ალექსეი დანილოვი - კიევ-პეჩერის ლავრა იქნება სახელმწიფო მუზეუმი, სადაც მსახურება უკრაინის კანონების შესაბამისად ჩატარდება
ალექსეი დანილოვი - კიევ-პეჩერის ლავრა იქნება სახელმწიფო მუზეუმი, სადაც მსახურება უკრაინის კანონების შესაბამისად ჩატარდება

კიევ-პეჩერის ლავრა იქნება სახელმწიფო მუზეუმი, სადაც მსახურება უკრაინის კანონების შესაბამისად ჩატარდება, – ამის შესახებ უკრაინის ეროვნული თავდაცვის და უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა, ალექსეი დანილოვმა განაცხადა.

დანილოვმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ამ სამუზეუმო კომპლექსის ბედს სახელმწიფო გადაწყვეტს და არა – ცალკეული პირები.

„რაც შეეხება საეკლესიო საქმეებს, ჩვენ არ ჩავერევით. მაგრამ ლავრა არის მუზეუმი, რომელიც ეკუთვნის სახელმწიფოს. არავინ არავის ფეხებით არ გამოათრევს. ყველაფერი იქნება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. იქნება ღვთისმსახურება, მაგრამ ჩვენი ქვეყნის კანონების მიხედვით და არა – ხელოვნური წარმონაქმნები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიქმნა ჩვენი ქვეყნის კანონის მიღმა. ჩვენ გვჯეროდა, რომ ისინი ღმერთთან იყვნენ კავშირში, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ისინი კავშირში იყვნენ რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურთან“, – თქვა ალექსეი დანილოვმა.

ამასთან, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია კიევ-პეჩერის ლავრიდან გასვლას არ აპირებს და გამოსახლების გადაწყვეტილებას ასაჩივრებს.

უკრაინული მედიის ცნობით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმებას ვადა დღეს ამოუწურა. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნებს, რომლითაც დგინდება, რომ მონასტრის მიერ დარღვეულია სახელმწიფო ქონების გამოყენების შეთანხმების პირობები.