„აჭარა ჯგუფი“ - ვიზიარებთ პროტესტის სულისკვეთებას, სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე
ვიზიარებთ პროტესტის სულისკვეთებას, სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე, – ამის შესახებ ნათქვამია „აჭარა გჯუფის“ განცხადებაში.
„ვიზიარებთ პროტესტის სულისკვეთებას და წუხილს გამოვთქვამთ შექმნილი ვითარების გამო.
ჩვენი საქმიანობის გათვალისწინებით, სტუმრისა და თანამშრომლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა წარმოადგენს ჩვენს ერთ-ერთ უმთავრეს ვალდებულებას. სასტუმრო მასპინძლობს ნებისმიერ სტუმარს, მათი სტატუსის წინასწარ გადამოწმების გარეშე და არანაირ პრივილეგიას, მითუმეტეს კანონსაწინააღმდეგოს, არ ანიჭებს.
ჩვენთვის მნიშვნელოვან და უპირობო საკითხს წარმოადგენს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და ვგმობთ ქვეყნის ოკუპაციას“,- აღნიშნულია „აჭარა ჯგუფის“ განცხადებაში.
რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლა აქტივისტებმა და ოპოზიციის წარმომადგენლებმა გააპროტესტეს. თავდაპირველად აქცია გაიმართა სასტუმრო „ვინოტელთან“, სადაც ჟურნალისტი და მისი სტუმრები იმყოფებოდნენ. აქტივისტები და ოპოზიციური პარტიის ლიდერები აცხადებდნენ, რომ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა გადაადგილებაზე შეზღუდვა დაარღვიეს.
ამასთან, შსს-ში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პოზნერი ამერიკის მოქალაქეა და მას კანონი ოკუპაციის შესახებ დარღვეული არ აქვს.
ვლადიმერ პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით დატოვეს.სასტუმრო „ვინოტელი“ შრომის ინსპექციამ 10 000 ლარით დააჯარიმა.
აქცია გაგრძელდა სასტუმრო „რუმს ჰოტელთან“, სადაც პოზნერი და მისი სტუმრები დაბინავდნენ. ოპოზიციის მხარდამჭერებმა სასტუმროს კვერცხები დაუშინეს.