4-დღიანი სამუშაო კვირის ექსპერიმენტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ ახალზელანდიური კომპანია მის დანერგვას აპირებს
ახალ ზელანდიაში ერთ-ერთმა კომპანიამ ოთხდღიანი სამუშაო კვირის ექსპერიმენტი ჩაატარა. ექსპერიმენტი ორ თვეში დასრულდა, მაგრამ შედეგები იმდენად კარგი აღმოჩნდა, რომ კომპანიას მისი სამუდამოდ დანერგვა სურს.
უკვე მრავალმა კვლევამ აჩვენა, რომ შემცირებულ სამუშაო კვირას დასაქმებულთათვის არაერთი სარგებელი მოაქვს. კონკრეტული ექსპერიმენტის შემთხვევაში, საკრედიტო კომპანია Perpetual Guardian-მა თანამშრომლებს ოთხდღიანი სამუშაო კვირა დაუწესა, მაგრამ უხდიდა ხუთი დღის გასამრჯელოს.
ტრადიციული მენეჯმენტისთვის ასეთი საქციელი შესაძლოა, სულელურად ჩანდეს, მაგრამ კომპანიის მფლობელი ენდრიუ ბარნსი რისკზე თამამად წავიდა.
მარტსა და აპრილში, რვა კვირის განმავლობაში, კომპანიამ თავის 240 თანამშრომელს ერთი სამუშაო დღე გამოუთავისუფლა, თუმცა ხელფასს სრულად უხდიდა. ხელმძღვანელობას სურდა ეხილა, როგორ იმოქმედებდა ეს ნაბიჯი მათ ბიზნესზე.
პროცესს იკვლევდა ოკლენდის უნივერსიტეტისა და ოკლენდის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფი. მათი თქმით, ექსპერიმენტის დროს კოლექტივის სტრესის დონე 45 პროცენტიდან 38 პროცენტამდე დაეცა, სამსახური-პირადი ცხოვრების ბალანსი კი 54-დან 78 პროცენტამდე გაუმჯობესდა.
რა თქმა უნდა, ასეთი შედეგები მოსალოდნელიც იყო, მაგრამ ყველაზე საოცარი ის აღმოჩნდა, რომ არ გამოიკვეთა არანაირი ნეგატიური გავლენა პროდუქტიულობაზე.
„ჩვენი ხელმძღვანელობის ჯგუფის ცნობით, ექსპერიმენტის დროს კომპანიის მოგებაში არანაირი ცვლილება არ დაფიქსირებულა. არ შემცირებულა არც სამუშაოს შესრულების ხარისხი. როგორც კვლევის შედეგები აჩვენებს, უმეტეს ჯგუფში ის ოდნავ გაიზარდა კიდეც“, — ამბობს ბარნსი.
მნიშვნელოვნად გაიზარდა ჩართულობის მაჩვენებლები ისეთ სფეროებში, როგორებიცაა მართვა, ვალდებულება, სტიმულირება და უფლებამოსილება.
„საგრძნობლად გაიზარდა ჩართულობა და მოსამსახურე პერსონალის კმაყოფილება თავიანთ საქმისადმი. ასევე მნიშვნელოვნად გაძლიერდა პერსონალის სურვილი კომპანიაში მუშაობის გაგრძელების შესახებ, პროდუქტიულობაში ვერ ვნახეთ ვერანაირი ჩავარდნა“, — განუცხადა ბარნსმა გამოცემა New Zealand Herald-ს.
წარმოუდგენლად კარგი შედეგების გამო, კომპანიის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ დირექტორს სურთ ოთხდღიანი სამუშაო დღე მუდმივად დანერგონ. გადამწყვეტი სიტყვა ახლა კომპანიის სამეთვალყურეო საბჭოს ეკუთვნის.
„ჩვენ ფულს ვიხდით პროდუქტიულობისთვის. მკვეთრად ვმიჯნავთ აქ, ოფისში და მის მიღმა გატარებული საათებისა ოდენობას“, — ამბობს კომპანიის ხელმძღვანელი ენდრიუ ბარნსი.
რა თქმა უნდა, საბოლოოდ დრო აჩვენებს, რამდენად გაამართლებს ამ კომპანიაში ოთხდღიანი სამუშაი კვირა.
როგორც ერთ-ერთმა წინა კვლევამ აჩვენა, სრულ განაკვეთზე მუშაობა ცუდია თავის ტვინისთვისა და მენტალური ჯანმრთელობისთვის. გარდა ამისა, არაერთმა კვლევამ აჩვენა, რომ პროდუქტიულობა საგრძნობლად ეცემა, როცა დასაქმებულები ზედმეტად ბევრს მუშაობენ.
ფაქტი კი ის არის, რომ ახალზელანდიური კომპანიის ხელმძღვანელი ოთხდღიანი სამუშაო კვირის შესახებ ჩატარებული ექსპერიმენტით ზედმეტად კმაყოფილია და არაფერს ნანობს.
„ეს მხოლოდ თეორია იყო. ყოველთვის მსურდა მისი შემოწმება, რადგან ჩემი გუნდისთვის უკეთესი გარემოს შექმნა მინდოდა“, — უთხრა ბარნსმა CNN-ს.
„შედეგად მივიღეთ მოტივირებული, ენერგიული, სტიმულირებული სამუშაო ძალა. ხელთ მაქვს სტატისტიკა, რომელიც მიუთითებს, რომ ჩემი პერსონალი ძლიერ ამაყობს კომპანიით, რომელშიც მუშაობენ“.
ექსპერიმენტის შესახებ ჩატარებული ორი დამოუკიდებელი კვლევის ხილვა შესაძლებელია აღნიშნულ ბმულებზე.
მომზადებულია CNN-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.