აჭარის მთავრობა - თურქეთის მხარეს გამშვებ პუნქტზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, წყლითა და აუცილებელი პირობებით
აჭარის მთავრობა - თურქეთის მხარეს გამშვებ პუნქტზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, წყლითა და აუცილებელი პირობებით

საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც დიდი ხანია იმყოფებიან თურქეთის მხარეს გამშვებ პუნქტზე, უზრუნველყოფილნი არიან საკვებით, სასმელი წყლითა და აუცილებელი პირობებით, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის განცხადებაშია ნათქვამი.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, სიტუაციის დროულად დარეგულირებისთვის  აჭარის მთავრობის წარმომადგენლები მუდმივ კონტაქტზე იმყოფებიან როგორც საქართველოს მოქალაქეებთან, ისე თურქეთის საკონსულოსა და საბაჟოს ხელმძღვანელობასთან.

„სარფის სასაზღვრო პუნქტზე მთელი დღის განმავლობაში მოძრაობა შეფერხებებით მიმდინარეობდა. შექმნილი სიტუაციის დროულად დარეგულირების საქმეში, შესაბამის სამსახურებთან ერთად, ჩართულნი არიან აჭარის მთავრობის წარმომადგენლები. ისინი აქტიურ კომუნიკაციაში იმყოფებიან, ერთი მხრივ, საქართველოს მოქალაქეებთან, ხოლო მეორე მხრივ – თურქეთის საკონსულოსა და საბაჟოს ხელმძღვანელობასთან“, – აღნიშნულია განცხადებაში.

აჭარის მთავრობა შეფერხების მიზეზსაც განმარტავს და აცხადებს, რომ ქართული მხარე რეჟიმში მუშაობას განაახლებს, როგორც კი თურქეთის მხარეს გამშვები პუნქტი მგზავრებისა და ტვირთების მომსახურებას შეძლებს.

„შექმნილი სიტუაცია გამოიწვია თურქეთის რესპუბლიკის საბაჟო-გამშვებ პუნქტზე – „სარფი“ საპოლიციო კონტროლის ელექტრონული სისტემის გათიშვამ. ქართული მხარე 24/7 რეჟიმში მუშაობას განაახლებს მაშინვე, როგორც კი თურქეთის მხარეს, საბაჟო-გამშვები პუნქტი „სარფი“ შეძლებს მგზავრებისა და ტვირთების მომსახურებას“, – ნათქვამია აჭარის მთავრობის განცხადებაში.