უკრაინული მედიის ცნობით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია კიევ-პეჩერის ლავრიდან გასვლას არ აპირებს და გამოსახლების გადაწყვეტილებას ასაჩივრებს
უკრაინული მედიის ცნობით, მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია კიევ-პეჩერის ლავრიდან გასვლას არ აპირებს და გამოსახლების გადაწყვეტილებას ასაჩივრებს

მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებული უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესია კიევ-პეჩერის ლავრიდან გასვლას არ აპირებს და გამოსახლების გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებს, სარჩელი უკვე შეტანილია. ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.

უკრაინული მედიის ცნობით, მოსამართლემ, რომელსაც საქმე უნდა განეხილა, აცილების შესახებ განაცხადა, შესაბამისად, საქმე გადაეცემა კიევის ეკონომიკური სასამართლოს უფლებამოსილ თანამშრომელს საქმის ხელახალი ავტომატური განაწილების საკითხის გადასაწყვეტად.

კიევ-პეჩერის ლავრის მიტროპოლიტმა, პაველმა განაცხადა, რომ მას და მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებლური ეკლესიის სასულიერო პირებს უფლება აქვთ, დარჩნენ ლავრაში და არ აპირებენ ლავრის დატოვებას სასამართლო პროცესის დასრულებამდე.

კიევ-პეჩერის ლავრაში დღეს დილიდან მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ასობით მორწმუნე შეიკრიბა. შეკრება უკავშირდება უკრაინის ხელისუფლების მოთხოვნას, რომლის მიხედვითაც, ლავრა ბერებმა დღეს უნდა დატოვონ. უკრაინის კულტურის სამინისტროს მიერ წარდგენილ ულტიმატუმს ვადა ეწურება. 30 მარტიდან ლავრაში ქონების კომისიამ უნდა დაიწყოს მუშაობა.

მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის უსასყიდლოდ გამოყენების შეთანხმება 2023 წლის 29 მარტიდან უქმდება. ეს გადაწყვეტილება ეფუძნება უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფის დასკვნებს, რომლითაც დგინდება, რომ მონასტრის მიერ დარღვეულია სახელმწიფო ქონების გამოყენების შეთანხმების პირობები.