300 წლის განმავლობაში პირველად კიევ-პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება უკრაინულ ენაზე ჩატარდა
პირველად 300 წლის განმავლობაში კიევ-პეჩერის ლავრის ღვთისმშობლის მიძინების ტაძარში სააღდგომო ღვთისმსახურება უკრაინულ ენაზე ჩატარდა.
როგორც მედია წერს, ღვთისმსახურება ლავრის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელმა, არქიმანდრიტმა აბრაამმა აღავლინა. ტაძართან გამკაცრებული იყო უსაფრთხოების ზომები, პოლიცია შესასვლელში მოქალაქეების დოკუმენტებსა და სააღდგომო კალათებს ამოწმებდა.
კიევ-პეჩერის ლავრაში სააღდგომო ღვთისმსახურება მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებმაც აღავლინეს. მათ აღაპიტ პეჩერელის სახელობის ეკლესიაში ჩაატარეს წირვა.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის კულტურის სამინისტრომ მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს ლავრის კომპლექსის დაცლა მოსთხოვა. აღდგომის დღეს უკრაინის მოსახლეობას დღესასწაული უკრაინის პრეზიდენტმა კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიიდან მიულოცა.
„აღდგომის მთავარი სიმბოლო სიკეთის, სიმართლის, სიცოცხლის გამარჯვებაა, დღეს აღდგომას ვზეიმობთ ამ გამარჯვების შეუქცევადობის ურყევი რწმენით“, – განაცხადა ზელენსკიმ.