2022 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ექვსი პროცენტია
2022 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ექვსი პროცენტია

2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, რომელიც უკვე პარლამენტშია, მომავალ წელს ქვეყნის ეკონომიკა ექვსი პროცენტით უნდა გაიზარდოს.

დოკუმენტში აღნიშნულია, რომ 2020 წელს ახალი კორონავირუსის გავრცელებამ მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვია გლობალურ ეკონომიკაში. პანდემიამ ეკონომიკური რეცესია გამოიწვია საქართველოშიც, რის შედეგადაც მივიღეთ რეალური ეკონომიკური კლება 6,2 პროცენტის ოდენობით.

„2021 წელი საკმაოდ მძიმე ეკონომიკური ტენდენციებით დაიწყო და იანვარში რეალური ეკონომიკის კლებამ 11,5 პროცენტი, ხოლო თებერვალში 5,1 პროცენტი შეადგინა. ეკონომიკური განვითარების ტენდენციებში დადებითი დინამიკა პირველად მარტში დაფიქსირდა, თუმცა ჯამურად, პირველ კვარტალში ეკონომიკური კლების მაჩვენებელმა 4,5 პროცენტი შეადგინა“, – აღნიშნულია დოკუმენტში.

როგორც ბიუჯეტის პროექტშია ნათქვამი, ეკონომიკური პარამეტრები რადიკალურად შეიცვალა აპრილიდან, რა დროსაც მნიშვნელოვნად გაიზარდა ექსპორტ-იმპორტის, დღგ-ის გადამხდელ საწარმოთა ბრუნვების, საფინანსო სექტორის ზრდის, წმინდა ფულადი გზავნილებისა და სხვა ეკონომიკური მაჩვენებლები. დადებითი ეკონომიკური ტენდენციების გათვალისწინებით, მიმდინარე წლის ივლისში განხორციელდა ცვლილებები 2021 წლის ბიუჯეტში და ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 4,3 პროცენტიდან გაიზარდა 7,7 პროცენტამდე გაიზარდა. მაღალი ეკონომიკური ზრდის ტემპები შენარჩუნდა ივნისსა და აგვისტოში. მეორე კვარტლის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 29,9 პროცენტი შეადგინა, ივლისში 9,9 პროცენტი, ხოლო აგვისტოში 10,3 პროცენტი. შედეგად, რვა თვის წინასწარი მონაცემებით, რეალური ეკონომიკური ზრდა 12,0 პროცენტს შეადგენს.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, კიდევ ერთხელ გაიზარდა 2021 წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზი და 9,5 პროცენტს შეადგენს. ამ ეტაპისთვის არსებული პროგნოზების მიხედვით, 2022 წლისათვის მოსალოდნელია მშპ-ის რეალური ზრდა 6.0 პროცენტის ფარგლებში, ხოლო მომდევნო წლებშიც საშუალოდ 5.5 პროცენტის ფარგლებში.