თუკი ვანო მერაბიშვილი საკნიდან სხვა მიზნით მართლა იყო გაყვანილი და მისი გაყვანა გარკვეულ ზეწოლის განხორციელების მცდელობას უკავშირდებოდა, ეს დარღვევაა – ამის შესახებ საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატმა ევა გოცირიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ის, რომ მე-18 მუხლი დარღვეულად ცნო სტრასბურგის სასამართლომ, არ ნიშნავს, რომ იგი მიიჩნევს, რომ მისი პატიმრობა უკანონო იყო.
„მას შემდეგ, რაც სტრასბურგის გადაწყვეტილებას წავიკითხავ, მივხვდები რა არგუმენტების საფუძველზე იყო ეს გადაწყვეტილება მიღებული“, – განაცხადა გოცირიძემ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
ევროპის ადამიანის უფლებების სასამართლომ საქმეზე – ვანო მერაბიშვილი საქართველოს წინააღმდეგ, გადაწყვეტილება გამოაცხადა. საქმე ეხება ყოფილი პრემიერის საკნიდან გაყვანის ეპიზოდს. როგორც პირველი არხის კორესპონდენტი სტრასბურგიდან იუწყება, სასამართლომ დაადგინა, რომ მისი დაკავება და პატიმრობა იყო კანონიერი. ხოლო, 9 ხმით 8-ის წინააღმდეგ, სასამართლომ დაადგინა, რომ დაირღვა მე-18 მუხლი, რაც არეგულირებს წინასწარი პატიმრობის სხვა მიზნებისთვის გამოყენების აკრძალვას.