აბასთუმანში, ობსერვატორიის მიმდებარედ გაჩენილი ხანძარი ლიკვიდირებულია. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, დამწვარია წიწვოვანი ტყის ქვედა საფარი. ადგილზე მონიტორინგის მიზნით რჩება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ჯგუფი 10 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით.
ამასთან, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით, ექსპერტები არ გამორიცხავენ ცეცხლის ხელოვნურად გაჩენას, რადგან ბოლო სამ დღეში ორჯერ გაჩენილ ხანძარს წინა ღამით ძლიერი წვიმა უსწრებდა.
„დაბა აბასთუმნის მიმდებარედ ბოლო დღეებში ტყის ხანძრის მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დაბაში მუშაობას იწყებს შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის სახანძრო ექსპერტები, ხანძრის ადგილის შესასწავლად და გამომწვევი მიზეზის დასადგენად. ექსპერტები არ გამორიცხავენ ცეცხლის ხელოვნურად გაჩენას, რადგან ბოლო სამ დღეში ორჯერ გაჩენილ ხანძარს წინა ღამით ძლიერი წვიმა უსწრებდა.
აბასთუმანთან ხანძრის ახალი კერა 15 ივნისს დილის საათებში გაჩნდა. ადგილზე უმოკლეს დროში გამოცხადდა ხუთი სახანძრო-სამაშველო ჯგუფი, 50-მდე მეხანძრე-მაშველი და დაიწყო ხანძრის ქრობითი სამუშაოები.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს“, – ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.