აჭარის მაღალმთიანეთში სახალხო დღესასწაული „შუახევობა“ აღნიშნეს.
დღესასწაული გასული საუკუნის 1980-იან წლებში დაარსდა. წელს „შუახევობას“ რეგიონული ფოლკლორული ფესტივალი „ფუძეობა“ დაემთხვა რომელშიც ადგილობრივთან ერთად ხალხური ანსამბლები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იყვნენ წარმოდგენილი.
სახალხო დღესასწაულთან დაკავშირებით მოეწყო სხვადასხვა სანახაობა, ეთნოგრაფიული გამოფენები, წარმოდგენილი იყო ხალხური რეწვის ნიმუშები და ადგილობრივი ნაწარმის გამოფენა-გაყიდვა.
ადგილობრივებს სახალხო დღესასწაული რეგიონის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიულოცეს. ცნობილი გახდა, რომ აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ინიციატივით ცეკვა „განდაგანას“ არამატერიალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
„შუახევობა“ ქართული ესტრადის შემსრულებელთა კონცერტით დასრულდა.