2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს მესამე სავალდებულო საგნის მეტი არჩევანი ექნებათ
2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე აბიტურიენტებს მესამე სავალდებულო საგნის მეტი არჩევანი ექნებათ

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების მსურველებს 2022 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი მესამე სავალდებულო საგნის მეტ არჩევანს სთავაზობს. ამის შესახებ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ, ნუნუ მიცკევიჩმა და შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფო გორგოძემ ისაუბრეს.

2022 წლიდან აბიტურიენტებს საშუალება ექნებათ, სასურველ საგანმანათლებლო პროგრამებზე სწავლის გასაგრძელებლად აირჩიონ კონკრეტული პროგრამისთვის განსაზღვრული რელევანტური საგანი, რაც აბიტურიენტებს არჩევანის შესაძლებლობას გაუზრდის. მესამე სავალდებულო, არჩევით საგანს, მათემატიკას ან/და ისტორიას, დაემატება საგნები: ლიტერატურა, ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია, სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება, სამოქალაქო განათლება.

მაგალითისათვის, აბიტურიენტებს საბუნებისმეტყველო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის გაგრძელებისთვის მესამე სავალდებულო საგნად შესაძლებლობა აქვთ, გარდა მათემატიკისა და ისტორიისა, აირჩიონ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია და გეოგრაფია. ხოლო სახელოვნებო მიმართულების საგანმანათლებლო პროგრამების შემთხვევაში, ისტორიისა და მათემატიკის გარდა, არჩევანის გაკეთება შესაძლებელი იქნება ლიტერატურას, სახვით და გამოყენებით ხელოვნებას შორის და ა.შ.

როგორც განათლების სამინისტროში აცხადებენ, აღნიშნული ცვლილება, ერთი მხრივ, საგანმანათლებლო პროგრამების არჩევისას აბიტურიენტებს გაუზრდის მათთვის სასურველი ჩასაბარებელი საგნების არჩევანის შესაძლებლობას და დაეხმარება უნივერსიტეტში სწავლის პროცესში საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული მასალის უკეთ ათვისებაში, ხოლო მეორე მხრივ, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლის მოსწავლეებში გაზრდის ინტერესს ეროვნული სასწავლო გეგმით განსაზღვრული ყველა საგნის მიმართ.

„განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო აქტიურად მუშაობდა 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე რელევანტური საგნის გაფართოების პროექტზე. მნიშვნელოვანია, რომ ამ მიმართულებით აქტიურად იყო ჩართული საუნივერსიტეტო საზოგადოება და მათთან ერთად, კომისიამ იმუშავა ერთიანი ეროვნული გამოცდების მესამე სავალდებულო არჩევითი საგნის გაფართოებაზე რელევანტურობის თვალსაზრისით. დღეს ინფორმაცია განთავსდება დანართის სახით, სადაც უკვე კონკრეტულ პროგრამას ექნება განსაზღვრული კონკრეტული საგანი. მესამე რელევანტურ საგნად მათემატიკა/ისტორია არის შენარჩუნებული და რეფორმის ფარგლებში, ადგილი აქვს მხოლოდ გაფართოებას. ანუ აბიტურიენტებს გაუფართოვდათ პროგრამის შესაბამისი საგნის ჩაბარების შესაძლებლობა. მაგალითისთვის, საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, გარდა მათემატიკისა და ისტორიისა, აბიტურიენტებს აქვთ შესაძლებლობა, აირჩიონ ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია, გეოგრაფია. სახელოვნებო მიმართულებით აბიტურიენტებს შესაძლებლობა ექნებათ, აირჩიონ ლიტერატურა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნება და ა.შ. რეფორმის ნაწილი მიმართულია არა მხოლოდ უმაღლესი განათლების ხარისხის გაუმჯობესებისკენ, არამედ ზოგადი საგანმანათლებლო სივრცისთვის, რადგან მოსწავლეებს ინტერესი გაეზრდებათ საბუნებისმეტყველო საგნებისა და ყველა იმ საგნის მიმართ, რომელიც ერთიანი ეროვნული სასწავლო გეგმით არის განსაზღვრული“, – განაცხადა ნუნუ მიცკევიჩმა.

2022 წელს დაგეგმილია სიახლე ქართული ენისა და ლიტერატურის საგამოცდო ტესტის ფორმატში. მცირე ცვლილება შეეხება გეოგრაფიის საგამოცდო ტესტსაც.