„აჭარა ჯგუფისა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსური კორპორაციის მხარდაჭერით, აბასთუმანში სასტუმრო „რუმსი“ გაიხსნება
აბასთუმანში ისტორიული სანატორიუმი „არაზინდოს” რეაბილიტაციისა და Rooms Hotel-ის ბრენდის ქვეშ განვითარების მხარდასაჭერად ფინანსური შეთანხმება გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს „აჭარა ჯგუფმა“ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ. ხელმოწერის ცერემონიალი თბილისში, სასტუმრო „სტამბაში“ გაიმართა.
ღონისძიებას საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ესწრებოდა.
როგორც ელჩმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში სამცხე-ჯავახეთის რეგიონში დაახლოებით 300 სამუშაო ადგილი შეიქმნება და მოსალოდნელია 3,5 მილიონი დოლარის ოდენობით დამატებით ინვესტიცია.
„ჩვენ ველოდებით, რომ ეს პროექტი – ეკომეგობრული სასტუმრო, დაახლოებით 300 სამუშაო ადგილს შექმნის რეგიონში და მოიზიდავს დაახლოებით 3,5 მილიონი დოლარის დამატებით ინვესტიციას, წლიური გაყიდვები და შემოსავალი კი, დაახლოებით 2,5 მილიონ დოლარს შეადგენს. ეს არის დიდი სტიმული სამცხე-ჯავახეთის რეგიონისთვის. გასულ კვირას გახლდით სამცხე-ჯავახეთში. საქართველოს ულამაზესი მხარეა და ამ რეგიონში არის ძალიან ბევრი მეწარმე, ბიზნესმენი, ვისაც ექნება შანსი, ნახოს, როგორ გაიზრდება მათი ბიზნესი და ამგვარი პროექტების შედეგად. ჩვენ ვიხილავთ უფრო მეტ კარგ სამუშაო ადგილს რეგიონში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.
ელჩის თქმით, აშშ უკვე 30 წელია, აბანდებს ინვესტიციებს საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაში. როგორც დეგნანმა აღნიშნა, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ 800 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა საქართველოში.
ელჩის განცხადებით, აშშ გააგრძელებს მუშაობს საქართველოსთან ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკის სტიმულირებისთვის.
„ეს ხდება განვითარების ფინანსური კორპორაციის და სხვების საშუალებით. განვითარების ფინანსურმა კორპორაციამ 800 მილიონ დოლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა პროექტებში, მათი უმეტესობა არის აქ, თბილისში. აბასთუმანის „რუმსის“ სასტუმრო იქნება ერთ-ერთი პირველი ამ რეგიონში და აღტაცებულები ვართ ამით. ეს არის პროექტი, რომელშიც ასევე ჩართული იყო აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს კონტრიბუცია. ეს არის აშშ-სა და საქართველოს პარტნიორობის კარგი მაგალითი. ასევე, ეს წარმოადგენს განვითარების ფინანსური კორპორაციის, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა და აშშ-ის საელჩოს ერთობლივი მუშაობის მაგალითს, რომელიც მიმართულია საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობისკენ. მოუთმენლად ველოდები ამ სასტუმროში სტუმრობას 2024 წელს, როდესაც კარს გაუღებს სტუმრებს. აშშ გააგრძელებს მუშაობს საქართველოსთან ახალი სამუშაო ადგილების შესაქმნელად და ეკონომიკის სტიმულირებისთვის“, – განაცხადა კელი დეგნანმა.