საგუშაგოზე დაღუპული ბექა რუსიას ოჯახის წევრები გამოძიებას უნდობლობას უცხადებენ
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სოფელ მუჟავაში საგუშაგოზე ბექა რუსიას დაღუპვის საქმეზე ბრალდებულ დავით ჯალაღანიას სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
განაჩენის გამოცხადებას ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა. გარდაცვლილის ოჯახის წევრები უკმაყოფილებას გამოთქვამენ და განაჩენის გასაჩივრებას აპირებენ. ამასთან, ისინი უნდობლობას უცხადებენ გამოძიებას და მთავარ პროკურატურას საქმის ხელახალი გამოძიების მოთხოვნით მიმართავენ. სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ რუსიას ოჯახის წევრები ჯალაღანიას ახლობლებს დაუპირისპირდნენ.
19 წლის ბექა რუსია 2017 წლის 26 ოქტომბერს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ მუჟავაში არსებულ ერთ-ერთ საგუშაგოზე დაიღუპა. საქმე აღიძრა სსკ 116- ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს. ბექა რუსიას დაღუპვის ფაქტზე მსჯავრდებულია ამავე საგუშაგოს ჯარისკაცი დავით ჯალაღანია.