2100 წლისთვის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის ხანგრძლივობა შეიძლება ნახევარ წლამდე გაიზარდოს — #1tvმეცნიერება
კლიმატის კრიზისი ჩვენს პლანეტაზე იმდენად ზემოქმედებს, რომ 2100 წლისთვის ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხულის ხანგრძლივობა შეიძლება ნახევარ წლამდე გაიზარდოს.
ეს არ ნიშნავს უფრო გრძელ დღეებს და მზის მეტ ნათებას, მაგრამ ამას ნამდვილად დრამატული გავლენა ექნება ადამიანის ჯანმრთელობაზე, სოფლის მეურნეობასა და ეკოლოგიაზე.
მიუხედავად იმისა, რომ სასიამოვნო ამინდის ასე გახანგრძლივება შეიძლება მაცდურად ჟღერდეს, სეზონების ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილება ეკოსისტემებში პოტენციურად გამოიწვევს უზარმაზარ მოშლას; ეკოსისტემები კი ხშირად წმინდად არის დაბალანსებული სეზონებისა და ტემპერატურის თვალსაზრისით.
კვლევის მიხედვით, თუ გლობალური დათბობა ამჟამინდელი მაჩვენებლით გაგრძელდება, თუნდაც სიცხისა და ტყის ხანძრების უფრო დიდი სეზონი და მიგრაციის მახასიათებლების ცვლილება, რასაც გავლენა ექნება კვების ჯაჭვზე, დროთა განმავლობაში რისკები გაიზრდება ადამიანებისთვისაც; ცუდი კი ის არის, რომ ასეთი ცვლილებები უკვე ხდება.
„გლობალური დათბობის გამო, ზაფხული ხანგრძლივდება და ცხელი ხდება, ზამთარი კი მოკლდება და თბება. ახლა უფრო ხშირად გვესმის არასეზონური ამინდის შესახებ. მაგალითად, ყალბი გაზაფხული ან მაისში თოვლი“, — ამბობს ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიის ფიზიკური ოკეანოგრაფი იუპინგ გუანი.
მკვლევრებმა შეისწავლეს დღიური კლიმატის ისტორიული მონაცემები 1952 წლიდან 2011 წლამდე. ყოველი დღე, რომელშიც ამ წლების განმავლობაში 25 გრადუსზე მეტი ტემპერატურა ფიქსირდებოდა, ზაფხულის თვეებად მონიშნეს, ყველაზე დაბალი ტემპერატურის დღეები კი ზამთრის თვეებად.
ანალიზებმა ცხადყო, რომ 1952 წლიდან 2011 წლამდე, ზაფხული საშუალოდ 78 დღიდან 95 დღემდეა გაზრდილი, ზამთარი კი 76 დღიდან 73 დღემდე შემცირებული. შემცირებულია გაზაფხული და შემოდგომაც, 9 და 5 დღით. გაზაფხული და ზაფხული თანდათან უფრო ადრე იწყება, შემოდგომა და ზამთარი კი გვიან.
ამის შემდეგ, მკვლევართა ჯგუფმა მომავლის კლიმატის მოდელები შექმნა იმის პროგნოზირებისთვის, როგორ შეიძლება გაგრძელდეს ასეთი ტენდენცია საუკუნის ბოლომდე; აღმოჩნდა, რომ 2100 წლისთვის, ჩრდილოეთ ნახევარსფეროში ზაფხული შეიძლება მაისის პირველ დღეებში დაიწყოს და ოქტომბრის შუა რიცხვებამდე გაგრძელდეს.
ასეთი რამ პოტენციურად სახიფათოა ყოველი მიზეზის გამო — მაგალითად, ნიშნავს ჰაერში ალერგიული ყვავილის მტვრის უფრო დიდ სეზონს და დაავადების გადამტანი ტროპიკული მწერების უფრო მეტად გავრცელებას.
„მრავალმა კვლევამ უკვე აჩვენა, რომ სეზონების ცვლილება გარემოსა და ჯანდაცვას მნიშვნელოვანი რისკების წინაშე აყენებს“, — ამბობს გუანი.
1952 წლიდან შეგროვებულ მონაცემებზე დაყრდნობით ირკვევა, რომ სეზონური ციკლების თვალსაზრისით ყველაზე მეტად შეიცვალა ხმელთაშუა ზღვის აუზი და ტიბეტის მთიანეთი, მაგრამ ნაკლებად სავარაუდოა, რომ კლიმატის ცვლილების ამ ეფექტს მსოფლიოს რომელიმე რეგიონმა დააღწიოს თავი.
რაც უფრო მუდამ მაღლა მიდის ტემპერატურა, ვხედავთ, რომ მსოფლიოში ამინდის მახასიათებლები იმდენად იცვლება, რომ უკან არდაბრუნების წერტილს სცდება; ამინდის ყოველ ვარიანტს კი გავლენა აქვს ოკეანეებსა და მის ქვეშ მიწაზე.
იმისათვის, რათა პლანეტის გათბობა ჩვენს კონტროლს დავუქვემდებაროთ, მნიშვნელოვანია რომ რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია შევაგროვოთ, რომელთა საფუძველზეც საჭირო გადაწყვეტილებებს მივიღებთ.
კვლევა Geophysical Research Letters-ში გამოქვეყნდა.
მომზადებულია news.agu.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.