ჩვენი პლანეტა რამდენიმე გარდამტეხ წერტილს უახლოვდება, რომლებიც ერთხელაც აუცილებლად დადგება და ეკოლოგიურ ცვლილებათა კასკადს გამოიწვევს.
ექსტრემალური სითბური ტალღები, გვალვები, წყალდიდობები და შტორმები უფრო ხშირი და ძლიერი გახდება; დედამიწის ატმოსფეროსა და ოკეანეებში მომწყვდეული ენერგია დაახლოებით ისეა, როგორც გაზიანი სასმლის ბოთლში მოქცეული წნევა.
ახალი კვლევა, რომელშიც 2100 წლისთვის დედამიწის მომავლის სიმულირება მოახდინეს, გვიჩვენებს, როგორ შეიძლება, ტემპერატურისა და ნალექის ფუნდამენტურმა ცვლილებამ შეცვალოს კლიმატი ადგილობრივ დონეზე, თანაც იმდენად, რომ საჭირო გახდება 1880-იან წლებში შექმნილი რუკების ჩასწორება.
„საუკუნის ბოლოსთვის, გლობალური ხმელეთის ტერიტორიათა 38-40 პროცენტი დღევანდლისგან განსხვავებულ კლიმატურ ზონაში იქნება“, — წერს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც ვირჯინიის ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტის კლიმატური მეცნიერი პოლ დირმეიერი ხელმძღვანელობდა.
იმის მიხედვით, თუ კლიმატის რომელი მოდელები გამოიყენეს მკვლევრებმა სამომავლო გლობალური ცვლილებების პროგნოზირებისთვის, შეფასებები შეიძლება კიდევ უფრო შორს წავიდეს, მაგალითად, დედამიწის ხმელეთის 50 პროცენტი სრულიად უცნობ კლიმატურ ზონაში მოხვდეს. უახლესი თაობის კლიმატური მოდელებით, ეს ცვლილებები კიდევ უფრო გამოკვეთილი ხდება; ეს მოდელები მგრძნობიარეა კლიმატში ცვლილებებისადმი და გლობალური დათბობის უფრო მკვეთრ ტემპებს პროგნოზირებენ.
პროგნოზირებულ ცვლილებათა აღსარიცხად, დირმეიერი კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის რუკებს მიუბრუნდა — სისტემას, რომელიც მსოფლიოს ხუთ კლიმატურ ზონად ყოფს ტემპერატურაზე, ნალექებსა და სეზონებზე დაყრდნობით.
კიოპენის კლიმატის კლასიფიკაციის რუკები 1884 წელს გერმანელმა რუსმა კლიმატოლოგმა ვლადიმირ კიოპენმა შექმნა და მას შემდეგ მრავალჯერ განახლდა; ისინი ფართოდ გამოიყენება სახეობების გავრცელებისა და ზრდის მოდელირებისთვის.
დირმეიერისა და მისი კოლეგების მიერ პროგნოზირებული ცვლილებები კლიმატურ ზონებში, მხოლოდ შესაძლებლობათა სპექტრია, რადგან ძნელია ზოგიერთი კლიმატური ცვლადის ფიზიკის სიმულირება, მაგალითად, ნალექების უფრო ძნელია, ვიდრე სხვების, თუნდაც ტემპერატურის. ამას გარდა, მოიცავენ მხოლოდ ხმელეთის მასას და მიღმა რჩება ოკეანეები — რომლებიც თავის მხრივ უკვე შევიდნენ სრულიად გაურკვეველ ტერიტორიაში — და ანტარქტიდა.
თუმცა, აშკარაა, რომ თუ დროულად არ ვიმოქმედეთ ემისიების შესამცირებლად, გლობალური დათბობის მჩვენებლები აჩქარებას გააგრძელებს, რის გამოც, მკვლევართა ვარაუდით, მოწყვლად სახეობებსა და სასოფლო-სამეურნეო პრაქტიკას იმაზე ნაკლებ დროს დაუტოვებს კლიმატურ ზონებში ცვლილებებზე მოსარგებად, ვიდრე აქამდე არსებული პროგნოზები მიუთითებდა.
საკუთარ ანალიზებზე დაყრდნობით, მკვლევრები ვარაუდობენ, რომ 2100 წლისთვის ტროპიკული კლიმატი დედამიწის ხმელეთზე 23-დან 25 პროცენტამდე გაფართოვდება. ხმელეთის უფრო დიდი ნაწილი გახდება მშრალი — მაჩვენებელი ამჟამინდელი 31 პროცენტიდან დაახლოებით 34 პროცენტამდე ავა. როგორც სხვა კვლევები აჩვენებს, ამ ტიპის ცვლილებებმა შეიძლება მოშალოს საკვების წარმოების სისტემები და ახალ ტერიტორიებზე შეიტანოს დაავადებები, რომლებიც კოღოებს გადააქვთ.
კვლევის მიხედვით, ახალი კლიმატის თვალსაზრისით, ყველაზე დიდი ცვლილებები მოსალოდნელია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ცივ კლიმატურ ზონებში. 2100 წლისთვის, ევროპის დაახლოებით 89 პროცენტი და ჩრდილოეთ ამერიკის 66 პროცენტი შეიძლება სულ სხვანაირ კლიმატურ ზონაში შევიდეს.
აფრიკის მცხოვრებნი კლიმატის ცვლილების სიცხეს იგრძნობენ — მათი ამჟამინდელი კლიმატური ზონების ფარგლებში, მაგრამ ამინდის ექსტრემალური მოვლენების სახით.
ყველაზე დრამატული ცვლილება პოლარულ ზონაში მოხდება, რომელიც 1901-1930 წლებში პლანეტის ხმელეთის დაახლოებით რვა პროცენტს მოიცავდა და უკვე 6,5 პროცენტამდე შემცირდა ამ დროისათვის, როდესაც პლანეტის საშუალო გლობალურმა ტემპერატურამ 1,2 °C-ით მოიმატა.
„მე-20 საუკუნის დასაწყისიდან, კლიმატის კლასიფიკაციის თვალსაზრისით, უკვე შეიცვალა დედამიწის ხმელეთის 14,77 პროცენტი; ყველაზე დიდი ცვლილებები შეეხო ჩრდილოეთ ამერიკას, ევროპასა და ოკეანეთს“, — წერენ დირმეიერი და მისი კოლეგები.
როგორც არ უნდა იყოს, კიდევ ერთხელ ჩანს, რამდენად სწრაფად იცვლება ჩვენი პლანეტა, მაგრამ კარგი ის არის, რომ მის გადასარჩენად ჯერ კიდევ არ არის ძალიან გვიანი.
კვლევა Earth’s Future-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.