აჭარის მთავრობის თავმჯდომარის დასამტკიცებლად უმაღლეს საბჭოში რიგგარეშე სესია მიმდინარე კვირის ბოლოს გაიმართება
აჭარის მთავრობის თავმჯდომარისა და მინისტრთა კაბინეტის დასამტკიცებლად რიგგარეშე სესია უმაღლეს საბჭოში 20 ან 21 ივლისს გაიმართება, – ამის შესახებ აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ განაცხადა.
როგორც გაბაიძემ განაცხადა, აჭარის უმაღლესი საბჭოს პრეზიდენტის ადმინისტრაციისგან ელოდებიან დოკუმენტაციას, რის შემდეგაც დაინიშნება ბიუროს სხდომა.
„ბიურო უკვე გადასცემს საკითხს კომიტეტებს განსახილველად, გაიმართება განხილვები. შემდეგ კიდევ ერთი ბიურო გაიმართება, რომელიც განსაზღვრავს რიგგარეშე სესიის თარიღს და სავარაუდოდ 20 ან 21 ივნისს დაინიშნება სხდომა, რომელზეც მოხდება მთავრობის დამტკიცება”, – განაცხადა დავით გაბაიძემ.
რაც შეეხება პრეზიდენტის მიერ თორნიკე რიჟვაძის კანდიდატურის წარდგენას, უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ამბობს, რომ კონსტიტუციური ჩანაწერის მიხედვით, პრეზიდენტის მხრიდან სხვა გადაწყვეტილების მიღება შეუძლებელი იყო.
„ეს შედეგი იყო გარდაუვალი, არა იმიტომ, რომ მე ან სხვას სურდა, არამედ კონსტიტუციური ჩანაწერის ლოგიკა, რითაც პრეზიდენტს უნდა ეხელმძღვანელა, სხვა შედეგს ვერ დააყენებდა. სხვა ვარიანტს კონსტიტუციური პრინციპებიდან გამომდინარე არ ველოდი”, – განაცხადა დავით გაბაიძემ.
გაბაიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ გუნდში რიჟვაძეს სრული მხარდაჭერა აქვს, მის დასამტკიცებლად 21 დეპუტატიდან 11-ის მხარდაჭერაა საკმარისი, „ქართული ოცნება“ 14 დეპუტატით არის წარმოდგენილი.
გიორგი მარგველაშვილმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეობის კანდიდატად დღეს თორნიკე რიჟვაძე დაასახელა.