2023 წელს კლიმატი იმდენად არაპროგნოზირებადი იყო, როგორსაც კლიმატის მეცნიერებიც არ ელოდნენ — #1tvმეცნიერება
ჯერ კიდევ არ ვიცით, რამდენად მძიმე წლები შეიძლება იყოს წინ. 2023 წლის კლიმატი ამის დასტურია.
ანალიზები მიუთითებდა, რომ 99 პროცენტი იყო შანსი იმისა, რომ 2024 წელი აღრიცხულთა შორის ყველაზე ცხელი წელი იქნებოდა.
თუმცა, რეალობა გაცილებით, გაცილებით უარესი აღმოჩნდა — მსოფლიოს თავს დაატყდა ისტორიული გვალვები, წყალდიდობები, შტორმები, ტყის ხანძრები, რისთვისაც ბევრი ქვეყანა სრულიად მოუმზადებელი აღმოჩნდა.
NASA-ს წამყვანი კლიმატოლოგი, გავინ შმიდტი მომხდარით „გულწრფელად გაოგნებულია“.
შმიდტდმა გამოცემა AFP-ს განუცხადა, რომ 2023 წელი უბრალოდ რეკორდული წელი კი არ იყო, არამედ „რეკორდი, რომელმაც წინა რეკორდი რეკორდული სხვაობით მოხსნა“.
კლიმატურ მეცნიერთა აბსოლუტური უმრავლესობა თანხმდება, რომ გრძელვადიანი ტენდენცია გლობალურ დათბობასთან არის დაკავშირებული, მაგრამ როგორც შმიდტი აღნიშნავს, „ის, რაც 2023 წელს მოხდა, სწორედ ეს იყო, მაგრამ კიდევ რაღაც სხვა. და ეს „რაღაც სხვა“ იმაზე გაცილებით დიდია, ვიდრე ველოდით ან ვიდრე შეიძლება აიხსნას“.
ეს უცნობი მახასიათებლები შეიძლება დაკავშირებული იყოს აეროზოლებთან, ელ-ნინიოსთან, ანტარქტიდასა და ატლანტის ოკეანის ჩრდილოეთ ნაწილში განვითარებულ მოვლენებთან, დედამიწის ენერგიის დისბალანსთან და ა. შ.
მეცნიერები ახლა გამალებით ცდილობენ დაადგინონ, რა გამორჩათ.
პირველად აღრიცხულთა შორის, 2023 წლის ცალკე აღებული 365-ვე დღის საშუალო ტემპერატურა 1 °C-ით აჭარბებდა ინდუსტრიალიზაციამდელ მაჩვენებელს. მეცნიერთა განცხადებით, ეს მაჩვენებელი ახლოს იყო 1,5 °C-თან, რისი არდაშვებაც პარიზის კლიმატური შეთანხმების მთავარი მიზანია.
ერთი წლით ადრე, კლიმატის პროგნოზირების ათი სხვადასხვა ცენტრი ძალიან დაბალ ალბათობას პროგნოზირებდა იმისა, რომ 2023 წლის წლიური ტემპერატურა იმხელა იქნებოდა, რამხელაც რეალურად აღმოჩნდა.
შარშან განვითარდა ელ-ნინიო, მაგრამ უფრო სუსტი, ვიდრე უახლოეს წარსულში. ეს კი ძლიერ მიუთითებს, რომ 2023 წელს დაფიქსირებული რეკორდული ტემპერატურები მხოლოდ კლიმატის ცვლილებისა და ელ-ნინიოს ერთობლივად მოქმედებით არ იყო გამოწვეული.
სავარაუდოდ, პროცესში წვლილი შეაქვს სხვა ფაქტორებსაც. მაგალითად, შარშან, ანტარქტიკის ზღვის ყინულმა ბოლო 45 წლის განმავლობაში ყველაზე დაბალ ნიშნულს მიაღწია, რასაც მეცნიერები უპრეცედენტო ფაქტს უწოდებენ. სამხრეთის ამ ნაწილში ყინული ისე დნობა, როგორც ამას ვერასოდეს პროგნოზირებდა ჩვენი კლიმატური მოდელები.
„არსებობს ხუთი სტანდარტული გადახრა საშუალოს მიღმა. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ არაფერი შეცვლილა, ასეთ ზამთარს ყოველ 7,5 მილიონ წელიწადში ერთხელ უნდა ვნახულობდეთ“, — ამბობდა 2023 წელს ფიზიკური ოკეანოგრაფი ედუარდ დობრიჯი.
თუკი ანტარქტიდაზე საკმარისი რაოდენობის ყინული გადნება, მეცნიერები შიშობენ, რომ ამან შეიძლება გამოიწვიოს უკუკავშირის მარყუჟი, რაც ყინულის საფარს კიდევ უფრო დაუცველს გახდის ქარისა და ტალღების მიმართ.
იმის გარდა, რაც ანტარქტიკაში ხდება, 2023 წლის კლიმატური ანომალიის ასახსნელად, კლიმატური მეცნიერები ასევე იკვლევენ ცვლილებებს ვულკანურ ამოფრქვევებში, აეროზოლოების გაფრქვევაში და მზის ციკლებში.
„მნიშვნელოვანია დადგინდეს, რატომ იყო 2023 ისეთი, როგორიც იყო. ნიშნავს თუ არა იმას, რომ ესე გაგრძელდება? იქნებ პროცესი უფრო აჩქარდეს? არ ვიცით და პრობლემაც ამაშია“, — ამბობს შმიდტი.
ბერკლის უნივერსიტეტის დედამიწის მეცნიერი რობერთ როდე ამბობს, რომ უბრალოდ უნდა მოვიცადოთ და ვნახავთ, 2023 წელი უბრალოდ გამონაკლისი იყო თუ კლიმატის ცვლილების აჩქარების დასაწყისი.
„ვინაიდან სათბურის აირების გამოყოფა რეკორდულად მაღალ ნიშნულს აღწევს, დიდი ალბათობით, ახლო მომავალში, გლობალური საშუალო ტემპერატურა ინდისტრიალიზაციამდელ მაჩვენებელს რეგულარულად გადააჭარბებს 1,5 °C-ით“, — პროგნოზირებს NASA-ს წამყვანი კლიმატოლოგი გავინ შმიდტი.
მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.