2022 წელს აღმოჩენილი ყველაზე უცნაური და ეგზოტიკური უცხო პლანეტები — #1tvმეცნიერება
2022 წელს აღმოჩენილი ყველაზე უცნაური და ეგზოტიკური უცხო პლანეტები — #1tvმეცნიერება

პირველი ეგზოპლანეტის აღმოჩენიდან უკვე 30 წელი გავიდა და მეცნიერები სულ უფრო ხშირად პოულობენ უცნაურ, მომაჯადოებელ პლანეტებს, რომლებიც ხშირად უფრო მეტ კითხვას აჩენს, ვიდრე პასუხს გვთავაზობს.

წარმოგიდგენთ 2022 წლის ყველაზე გამორჩეულ ამბებს უცხო პლანეტათა შესახებ — მწველი სუპერედამიწიდან დაწყებული, რაგბის ბურთის ფორმის პლანეტით დამთავრებული.

5000 დადასტურებული ეგზოპლანეტა

ეგზოპლანეტა

პირველი ეგზოპლანეტის აღმოჩენიდან 30 წლის შემდეგ, 2022 წელს, დადასტურებულად აღმოჩენილ უცხო პლანეტათა რაოდენობამ 5000-ს მიაღწია.

„ჩვენთვის ცნობილი 5000 ეგზოპლანეტიდან, 4900 ჩვენგან რამდენიმე ათასი სინათლის წლის რადიუსში მდებარეობს. გავიხსენოთ ისიც, რომ ჩვენ გალაქტიკის ცენტრიდან 26 000 სინათლის წლით ვართ დაშორებული; ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენს გალაქტიკაში წარმოუდგენლად ბევრი პლანეტა უნდა იყოს, ასობით მილიარდი“, — ამბობს NASA-ს მკვლევარი ჯესი კრისტიანსენი.

პირველი ეგზოპლანეტის აღმოჩენა 1992 წელს დადასტურდა. ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნებულ პუბლიკაციაში, ასტრონომები ალექს ვოლშანი და დეილ ფრეილი აღწერდნენ, როგორ შენიშნეს პულსარის (ნეიტრონული ვარსკვლავის ტიპი) გარშემო მოძრავი ორი პლანეტა; ამის მთავარი მინიშნება მათ პულსარის პულსირებაში არსებულმა მცირე ცვლილებებმა მისცა.

უახლოეს წლებში გაცილებით მეტი ეგზოპლანეტის აღმოჩენას უნდა ველოდოთ, რადგან ამ საქმეში ჩაერთვება ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპიც.

ეგზოპლანეტების ახალი კლასი

სექტემბერში ასტრონომებმა გვამცნეს, რომ აღმოაჩინეს ეგზოპლანეტების ახალი ტიპი. ეს ეგზოპლანეტები სამყაროში ყველაზე გავრცელებული ტიპის ვარსკვლავთა გარშემო მოძრაობენ და შედგებიან ნახევრად ხმელეთისა და ნახევრად წყლისგან — ან თხევადი, ან ყინულის ფორმის. აღმოჩენას შეიძლება დიდი გავლენა ჰქონდეს კოსმოსში სიცოცხლის ძებნაზე.

წითელი ჯუჯები ვარსკვლავის ყველაზე გავრცელებული ტიპია; სწორედ ისინი შეადგენენ სამყაროს ვარსკვლავური პოპულაციის 70 პროცენტზე მეტს. მათ გარშემო პლანეტები ახლო მანძილიდან მოძრაობენ და შესაბამისად, ისინი ადვილად შესამჩნევია.

მკვლევართა ვარაუდით, ასეთი პლანეტები ყინულოვანი მასალებისგან წარმოიქმნა დედავარსკვლავებისგან საკმაოდ შორს, „ყინულის ხაზს“ გადაღმა, სადაც ძალიან ცივა და პლანეტის ზედაპირზე წყალი თხევად მდგომარეობაში ვერ იქნება. შემდეგში ისინი ვარსკვლავთან ახლოს მივიდნენ, სადაც ასტრონომებმა დააფიქსირეს კიდეც.

მიუხედავად იმისა, რომ ამ პლანეტებზე ბევრი წყალია, ისინი შეიძლება ოკეანეებით სულაც არ იყვნენ დაფარული. ასტრონომთა აზრით, როგორც ჩანს, იქ წყალი ხმელეთთან არის შერეული.

იუპიტერის ზომის დამალული პლანეტა

ერთობლივი ძალებით, ასტრონომებმა და მოყვარულმა მეცნიერებმა ერთი ვარსკვლავის გარშემო იუპიტერის ზომის საკმაოდ იდუმალი პლანეტა აღმოაჩინეს. თუ მისი ორბიტის შესახებ მათ მიერ ჩატარებული გათვლები მართებულია, ეს პლანეტა თებერვალში კვლავ უნდა დაინახონ.

მას TOI-2180 b უწოდეს და მდებარეობს ჩვენგან 379 სინათლის წლის მანძილზე. ეგზოპლანეტას იუპიტერის დიამეტრი აქვს, მაგრამ არის სამჯერ უფრო მასიური. სიმკვრივის ასეთი სხვაობა მიუთითებს, რომ ის იუპიტერისგან განსხვავებული გზით არის წარმოქმნილი.

ეს პლანეტა იმითაც არის უცნაური, რომ ვარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას 261 დღეს ანდომებს, გაცილებით მეტს, ვიდრე ამ დროისათვის აღმოჩენილი რომელიმე სხვა გაზის გიგანტი ეგზოპლანეტა. კიდევ ერთი ანომალიაა პლანეტის ტემპერატურა, რომელიც სრულიად მოულოდნელად, 77 გრადუსი ცელსიუსი აღმოჩნდა. მიუხედავად იმისა, რომ TOI-2180 b იუპიტერსა და სატურნზე თბილია, მაინც საკმაოდ ცივია სხვა მრავალ გიგანტურ ეგზოპლანეტასთან შედარებით.

ეგზოპლანეტა ჰალკი

სუპერდედამიწა

ახლად აღმოჩენილი ცხელი სუპერდედამიწის ტიპის პლანეტა ერთ-ერთი ყველაზე მასიურია ამ დრომდე აღმოჩენილთა შორის; დაფარულია მაგმით და თავის ვარსკვლავის გარშემო ერთ შემოვლას მხოლოდ ნახევარ დღეს ანდომებს.

ამ ეგზოპლანეტას TOI-1075 b უწოდეს და ის NASA-ს კოსმოსურმა ტელესკოპმა TESS-მა აღმოაჩინა. მისი ზედაპირის ტემპერატურა დაახლოებით 1050 გრადუსი ცელსიუსია. საკმაოდ ახლოდან უვლის გარშემო ჩვენგან 200 სინათლის წლის მანძილზე მდებარე წითელ-ნარინჯისფერ ვარსკვლავს.

გარდა უჩვეულო კლიმატისა და 14,5-საათიანი ორბიტისა, ის ერთ-ერთი ყველაზე მასიური სუპერდედამიწაა; სუპერდედამიწებს უწოდებენ დედამიწაზე უფრო მასიურ კლდოვან პლანეტებს. ამ ტიპის პლანეტები ასტრონომებს განსაკუთრებით აინტერესებთ, რადგან მიჩნეულია, რომ ირმის ნახტომში ისინი საკმაოდ უხვადაა. TOI-1075 b-ის მასა დედამიწისას თითქმის ათჯერ აჭარბებს.

ეგზოპლანეტები აპოკალიფსის ზღვარზე

2022 წელს ასტრონომებმა ასევე აღმოაჩინეს სამი ეგზოპლანეტა, რომლებიც თავიანთ მომაკვდავ ვარსკვლავთა გარშემო სახიფათოდ ახლო მანძილზე მოძრაობენ.

„ეს პლანეტები ისეთ ექსტრემალურ ადგილებშია, რომ ათი წლის წინ მათ არსებობასაც კი ვერ ვიფიქრებდით“, — ამბობს მკვლევარი სამუელ გრანბლატი.

სამი პლანეტა, TOI-2337b, TOI-4329b და TOI-2669b გაზის გიგანტებია, აქვთ 0,5 – 1,7 იუპიტერის მასა. მოძრაობენ ჩვენთვის ცნობილ ყველაზე მოკლე ორბიტაზე ქვეგიგანტ და გიგანტ მომაკვდავ ვარსკვლავთა გარშემო. მაგალითად, TOI-2337b-ს ორბიტა ისეთია, რომ ეს პლანეტა მილიონზე ნაკლებ წელიწადში უნდა შთანთქას საკუთარმა ვარსკვლავმა.

სიცოცხლის მიწურულს, ვარსკვლავმა შეიძლება საკუთარი პლანეტები გადაყლაპოს. ამ პლანეტების ორბიტის ცვლილებამ შეიძლება მთლიანი პლანეტური სისტემის დესტაბილიზაცია გამოიწვიოს და ერთმანეთსაც შეაჯახოს. ამას გარდა, როდესაც პლანეტები ვარსკვლავს უახლოვდებიან, მათი ატმოსფერო ცხელდება. მკვლევართა განცხადებით, ამ სამი პლანეტის უკეთესად შესწავლამ შეიძლება ბევრი ცნობა მოგვცეს ჩვენი მზის სისტემის ევოლუციის შესახებაც.

პლანეტები ბარიუმის ატმოსფეროთი

ორი უჩვეულოდ ცხელი ეგზოპლანეტის ატმოსფეროში ასტრონომებმა ლითონი ბარიუმი აღმოაჩინეს — ყველაზე მძიმე ელემენტი, რომელიც ოდესმე გვინახავს ეგზოპლანეტის ატმოსფეროში. ეს პლანეტები გაზის გიგანტებია, სახელად WASP-76 b და WASP-121 b. მათ შეიძლება ბევრი რამ გვითხრან ეგზოპლანეტების ტიპის შესახებ, რომლებსაც ცხელ იუპიტერებს უწოდებენ. ასეთი გაზის გიგანტები საკუთარი ვარსკვლავის გარშემო უკიდურესად ახლო მანძილიდან მოძრაობენ და ხშირად გრავიტაციულად ჩაკეტილები არიან, ანუ მათი ერთი მხარე მუდმივად ვარსკვლავისკენ არის მოქცეული და სულ დღეა, მეორე კი პირიქით და სულ ღამეა.

WASP-76 b ცხელი იუპიტერის განსაკუთრებით ექსტრემალური მაგალითია. დღის მხარეს ტემპერატურა 2400 გრადუს ცელსიუსს აღწევს, რაც საკმარისად მაღალია იმისათვის, რათა რკინა და სხვა ლითონები აორთქლდეს. როდესაც რკინის ორთქლი პლანეტის ცივ, ღამის მხარეს ხვდება, თხევადდება და ციდან „რკინის წვიმის“ სახით მოდის.

ასეთი ექსტრემალური გარემო პირობების მიუხედავადაც კი, მკვლევრები იქ ბარიუმის აღმოჩენას მაინც არ ელოდნენ, რომელიც რკინაზე 2,5-ჯერ მძიმეა.

„თავსატეხს წარმოადგენს ის, თუ რატომ არის ასეთი მძიმე ელემენტი ამ პლანეტების ატმოსფეროს ასე ზედა ფენებში“, — ამბობს ასტრონომი ტომას ასევედო სილვა.

რაგბის ბურთის ფორმის პლანეტა

ეგზოპლანეტა

გაირკვა, რომ რამდენიმე წლის წინ აღმოჩენილ უცნაურ პლანეტას რაგბის ბურთის ფორმა აქვს. ულტრაცხელი WASP-103b ჩვენგან დაახლოებით 1000 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს და საკუთარი დედავარსკვლავის გრავიტაციის მიერ არის გაწელილი.

WASP-103b 2014 წელს აღმოაჩინეს და წარმოადგენს გაზის გიგანტს, რომელიც საკუთარი ვარსკვლავის გარშემო შემოვლას ერთ დღეს ანდომებს, ანუ მასთან უკიდურესად ახლოს არის, იღებს ბევრ რადიაციას და განიცდის ძლიერ გრავიტაციულ გავლენას. შესაბამისად, ეს გრავიტაცია ვარსკვლავის მატერიას ისე ექაჩება, როგორც მთვარის გრავიტაცია დედამიწის ოკეანეს, მაგრამ გაცილებით ძლიერად.

თავის პლანეტის წინ რამდენიმე ჩავლისას დაკვირვებებით, ასტრონომებმა გაზომეს, რამდენად არის ის დეფორმირებული.

„წარმოუდგენელია, რომ ჩვენ ეს შევძელით. ასეთი ანალიზები ისტორიაში პირველად ჩატარდა“, — ამბობს კვლევის თანაავტორი ბაბატუნდე აკინსანმი.

ეგზოპლანეტა ზოდიაქური სინათლით

ასტრონომებმა სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელ სამ ეგზოპლანეტაზე შენიშნეს აჩრდილისებრი ნათება, რომელსაც „ზოდიაქურ სინათლეს“ უწოდებენ. შესაბამისად, შეიძლება ვივარაუდოთ, როგორ შეიძლება გამოიყურებოდეს ეს ეგზოტიკური პლანეტები.

თუკი მზეს დედამიწის განსაკუთრებით ბნელი წერტილიდან შეხედავთ, შეიძლება დაინახოთ სამკუთხედი, რომელსაც მეცნიერები ზოდიაქურ სინათლეს უწოდებენ; სინათლე ამოდის იქიდან, სადაც მზე ჰორიზონტს დაბლა ჩავა. დედამიწის ცაში ზოდიაქურ სინათლეს იწვევს მზის სისტემაში არსებული მტვრის მიერ მზის სინათლის არეკვლა; ეს მტვერი აორთქლებული ასტეროიდებისა და კომეტების ნარჩენია.

NASA-ს კეპლერის კოსმოსური ტელესკოპის მიერ აღმოჩენილ პლანეტებს შორის 47 სხვადასხვაგვარი, სიცოცხლისათვის პოტენციურად ხელსაყრელი ეგზოპლანეტის ანალიზის შედეგად, მეცნიერებმა გამოავლინეს სამი ისეთი პლანეტა, რომლებზეც შეიძლება, ზოდიაქური სინათლე ანათებს: Kepler-69c, Kepler-1229b და Kepler-395c. ყველა მათგანი სუპერდედამიწის ტიპისაა, ანუ დედამიწაზე გაცილებით მასიური კლდოვანი ეგზოპლანეტები.

„შორეულ პლანეტურ სისტემაში ზოდიაქური სინათლის დაფიქსირება იმას ნიშნავს, რომ ამ სისტემაში სავარაუდოდ არის ასტეროიდები და კომეტებიც, რომელთა პირდაპირ დაფიქსირებაც ადვილი არ არის“, — ამბობს კვლევის ავტორი ჯიან გე.

ეგზოპლანეტა სილიკატური ღრუბლებით

ყავისფერი ჯუჯა

NASA-ს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა ქვიშის მსგავსი სილიკატური მარცვლების საბურველში გახვეული ეგზოპლანეტა აღმოაჩინა.

პლანეტა მოძრაობს იუპიტერზე დაახლოებით 20-ჯერ დიდი ყავისფერი ჯუჯის გარშემო. ყავისფერი ჯუჯები ფრიად უცნაური ობიექტებია. არ გააჩნიათ იმხელა მასა, რომ ბირთვული სინთეზი დაიწყოს და ვარსკვლავებად აენთონ, მაგრამ იმისთვისაც ზედმეტად დიდები არიან, რომ ჩვეულებრივ პლანეტებად ჩაითვალონ. მიუხედავად იმისა, რომ ყავისფერ ჯუჯებს ბირთვული რეაქციებით წყალბადის წვა არ შეუძლიათ, საკუთარ სინათლესა და სითბოს დეიტერიუმის წვით გამოიმუშავებენ; დეიტერიუმი წყალბადის იზოტოპია, რომლის თითოეული ატომიც ბირთვში დამატებით ნეიტრონს შეიცავს.

ამ კონკრეტულ ყავისფერ ჯუჯას VHS 1256 b-ს უწოდებენ და გარს უვლის ჩვენგან 72 სინათლის წლის მანძილზე მდებარე ორ პატარა წითელ ჯუჯა ვარსკვლავს. უცნაური ეგზოპლანეტა ასტრონომებმა 2016 წელს აღმოაჩინეს და მისი მოწითალო ნათება მას შემდეგ საგონებელში აგდებდათ. თუმცა, ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის მონაცემებმა ცხადყო, რომ VHS 1256 b გახვეული უნდა იყოს ქვიშის მსგავსი სილიკატური მარცვლების სქელ საბურველში.

მომზადებულია space.com-ის მიხედვით.