აჭარის ტელევიზიის დირექტორის შესარჩევი კონკურსი კიდევ ერთხელ ჩაიშალა
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის თანამდებობაზე გამოცხადებული კონკურსი ისევ ჩაიშალა. უკვე მესამედ, წარმოდგენილმა კანდიდატებმა ვერ მიიღეს ხმების საჭირო რაოდენობა.
წინა კონკურსებისგან განსხვავებით, ამჯერად საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტმა მერაბ წულუკიძემ ვერც ერთი ხმა ვერ მიიღო, ორი ხმა გიორგი კოხრეიძეს, ხოლო ერთი ხმა თინათინ ცისკარიძეს ერგო.
როგორც აჭარის ტელევიზიის მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარემ, ნატა იმედაიშვილმა განაცხადა, სასურველ კანდიდატზე შეთანხმება ვერ მოხდა.
„მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრი ვერ გამოცხადდა სხდომაზე, ერთმა უარი თქვა კენჭისყრაში მონაწილეობაზე. საბჭოს სამი წევრი იღებდა მონაწილეობას კენჭისყრაში და სამწუხაროდ, ვერ შედგა კონსენსუსი. მესმის საზოგადოების აღშფოთების, მესმის ჩემი თანამშრომლების, თითოეული კანდიდატის, რომელიც მონაწილეობას იღებდა ამ არჩევნებშ, ყველასთან მე პირადად ვიხდი ბოდიშს. შედეგი, რომელიც დღეს დადგა, ჩემი აზრით არის უპასუხისმგებლო “, – განაცხადა ნატა იმედაიშვილმა.
სხდომას არ ესწრებოდა მრჩეველთა საბჭოს ერთი წევრი გიორგი ირემაძე. კენჭისყრაში მონაწილეობის მიღებაზე უარი განაცხადა საბჭოს წევრმა, („ნაციონალური მოძრაობის“ კვოტით) ბეჟან გობაძემ.
აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის დირექტორის დასანიშნად განმეორებითი კონკურსის გამოცხადების მიზნით, მრჩეველთა საბჭოს რიგგარეშე სხდომა კვირას 25 აგვისტოს 15:00 საათზე გაიმართება.