560 მილიონი ლარის ღირებულების ცე ჰეპატიტის მედიკამენტებს ვადა გაუვიდა, მიზეზად პროგრამის ბენეფიციართა მკვეთრად შემცირებული მიმართვიანობა სახელდება
ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საქართველოს მიერ უსასყიდლოდ მიღებული, 560 645 083 ლარის ღირებულების მედიკამენტებს ვადა გაუვიდა. ამის შესახებ ჯანდაცვის სამინისტროს ფინანსურ აუდიტში წერია, რომელიც დღეს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა.
დოკუმენტში აღნიშნულ თემაზე სოციალური მომსახურების სააგენტოს განმარტებაა მოყვანილი. მედიკამენტების ვადის გასვლის ძირითად მიზეზად 2017 წლის ივლისიდან ბენეფიციართა მკვეთრად შემცირებული მომართვიანობა სახელდება.
„ასევე, პროგრამის ამოქმედების თავდაპირველ ეტაპზე (2015 წელი) ძირითადი სამკურნალო პრეპარატი იყო „სოფოსბუვირი“ („სოვალდი“), რომელიც სამკურნალო რეჟიმების მიხედვით ინიშნებოდა სხვა მედიკამენტებთან („ინტერფერონი“ და „რიბავირინი“) კომბინაციით. 2016 წლის თებერვლიდან აღნიშნული პრეპარატი ჩანაცვლდა ახალი თაობის მედიკამენტით − „ჰარვონი“, რომლის მიხედვით, შეიცვალა სამკურნალო რეჟიმები, რამაც მკვეთრად შეამცირა თავდაპირველ ეტაპზე გამოყენებული პრეპარატების („სოფოსბუვირი“, „ინტერფერონი“ და „რიბავირინი“) მოხმარება. ასევე სააგენტოს განმარტებით, არსებობს პაციენტების მხრიდან მკურნალობის თვითნებური შეწყვეტის ან მათი გარდაცვალების ფაქტები“, – წერია ანგარიშში.
აუდიტის სამსახური ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციით მიმართავს, განხორციელდეს ცე ჰეპატიტის მართვის პროგრამის ფარგლებში საინფორმაციო სისტემის სრულყოფა, რათა შესაძლებელი იყოს შიდა გადაცემებისა და ნაშთების შესახებ ინფორმაციის მიღება სამედიცინო დაწესებულებების დონეზე.
დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ 2018 წელს ცე ჰეპატიტის მართვაზე ბიუჯეტიდან 15.4 მილიონი ლარი გამოიყო, თუმცა, ათვისებულ იქნა მხოლოდ 4 741 000 ლარი, დანარჩენი თანხა კი, გადანაწილდა სხვა პროგრამებზე.
„სამინისტროს მხრიდან წარმოდგენილი განმარტებით, დაბალი ათვისების მაჩვენებელი გამოწვეულია პაციენტთა რაოდენობის კლებით. აღსანიშნავია, რომ ეს ქვეპროგრამა ბოლო წლებში მუდმივად დაბალი ათვისების მაჩვენებლით ხასიათდება, რაც ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზე სამინისტროს არ გაუთვალისწინებია“, – აღნიშნულია აუდიტის სამსახურის დოკუმენტში.