34 წლის შემდეგ, „მონანიება“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს [ფოტო]
34 წლის შემდეგ, „მონანიება“ კანის საერთაშორისო კინოფესტივალზე აჩვენეს.
ინფორმაციას ეროვნული კინოცენტრი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ფილმის აღდგენილი ვერსია კინოფესტივალის წარმომადგენელმა ჟოელ შაპრონმა ნანა ჯანელიძესა და ავთანდილ მახარაძესთან ერთად წარადგინა.
კანის კინოფესტივალი ფილმებს აჩვენებს უმაღლესი ხარისხის ციფრული ფორმატით, ამიტომ ეროვნულმა კინოცენტრმა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, 2020 წლის იანვარში დაიწყო ფილმის აციფვრა-რესტავრაცია.
ეროვნული კინოცენტრის ცნობით, შესასრულებელი სამუშაოების კომპლექსურობის გათვალისწინებით, ფილმის სკანირება განხორციელდა პრაღაში, ჩეხურ სტუდია UPP-ის მიერ (Universal Production Partners – Prague), ხოლო ე.წ. გრეიდინგი, ფერისა და ხმის დამუშავება განხორციელდა საქართველოში, სტუდია „ფონოგრაფის“ მიერ, პაატა გოძიაშვილის ხელმძღვანელობით.
„მონანიების“ მსოფლიო პრემიერა კანში 1987 წელს გაიმართა. ფილმმა კინოფესტივალის სამი ჯილდო მოიპოვა – ჟიურის „დიდი პრიზი“, „ფიპრესის“ ჯილდო და კათოლიკური ეკლესიის ჟიურის პრიზი ჰუმანიზმისათვის. 1988 წელს კი „მონანიება“ ნომინირებული იყი „ოქროს გლობუსზე“ საუკეთესო უცხოენოვანი ფილმის ნომინაციაში. ფილმში მთავარ როლებს ქართული თეატრისა და კინოს ვარსკვლავები ასრულებენ.