3,5 მილიონი წლის წინ, ჩვენი გალაქტიკის ცენტრში რაღაც გიგანტური ამოიფრქვა - ახალი კვლევა
3,5 მილიონი წლის წინ, ჩვენი გალაქტიკის ცენტრში რაღაც გიგანტური ამოიფრქვა - ახალი კვლევა

ირმის ნახტომის ცენტრი ახლა შედარებით მშვიდი ადგილია სხვა გალაქტიკების ცენტრებთან შედარებით, მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ იყო. თუმცა, 3,5 მილიონი წლის წინ იქ დიდი არეულობა მოხდა — გამოიტყორცნა ენერგიის ჭავლი, რომელიც თანდათან გავრცელდა გალაქტიკური სიბრტყის მაღლა-დაბლა, 200 000 სინათლის წლის მანძილზე.

ამ კოლოსალური ანთების შოკური ტალღები, რასაც სეიფერტის ანთებას უწოდებენ, დღესაც შეიმჩნევა მაგელანის ნაკადში; ეს გახლავთ გაზის მაღალსიჩქარიანი ნაკადი, რომელიც ირმის ნახტომიდან 200 000 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ჯუჯა გალაქტიკებიდან, მაგელანის დიდი და პატარა ღრუბლებიდან ვრცელდება.

ანთება იმდენად მძლავრია, რომ ასტრონომთა აზრით, ის მხოლოდ ირმის ნახტომის ცენტრალური სუპერმასიური შავი ხვრელიდან, მშვილდოსანი A*-დან უნდა მოდიოდეს. ამ ანთების პირველი ნიშნები 2013 წელს დააფიქსირეს და BH2013 უწოდეს.

მაშინ, სიდნეის უნივერსიტეტის ასტროფიზიკოსმა ჯოს ბლენდ-ჰავტორნმა და მისმა კოლეგებმა დაადგინეს, რომ ეს მოვლენა 1-3 მილიონი წლის წინ უნდა მომხდარიყო.

ამჯერად გაცილებით მეტი მონაცემი მივიღეთ ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპით ჩატარებული დაკვირვებების შედეგად. მკვლევართა ჯგუფმა კიდევ უფრო დიდი სიზუსტით გამოთვალეს, როდის მოხდა და რამდენ ხანს გრძელდებოდა ეს მოვლენა.

სიდნეის უნივერსიტეტის ასტრონომის, მაგდა გილერმოს განცხადებით, შედეგები დრამატულად ცვლის ჩვენს წარმოდგენას ირმის ნახტომის შესახებ. მისი თქმით, ყოველთვის ვფიქრობდით, რომ ირმის ნახტომი არააქტიური გალაქტიკაა არც ისე კაშკაშა ცენტრით, მაგრამ ახალი შედეგები სრულიად სხვა შესაძლებლობებზე მიუთითებს.

არსებობს რამდენიმე მტკიცებულება, რომელიც ერთიანობაში სრულ სურათს ხატავს. მათ შორის ყველაზე აშკარაა გამა და რენტგენული რადიაციის უზარმაზარი „ფერმის ბუშტები“, რომლებიც გალაქტიკური სიბრტყის ზემოთ და ქვემოთ ვრცელდება; ისინი თანამგზავრმა „ფერმიმ“ და ROSAT-მა აღმოაჩინეს. ეს ბუშტები საერთო ჯამში 50 000 სინათლის წელზე ვრცელდება — 25 000 სინათლის წელიწადზე გალაქტიკის სიბრტყის ზემოთ და 25 000-ზე ქვემოთ.

2013 წელს, მაგელანის ნაკადის გასწვრივ, ბუშტების ხაზში ასტრონომებმა წყალბადი-ალფა გამოსხივება აღმოაჩინეს. მათი განმარტებით, ამ ფაქტის ყველაზე სავარაუდო ახსნა იყო იონიზებული ენერგიის ამოფრქვევა ირმის ნახტომის ცენტრიდან.

ამ გამოცანას ჰაბლმა ახალი დეტალები შესძინა. ულტრაიისფერ ტალღის სიგრძეში შთანთქმის ზოგიერთმა მაჩვენებელმა გამოავლინა, რომ ნაკადში ზოგიერთი ღრუბელი ძლიერ იონიზებულია და აქვს ძალიან ენერგიული წყარო.

როგორც მკვლევრები წერენ, ეს არის ღრუბლები, რომლებიც ჩაჭერილი მშვილდოსანი A*-სთან დაკავშირებულ სეიფერტის ბირთვის ბიპოლარულ ნაკადში.

ორი გაფართოებადი კონუსი იწყება გალაქტიკის ცენტრის სიახლოვეს, პატარა რეგიონში და ვრცელდება გალაქტიკური სიბრტყის მაღლა-დაბლა, კოსმოსში ისე შორს ტყორცნის იონიზებულ რადიაციას, რომ აიონიზებს ასობით ათასი სინათლის წლის მანძილზე მდებარე მაგელანის ნაკადის გაზს.

ჯოს ბლენდ-ჰავტორნის განცხადებით, ეს ანთება შუქურას სინათლეს ჰგავს — წარმოიდგინეთ წყვდიადი, რომელშიც ვიღაცამ დროის რაღაც მონაკვეთში შუქურა აანთო.

მკვლევართა თქმით, ასეთი მძლავრი ეფექტის წარმოქმნა სხვა არაფერს შეეძლო, თუ არა აქტიური კვების რეჟიმში მყოფი შავი ხვრელის რელატივისტურ ჭავლებს.

ანთება დაახლოებით 3,5 მილიონი წლის წინ მოხდა და თითქმის 300 000 წელიწადს გრძელდებოდა. კოსმოსურ მასშტაბებში ეს საკმაოდ ხანმოკლე აფეთქებაა.

იმ დროს აქ, დედამიწაზე პლიოცენი იდგა — ეპოქა, როცა ამჟამინდელ სახეობათა უმეტესობა გაჩნდა.

მიუხედავად იმისა, რომ მომდევნო წლებში მშვილდოსანი A*-მ სიმშვიდე შეინარჩუნა, ბოლო დაკვირვებები აჩვენებს, რომ შესაძლოა, ის კვლავ აქტიურდება.

მკვლევართა განცხადებით, ეს აღმოჩენა მიუთითებს, რომ ირმის ნახტომის ცენტრი იმაზე გაცილებით დინამიკურია, ვიდრე აქამდე გვეგონა.

ირმის ნახტომის ცენტრალური შავი ხვრელი ჩვენგან 26 000 სინათლის წლით არის დაშორებული და შესაბამისად, ჩვენ ალბათ დაცული ვართ რომელიმე გიგანტური ანთებისგან; ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ სიცოცხლე დედამიწაზე 3,5 მილიონი წლის წინანდელ ამოფრქვევას გადაურჩა.

კვლევა უახლოეს მომავალში გამოქვეყნდება The Astrophysical Journal-ში, მანამდე კი მისი ნახვა ამ ბმულზე შეგიძლიათ.

მომზადებულია scimex.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

დატოვე კომენტარი