით ჩვენს პრობლემას და უშედეგოდ
საია-ს აჭარის ფილიალში, სადაც აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი დირექტორის, ნათია კაპანაძის მიერ სასამართლოში სარჩელის შეტანის თაობაზე პრესკონფერენცია იმართებოდა, საიას-ს თავმჯდომარეს, სულხან სალაძეს აჭარის ტელევიზიის ოპერატორი ლაშა ჯოყილაძე დაუპირისპირდა.
სულხან სალაძემ არ გამორიცხა, რომ პროცესები, რომელიც კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადებას უკავშირდებოდა, მართული იყო გარკვეული ძალების მხრიდან. მან მაგალითად მოიყვანა ოპერატორების გაფიცვა, რომელიც კაპანაძის გადაყენებისთანავე შეწყდა. პრესკონფერენციის გადასაღებად მყოფმა ოპერატორმა სწორედ ეს განცხადება გააპროტესტა.
„ბატონო სულხან, თქვენ არ მოსულხართ ჩვენთან და არ გიკითხავთ, რა გვიჭირდა, თვეების განმავლობაში ვაყენებდით ჩვენს პრობლემას და უშედეგოდ. ახლა კი ამბობთ, რომ თურმე ჩვენ მართული ვიყავით, არაკორექტულია ეს განცხადება“, – მიმართა ოპერატორმა სულხან სალაძეს.
ნათია კაპანაძის განმარტებით, ცვლილებები ცალკეულ ადამიანებზე ვერ განხორციელდებოდა.
„აჭარის მაუწყებლის მართვის ფინანსურ ნაწილში, მათ შორის ხელფასებთან მიმართებაში, უნდა განხორციელებულიყო ძირეული რეფორმა და ეს ვერ შეეხებოდა მხოლოდ 13 ადამიანს“, – განაცხადა ნათია კაპანაძემ.
დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილმა დირექტორმა ნათია კაპანაძემ განაცხადა, რომ სასამართლოს მიმართავს.