თბილისის 51-ე სკოლის დირექტორის, მანანა თურქაძის განცხადებით, სკოლაში პნევმატური იარაღი არასოდეს ყოფილა.
როგორც დირექტორმა ჟურნალისტებს განუცხადა, მოსწავლეების შემოწმება პერიოდულად ხორციელდებოდა.
ამასთან, რამ გამოიწვია კონფლიქტი, დირექტორისთვის უცნობია.
„საფუძვლიანი ეჭვის შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ხდება მოსწავლეების შემოწმება. ორი მოსწავლეც რომ საეჭვოდ გადაადგილდებოდეს, სახეზეც რომ შევატყოთ ისეთი რამის ქონა, რაც არ უნდა ჰქონდეს, ასეთ შემთხვევაშიც, რა თქმა უნდა, ვამოწმებთ.
პნევმატური იარაღი არასდროს ყოფილა სკოლაში და არც ამ შემთხვევაში ყოფილა. დაპირისპირება რომ გაეგოთ მანდატურებს, ეს ამბავი არ მოხდებოდა”- აცხადებს მანანა თურქაძე.
51-ე სკოლის დირექტორის ინფორმაციით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროდან ელოდება ფსიქოლოგებს, რომლებიც სკოლის ფსიქოლოგთან ერთად იმუშავებენ.
„სკოლა სტრესშია. ველოდებით ფსიქოლოგებს სამინისტროდან და ისინი ჩვენს ფსიქოლოგთან ერთად იმუშავებენ”,- განაცხადა თურქაძემ.
დირექტორის თქმით, სასწავლო პროცესი სკოლაში ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება.
„სკოლაში ზოგადად ისეთი სიტუაციაა, მოსწავლეების ნაწილი მოვა, ნაწილი არ მოვა. ვინც არ მოვა დამრიგებლები მშობლებთან მოიკითხავენ ამბავს და ისინი მოვლენ აუცილებლად. ჩვენს სკოლაში რომ ბევრი მოსწავლეა, ეს არის დიდი ხნის პრობლემა. ხელოვნურად გაზრდილია მოსწავლეთა რაოდენობა. ეს, რა თქმა უნდა, არასწორია.
სკოლებში არ უნდა იყოს ამდენი მოსწავლე, თუმცა, აქ უკონტროლო სიტუაცია არასდროს ყოფილა. ადმინისტრაცია და მანდატურები აკეთებენ იმაზე ბევრად მეტს, რისი გაკეთებაც შეიძლება. რის გამო მოხდა კონფლიქტი, რამდენად სერიოზული იყო, ამას გამოძიება დაადგენს.
ასე დაუნდობლად რომ დახოცეს ჩვენი ნაფერები ბავშვები, ამას გამოძიება დაადგენს.
იმ დღეს სკოლაში არ ვიყავი, შვებულებაში გახლდით. ამიტომ, მეც ველოდები გამოძიების შედეგს. ამ წუთში სკოლას ვჭირდები, რადგან სიტუაცია სამართავია”, – განცხადა მანანა თურქაძემ.
შემთხვევა თბილისში, ხორავას ქუჩაზე პირველ დეკემბერს მოხდა. არასრულწლოვნებს შორის დაპირისპირებას ორი მოზარდი ემსხვერპლა. ბრალდებულთაგან ერთი არასრულწლოვანი დაკავებულია, ხოლო მეორეს სამართალდამცველები ამ დრომდე ეძებენ.
თბილისის პროკურატურამ ქალაქ თბილისის 51-ე საჯარო სკოლასთან მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ განზრახ მკვლელობის შესაძლო ფაქტზე ორი არასრულწლოვანი პირი სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში მისცა.
ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე კომენტარი გააკეთა შს მინისტრმა გიორგი გახარიამ.