ლევან დავითაშვილი აბასთუმანში მშენებარე სასტუმროების ინვესტორებს შეხვდა
ლევან დავითაშვილი აბასთუმანში მშენებარე სასტუმროების ინვესტორებს შეხვდა

ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა კურორტ აბასთუმანში მშენებარე მაღალი კლასის სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების, მათ შორის რესტორნებისა და გასართობ-დასასვენებელი სივრცეების ინვესტორებთან მორიგი საკოორდინაციო შეხვედრა გამართა.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ მინისტრის მოადგილე მარიამ ქვრივიშვილი, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერი გოჩა ქიმაძე და მხარის რწმუნებულის წარმომადგენელი. საკოორდინაციო შეხვედრაში 10-მდე სხვადასხვა ობიექტის ინვესტორი მონაწილეობდა.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა კიდევ ერთხელ განიხილეს აბასთუმნის განვითარებასთან დაკავშირებული არსებული საკითხები და კურორტის რეაბილიტაციის ფარგლებში არსებული სამშენებლო სამუშაოები.

აბასთუმანში მიმდინარე მსხვილი პროექტების ინვესტორებმა ვიცე-პრემიერს პირადად მიაწოდეს ინფორმაცია საკუთარი ობიექტების მშენებლობასთან დაკავშირებით და კიდევ ერთხელ აღნიშნეს, რომ სამუშაოები გეგმის მიხედვით ხორციელდება.

თავის მხრივ, ლევან დავითაშვილმა შეხვედრის მონაწილეებს სახელმწიფოს მხრიდან განხორციელებული და მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული სამუშაოები გააცნო.

ლევან დავითაშვილის თქმით, კურორტის განვითარების მიზნით, სახელმწიფო მუდმივ კომუნიკაციაშია კერძო სექტორთან, რომლებიც ჩართულები არიან კურორტის რეაბილიტაციაში.

„ინტენსიურად ვაგრძელებთ შეხვედრებს ინვესტორებთან, რომლებიც მაღალი კლასის სასტუმროებისა და სხვა განთავსების ობიექტების მშენებლობას ახორციელებენ აბასთუმანში, რითიც საკუთარი წვლილი შეაქვთ კურორტის განვითარებაში. ჩვენ მუდმივ კომუნიკაციაში ვართ ბიზნესთან და დარწმუნებული ვარ, ჩვენი მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად აბასთუმანი გახდება უნიკალური კურორტი, რომელიც ათასობით სტუმარს მიიღებს. აღსანიშნავია, რომ აბასთუმნის სარეაბილიტაციო სამუშაოები გეგმურად მიმდინარეობს და სამუშაოების საკმაოდ დიდი ნაწილი დასრულებულია. როგორც იცით, ჩვენ მიერ გაცხადებული გეგმით, კურორტი 2025 წლის ზაფხულის სეზონისთვის იქნება მზად და, დღეის მდგომარეობით, მიმდინარე თუ შესრულებული სამუშაოები იძლევა იმის თქმის საფუძველს, რომ განახლებული აბასთუმანი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად უმასპინძლებს ადგილობრივ და საერთაშორისო ტურისტებს“, – აღნიშნა ლევან დავითაშვილმა.

აბასთუმნის განვითარების გეგმის ფარგლებში, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ უკვე დაასრულა კურორტ აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე მე-19-მე-20 საუკუნეების 20-მდე ისტორიული სახლის, 1932 წელს აშენებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიისა და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის სრული რეაბილიტაცია. შემუშავდა კურორტ აბასთუმნის განაშენიანების გენერალური გეგმა.

ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.