2021 წლის მთავარი ამბები მეცნიერებაში — #1tvმეცნიერება
2021 წლის მთავარი ამბები მეცნიერებაში — #1tvმეცნიერება

2021 წელი გამოირჩეოდა ამაღელვებელი აღმოჩენებით, კოვიდთან ბრძოლის სირთულით და მნიშვნელოვანი წინსვლით კოსმოსის კვლევაში.

სულაც არ არის გასაკვირი, რომ სამეცნიერო გაშუქებაში გასულ წელს COVID-19 დომინირებდა. თუმცა, ეს წელი მეცნიერებაში მაინც გამოირჩეოდა სხვა საკვანძო აღმოჩენებითა და მიღწევებით, რომლებიც გაცილებით მეტ ყურადღებას იმსახურებენ. კოსმოსში პირველობას არ უთმობდნენ NASA და კერძო კომპანიები. მეცნიერებმა უფრო ბევრი რამ აღმოაჩინეს ადრეულ ადამიანთა შესახებ. მკვლევრებმა დოკუმენტურად ასახეს, როგორ გავლენას იქონიებს კლიმატის ცვლილება ყველაფერზე, მარჯნის რიფებით დაწყებული, ფრინველებით დამთავრებული. მომავალ წელს COVID-19 კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიიქცევს, რადგან მეცნიერები ახალ ვარიანტებთან გასამკლავებლად მუშაობენ და ვირუსთან საბრძოლველად სამედიცინო მიღწევებს ქმნიან. 

თუმცა, ვიდრე 2022 წლის მთავარ სამეცნიერო თემებზე ვისაუბრებდეთ, სჯობს უკან გავიხედოთ და გამოვარჩიოთ გასული წლის რამდენიმე უდიდესი სამეცნიერო აღმოჩენა და მიღწევა. 

COVID-19-ის ვაქცინების გავრცელების სირთულე

გასული წლის უდიდესი სამეცნიერო ამბავი იყო ის, რომ მეცნიერებმა რეკორდულ დროში შექმნეს mRNA კოვიდვაქცინა. ამ წლის უდიდესი კოვიდამბავი კი ის არის, რომ ამ ვაქცინებმა მსოფლიოს მოსახლეობის დიდ ნაწილში ვერ მიაღწიეს. ვაქცინაციის დაბალ მაჩვენებელს ბევრ ქვეყანაში ვირუსის მომაკვდინებელი ტალღა მოჰყვა, რაც ძლიერ გადამდებმა დელტა ვარიანტმა განაპირობა. ექსპერტთა განმარტებით, ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებლის მიზეზია დეზინფორმაციის კამპანიების ფართოდ გავრცელება.

ომიკრონ ვარიანტის გამოჩენასთან ერთად, კრიტიკულად მნიშვნელოვანი გახდა ვაქცინის ბუსტერდოზები. ზოგიერთ დაბალშემოსავლიან ქვეყანაში სულ მცირე ერთი დოზით მოსახლეობის მხოლოდ 8 პროცენტამდეა აცრილი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, წლის ბოლომდე, აფრიკის კონტინენტის ქვეყანათა მხოლოდ 10 პროცენტში იქნება მოსახლეობის სულ მცირე 40 პროცენტი აცრილი. გლობალურად ვაქცინირებულია მოსახლეობის 60 პროცენტზე ნაკლები. ვაქცინებით დაფარვაში არსებული ასეთი ხვრელი ვირუსს აძლევს საშუალებას, განაგრძოს ბევრი ადამიანის მოკვლა, პარალელურად კი ქმნის გარემოს, რომელშიც შესაძლებელია სხვა სახიფათო შტამების გაჩენა.

მავალი „პერსევერანსი“ მარსის სხვა მისიები

თებერვალში, NASA-მ წითელი პლანეტის კვლევაში უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა — დასვა ახალი მავალი, სახელად „პერსევერანსი“. მეცნიერებმა მავალს თან გაატანეს მინი ვერტმფრენი, რომელმაც წარმატებულად იფრინა მარსის ატმოსფეროში. მავალის ერთ-ერთმა ინსტრუმენტმა ნახშირორჟანგი წარმატებით გარდაქმნა ჟანგბადად. ამას გარდა, მავალმა აიღო ქანების პირველი ნიმუშებიც. ყველა ეს მიღწევა მარსის შესახებ უკეთეს წარმოდგენას გვიქმნის და გვიჩვენებს, როგორ შევისწავლოთ ის მომავალში. ფრენის წარმატება მეცნიერებს ცნობებს მისცემს იმის შესახებ, როგორ შექმნან უფრო დიდი ვერტმფრენები; ნახშირორჟანგის ჟანგბადად გარდამქმნელი უფრო დიდი ასეთი მოწყობილობების შექმნას შეუწყობს ხელს; პერსევერანსის მიერ აღებულ ქანების ნიმუშებს კი სამომავლო მისიის ფარგლებში დედამიწაზე ჩამოიტანენ ანალიზისთვის. 

გარდა NASA-ს მავალის ტრიუმფისა, მარსისკენ პირველი მცდელობები წარმატებით განახორციელეს სხვა ქვეყნებმაც.

არაბთა გაერთიანებული საამიროების კოსმოსური ზონდი Hope წარმატებით გავიდა მარსის ორბიტაზე და წითელი პლანეტის ატმოსფეროსა და ამინდის შესწავლას შეუდგა. 

მაისში მარსზე დაჯდა ჩინეთის მავალი Zhurong-ი, რომელიც პლანეტის გეოლოგიას სწავლობს და წყლის ნიშნებს ეძებს. ამ მისიათა წყალობით, მეცნიერები მარსს გაცილებით უკეთ სწავლობენ.

არის თუ არა „დრაკონი კაცი“ ადამიანის ახალი სახეობა?

დიდი გამოხმაურება ჰპოვა თავის ქალამ, რომელიც მეცნიერებს აფიქრებინებს, რომ გვიანდელი პლეისტოცენის ხანის ადამიანის ახალი სახეობა არსებობდა. ნამარხი 90 წლის წინ ჩინეთში, მშენებლობისას აღმოაჩინეს, მაგრამ ოჯახი მას წლების განმავლობაში მალავდა და მხოლოდ 2018 წელს გადასცა უნივერსიტეტის მუზეუმს. მას შემდეგ, ჩინელი მეცნიერები თავის ქალას აქტიურად იკვლევდნენ — შეისწავლეს მისი მახასიათებლები, ჩაატარეს ურანით დათარიღებათა სერიები, რენტგენული ფლუორესცენციით შეადარეს სხვა ნამარხებს და საბოლოოდ მივიდნენ დასკვნამდე, რომ ის არქაული ადამიანის ახალ სახეობას ეკუთვნის. აღმოჩენას მათ Homo longi, ანუ „დრაკონი კაცი“ უწოდეს.

თავის ქალა დიდია და დიდი ტვინიც უნდა ჩატეულიყო; თხელი შუბლი და თითქმის წრიული თვალის ბუდეები ის მახასიათებლებია, რომლებითაც მეცნიერებმა ის ჰომოს სხვა სახეობებისგან განასხვავეს. ზოგიერთი მეცნიერი სვამდა კითხვას, უნდა მინიჭებოდა თუ არა აღმოჩენას ახალი სახეობის კლასიფიკაცია. 

„ამაღელვებელია, რადგან ნამდვილად საინტერესო თავის ქალაა; აქვს რაღაც ისეთი დეტალები, რომლებიც ცნობებს გვაძლევს ადამიანის ევოლუციისა და ამ მხრივ აზიაში მიმდინარე ამბების შესახებ. თუმცა, ასევე დასანანია, რომ ის ჯერ კიდევ 90 წლის წინ არის აღმოჩენილი და მხოლოდ იზოლირებული თავის ქალაა ბოლომდე არ ხარ დარწმუნებული, ზუსტად რა ასაკისაა და სად თავსდება“, — ამბობს სმიტსონის ინსტიტუტის მკვლევარი მაიკლ პეტრაგლია.

სხვა მეცნიერები მხარს უჭერენ ახალ სახეობად კლასიფიცირებას და შესაბამისად, დებატები გრძელდება სავარაუდოდ იქამდე გაგრძელდება, ვიდრე უფრო მეტ ნამარხს არ აღმოვაჩენთ, რომლებიც ადამიანის ისტორიაში არსებულ ხვრელთა შევსებაში დაგვეხმარება.

კლიმატის ცვლილება მარჯნის რიფებს ანადგურებს

ბუნებრივი კატასტროფების ზრდა — ტყის ხანძრები, გვალვები და სითბური ტალღები — ალბათ ყველაზე შესამჩნევი მოვლენებია, რომლებიც კლიმატის ცვლილება მოიტანა; მსოფლიო მეტეოროლოგიური ორგანიზაციის 2021 წლის მოხსენების მიხედვით, დედამიწის გათბობამ ამინდთან დაკავშირებული ასეთი მოვლენები ბოლო 50 წელიწადში ხუთჯერ გაახშირა. 

თუმცა, გასულ ათწლეულში კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი უდიდესი გავლენა წყალქვეშ მოხდა. მაღალი ტემპერატურის გამო, მარჯნის რიფებმა მოიშორეს სიმბიოზური წყალმცენარეები, რომლებიც მათ გადარჩენაში ეხმარებოდნენ. შედეგად, რიფები გათეთრდა და მოკვდა. წელს გამოქვეყნდა მარჯნის რიფების მონიტორინგის გლობალური ქსელის დიდი მოხსენება, რომლის მიხედვითაც, ოკეანეებმა 2009 წლის შემდეგ დაახლოებით 14 პროცენტი რიფები დაკარგა, ძირითადად კლიმატის ცვლილების გამო. 

ნოემბერში, ახალმა კვლევამ აჩვენა, რომ 1998 წლის შემდეგ, გათეთრებას გადაურჩა დიდი ბარიერული რიფის, მსოფლიოში უდიდესი ასეთი წარმონაქმნის მხოლოდ ორი პროცენტი. ორი თვით ადრე გამოქვეყნებული სხვა კვლევის მიხედვით კი, 1950-იანი წლების შემდეგ დაკარგულია მარჯნის რიფების ნახევარი, ნაწილობრივ კლიმატის ცვლილების გამო. რიფების შემცირება გავლენას ახდენს მეთევზეობაზე, ტურიზმსა და სანაპირო განვითარებაზე დაფუძნებულ ადგილობრივ ეკონომიკებზე, რადგან იკარგება შტორმებისგან დამცავი ოფშორული ბუფერული ზონა.

მეცნიერთა განცხადებით, თუ ტემპერატურა ზრდას განაგრძობს, მარჯნის რიფები სერიოზული საფრთხის ქვეშ იქნება. თუმცა, ყველა იმედი დაკარგული არ არის — თუ ადამიანები ნახშირბადის გამოყოფას სწრაფად, ახლავე შეაჩერებენ, უფრო ბევრ რიფს ექნება გადარჩენის უკეთესი შანსი.

კოსმოსური ტურიზმის რბოლა აქტიურ ფაზაში შედის

წელს, კოსმოსური ტურიზმის რბოლის უკან მდგომმა ცნობილმა მილიარდერებმა წარმატებული მისიები განახორციელეს, რაც უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ მათი ეგო. კოსმოსში მათ სამოქალაქო პირები წაიყვანეს. ივლისის დასაწყისში, მილიარდერმა რიჩარდ ბრენსონმა და მისმა თანამშრომლებმა კოსმოსის საზღვრიდან ოდნავ მაღლა იფრინეს, ანუ ქვეორბიტული ფრენა განახორციელეს — ეს კომპანია Virgin Galactic-ის პირველი პილოტირებული ფრენა იყო. 

ბრენსონის მისიიდან სადღაც ერთ კვირაში, მსოფლიოს უმდიდრესმა ადამიანმა, ჯეფ ბეზოსმა საკუთარი კომპანია Blue Origin-ის პირველი პილოტირებული მისია განახორციელა. ოქტომბერში კიდევ ერთი ასეთი მისია შედგა. ერთი თვით ადრე კი, ილონ მასკის SpaceX Dragon კაფსულით ოთხმა სამოქალაქო პირმა დედამიწას გარშემო, კოსმოსიდან შემოუფრინა. 2020 წელს  SpaceX-ი საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე პენსიაში გასული ასტრონავტისა და სამი სხვა მგზავრის გაგზავნას გეგმავს. ამასობაში კი, ჯეფ ბეზოსი აცხადებს, რომ 2025-2030 წლებში ათ კაცზე გათვლილი კერძო კოსმოსური სადგურის გახსნას გეგმავს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა დაამტკიცა

ოქტომბერში, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მალარიის საწინააღმდეგო პირველი ვაქცინა დაამტკიცა. ეს გახლდათ არა მხოლოდ პირველი ვაქცინა ამ დაავადების წინააღმდეგ, არამედ პირველი რომელიმე პარაზიტული დაავადების წინააღმდეგ. მუშაობა 30 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა. 1987 წლიდან დღემდე, პრეპარატ Mosquirix-ის შექმნასა და ტესტირებაში 750 მილიონ დოლარზე მეტი დაიხარჯა. 

მალარია ყოველწლიურად თითქმის ნახევარ მილიონამდე ადამიანს კლავს, რომელთა შორის 260 000 ხუთ წლამდე ბავშვია. მსხვერპლთა უდიდესი ნაწილი სუბსაჰარულ აფრიკაში ცხოვრობს. ახალი ვაქცინა მალარიის ხუთ მომაკვდინებელ პათოგენს ებრძვის და განკუთვნილია ხუთ წლამდე ასაკის ბავშვებისთვის; მათ პრეპარატის ოთხ დოზას გაუკეთებენ. ვაქცინა ჯადოსნური ჯოხი არ არის და მალარიის მწვავე შემთხვევათა მხოლოდ 30 პროცენტის პრევენციას ახდენს. თუმცა, მოდელირებულმა კვლევამ აჩვენა, რომ ყოველწლიურად მაინც მოახდენს 5,4 მილიონი შემთხვევისა და 23 000 სიკვდილის პრევენციას ხუთ წლამდე ბავშვებში. 

ექსპერტთა განცხადებით, ეს ვაქცინა ღირებული ინსტრუმენტია, რომელიც უკვე არსებულ მეთოდებთან კომბინაციაში უნდა გამოიყენონ, მაგალითად, წამლებთან და მწერების საწინააღმდეგო ბადეებთან ერთად, რათა ამ მომაკვდინებელ დაავადებას ეფექტიანად ვებრძოლოთ.

აღმოჩენებმა კიდევ უფრო წარსულში გადაწია ამერიკის კონტინენტზე პირველი ადამიანების გავრცელების თარიღები

ორ ყველაზე პრესტიჟულ სამეცნიერო ჟურნალში ერთმანეთისგან ძლიერ განსხვავებული ორი პუბლიკაცია გამოჩნდა, რომლებიც ადამიანთა მიერ ამერიკის დასახლების საკვანძო მომენტებს აღწერს.

სექტემბერში, ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, აშშ-შ, ვაიტ-სენდსის ეროვნულ პარკში აღმოჩენილი ნაფეხურები 21 000 – 23 000 წლის წინანდელია. მკვლევრებმა ასაკი გამომშრალ ნაკვალევში აღმოჩენილი ბალახის ნარჩენების რადიონახშირბადული დათარიღების გზით განსაზღვრეს. აქამდე, მრავალი არქეოლოგი მიიჩნევდა, რომ ადამიანები ამერიკის კონტინენტზე პირველად დაახლოებით 13 000 წლის წინ გამოჩნდნენ, ბოლო გამყინვარების მიწურულს. ამის საფუძველს მათ ნიუ-მექსიკოს შტატში აღმოჩენილი იარაღები აძლევდა. ახალი კვლევა, რომელსაც მეცნიერთა შორის დებატები მოჰყვა, ვარაუდობს, რომ ადამიანები ამერიკის კონტინენტზე გამყინვარების ხანის პიკშიც ცხოვრობდნენ. 

ერთი თვის შემდეგ, ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა კვლევა, რომლის მიხედვითაც, მტკიცებულებები მიუთითებს, რომ ვიკინგები ამერიკაში იმაზე ადრე იყვნენ, ვიდრე აქამდე მიიჩნეოდა. მკვლევრებმა შეისწავლეს უძველეს მოგზაურთა მიერ დატოვებული, ნიუფაუნლენდში აღმოჩენილი ხის ნაჭერი და მიაგნეს კოსმოსური სხივების მოვლენის მტკიცებულებას, რომელიც ახ. წ. 993 წელს მოხდა. ამის შემდეგ, მეცნიერებმა ამ ნიშნულის შემდეგ არსებული რგოლები დაითვალეს და გაარკვიეს, რომ ხე ახ. წ. 1201 წელს არის მოჭრილი. ეს იმას ნიშნავს, რომ საქმე ეხება ვიკინგი მკველევრების მიერ ატლანტის ოკეანის გადაკვეთის ჩვენთვის ცნობილ უძველეს შემთხვევას.

ადამიანები გავლენას ახდენენ ცხოველთა ევოლუციაზე

2021 წელს ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ადამიანები პირდაპირ და არაპირდაპირ გავლენას ახდენენ ცხოველთა განვითარებაზე. ცხოველთა ევოლუციაზე ადამიანთა გავლენის ყველაზე ნათელი მაგალითი აღმოჩნდა უეშვებო აფრიკულ სპილოთა რაოდენობის ზრდა. 

1977-1992 წელბში, მოზამბიკის სამოქალაქო ომის დროს, ბრაკონიერებმა იმდენი ეშვებიანი სპილო დახოცეს, მოკლე ეშვების მქონე მდედრების გენები გაბატონდა. ომამდე უეშვებო სპილოები 20 პროცენტს შეადგენდა. ახლა კი, მდედრი სპილოების დაახლოებით ნახევარს არ აქვს ეშვები. უეშვებო გენების მქონე მამრები სავარაუდოდ დაბადებამდე იხოცებიან.

ცხოველთა ხოცვა ერთადერთი გზა არ არის, რომლითაც ადამიანები ევოლუციაზე ზემოქმედებენ. ჟურნალ Trends in Ecology and Evolution-ში გამოქვეყნებული დიდი კვლევის მიხედვით, ტემპერატურის მატების საპასუხოდ, ცხოველები ფორმას იცვლიან. მაგალითად, დროის სხვადასხვა პერიოდის განმავლობაში, ღამურებს უფრო დიდი ფრთები ეზრდებათ, კურდღლებს კი გრძელი ყურები; სავარაუდოდ, ორივე ეს ცვლილება ემსახურება მიმდებარე ჰაერში უფრო მეტი სიცხის გაფანტვას. ამ მიმართულებით უფრო მეტი მტკიცებულება გამოქვეყნდა წლის ბოლოს, ჟურნალ Science Advances-ში. ამაზონის ჯუნგლების შორეულ, ხელუხლებელ ნაწილში 40 წლის განმავლობაში ფრინველებზე მიმდინარე კვლევის მიხედვით, 77 სახეობა საშუალოზე უფრო ნაკლებს იწონის, მრავალს კი უფრო გრძელი ფრთები აქვთ. მეცნიერთა განცხადებით, ეს ცვლილებები სავარაუდოდ გამოწვეულია ტემპერატურის ზრდისა და ნალექებში ცვლილების გამო.

კოვიდის საწინააღმდეგო ანტივირუსული აბები

კოვიდსაწინააღმდეგო mRNA ვაქცინების წარმატების შემდეგ, ბიოტექნოლოგიურმა კომპანიებმა აქტიურად დაიწყეს მუშაობა კოვიდის სამკურნალო ორალურ აბებზე. 1-ელ ოქტომბერს, კომპანია Merck-მა გამოაქვეყნა კლინიკური ცდების მესამე ფაზის შედეგები, რომელთა მიხედვითაც, მისი პრეპარატი, მოლნუპირავირი, ჰოსპიტალიზების რისკს ანახევრებდა. ნოემბრის შუა რიცხვებში ბრიტანეთმა ეს პრეპარატი გამოყენებისთვის დაამტკიცა. დეკემბრის ბოლოს პრეპარატს საგანგებო გამოყენების ავტორიზაცია მისცა აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამაც.

ნოემბერში, Pfizer-მა განაცხადა, რომ მისი ანტივირუსული აბები, სახელად პაქსლოვიდი ეფექტიანია მძიმე კოვიდის წინააღმდეგ. დეკემბერში გამოქვეყნებული საბოლოო შედეგების მიხედვით, ეს პრეპარატი ჰოსპიტალიზებისა და სიკვდილის რისკს 88 პროცენტით ამცირებს. ცნობილი გახდა ისიც, რომ მედიკამენტი ეფექტიანია ახალი ვარიანტის, ომიკრონის წინააღმდეგაც. დეკემბრის ბოლოს, ეს პრეპარატი პირველი გახდა, რომელსაც აშშ-ის სურსათისა და მედიკამენტების ადმინისტრაციამ გადაუდებელი გამოყენების ავტორიზაცია მისცა.

ღორის ორგანოს ადამიანისთვის გადანერგვა

ოქტომბერში, ქირურგებმა გენური ინჟინერიით შეცვლილ ღორში გაზრდილი თირკმელი ადამიანს გადაუნერგეს. პროცედურიდან 54 საათის განმავლობაში, ორგანო ნორმალურად ფუნქციონირებდა. ეს გახლდათ უდიდესი გამარჯვება ქსენოტრანსპლანტაციის დარგში, რომელიც ითვალისწინებს ადამიანებში სხვა არსებათა უჯრედების, ქსოვილებისა თუ ორგანოების გადანერგვას.

მომავალში, გენური ინჟინერიით გამოყვანილი ღორები შეიძლება ორგანოთა მდგრადი წყარო გახდეს; ორგანოებს კი უიმედოდ ელოდება სულ უფრო მეტი პაციენტი მთელ მსოფლიოში. თუმცა, ეს ტექნოლოგია ჯერ თავის ადრეულ დღეებში იმყოფება. ქირურგებმა ტესტი ოჯახის ნებართვით ჩაატარეს პაციენტზე, რომელსაც თავის ტვინი უკვე მკვდარი ჰქონდა და ვენტილატორზე იყო მიერთებული. ღორის თირკმელმა თითქმის ორი დღე იმუშავა ნორმალურად, მაგრამ უცნობია, მოხდებოდა თუ არ ორგანიზმის მიერ მისი უკუგდება უფრო გრძელ პერიოდში.

ყველაზე ძველი დნმ-ის გაშიფვრა

თებერვალში მეცნიერებმა გვამცნეს, რომ შეძლეს უძველესი დნმ-ის სეკვენირება, რის საფუძველზეც, ინფორმაცია მოიპოვეს მილიონი წლის წინანდელი მამონტის გენეტიკური მასალისგან. უძველესი დნმ-ის სეკვენირების წინა რეკორდს წარმოადგენდა დაახლოებით 700 000 წლის წინანდელი ცხენის ნამარხის დნმ.

ამისათვის, მკვლევრებმა გამოიყენეს 1970-იან წლებში ციმბირში აღმოჩენილი მამონტის კბილები. ორი სხვადასხვა კბილი 1,2 მილიონი და ერთი მილიონი წლის წინანდელი იყო. აღმოჩენა მიუთითებს, რომ შესაფერის გარემოში გენეტიკური მასალა შეიძლება უფრო ძველ ეგზემპლარებშიც იყოს შენახული; ეს კი შორეული წარსულის მრავალ ევოლუციურ საიდუმლოს გაგვიმხელს.

პლანეტის ნიშნები გალაქტიკის გარეთ

ჩვენგან 28 მილიონი სინათლის წლის მანძილზე, მორევის გალაქტიკაში არსებულ ერთ-ერთ ვარსკვლავთან პლანეტის ნიშნებს მიაგნეს. ვარსკვლავი გარს უვლის უკიდურესად მკვრივ ობიექტს, სავარაუდოდ ნეიტრონულ ვარსკვლავს ან შავ ხვრელს, რომლის გრავიტაციაც იმდენად ძლიერია, რომ ვარსკვლავს გაზის გარკვეულ ნაწილს აცლის და უკიდურესად აცხელებს, იქამდე, რომ ის რენტგენულ გამოსხივებას იწყებს.

2012 წელს ასტრონომებმა ამ დააფიქსირეს, რომ ამ სისტემაში რაღაც უცნაური ხდება. NASA-ს რენტგენულმა ობსერვატორია ჩანდრამ დააფიქსირა, რომ რენტგენული სხივები უცბად ჩაბნელდა. როგორც მეცნიერები ჟურნალ Nature Astronomy-ში აღწერენ, ამის მიზეზი შეიძლება სატურნის ზომის პლანეტა იყოს, რომელიც, დადასტურების შემთხვევაში, ჩვენი გალაქტიკის გარეთ აღმოჩენილი პირველი პლანეტა იქნება.

დაკარგული „ოქროს ქალაქი“ ეგვიპტეში

ეგვიპტის ქვიშა ათასწლეულების განმავლობაში მალავდა 3400 წლის წინანდელ ქალაქს, რომელიც ტუტანხამონის პაპამ, ამენჰოტეპ III-მ ააგო. 2020 წლის სექტემბერში, თანამედროვე ქალაქ ლუქსორის დასავლეთით არქეოლოგებმა ქუჩებისა და შენობების ნაშთები აღმოაჩინეს. ამის შესახებ მათ საზოგადოებას 2021 წლის აპრილში ამცნეს; ამ ქალაქს უკავშირდება დღემდე იდუმალებით მოცული გარდამავალი პერიოდი ძველი ეგვიპტის ისტორიაში.

ამენჰოტეპ III-ის სიკვდილის შემდეგ, მისმა ვაჟმა ეგვიპტის კულტურა სრულიად გადაატრიალა, რადგან აკრძალა მრავალღმერთიანობა და დააკანონა მხოლოდ ერთი ღვთაება, მზის ღმერთი. მან მიატოვა დედაქალაქი თებე, რომელიც ასევე მოიცავდა ახლად აღმოჩენილ მეტროპოლიას, რომელსაც მეცნიერებმა „ლუქსორის დაკარგული ოქროს ქალაქი“ უწოდეს. 

ეს ქალაქი ცნობებს გვაწვდის ძველეგვიპტელთა ცხოვრების შესახებ იმპერიის ზეობის პიკში. მკვლევართა განცხადებით, ეს ქალაქი ცნობილი პომპეის ეგვიპტურ ვერსიას შეგვიძლია შევადაროთ.

ჯეიმს ვების კოსმოსური ტელესკოპის გაშვება

25 დეკემბერი აღმოჩნდა ის დღე, რომელსაც სამეცნიერო სამყარო ათწლეულები ელოდა. კაცობრიობის ისტორიაში უმძლავრესი კოსმოსური ტელესკოპი, ჯეიმს ვები, როგორც იქნა გაუშვეს. NASA-მ, კანადისა და ევროპის კოსმოსურმა სააგენტოებმა ამ ტელესკოპზე მუშაობა 1996 წელს დაიწყეს. მისი გაშვება თავდაპირველად 2007 წელს იგეგმებოდა და 500 მილიონი დოლარი ჯდებოდა. ტელესკოპის გაშვება მას შემდეგ მრავალჯერ გადაიდო, საბოლოოდ კი მისმა ღირებულებამ 10 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. მეცნიერთა განცხადებით, ამდენი გადადება და ხარჯი ნამდვილად ღირდა, რადგან ჯეიმს ვები ისეთ რამეებს გააკეთებს, რაც ჰაბლის კოსმოსურ ტელესკოპს არ შეეძლო.

ინჟინერიის ეს საოცრება დაგვეხმარება, პასუხი გავცეთ ფუნდამენტურ კითხვებს სამყაროს შესახებ, გავიხედოთ ძლიერ შორეულ წარსულში, 13 მილიარდი წლის წინ. 

ვებს ორი მთავარი სამეცნიერო მისია აქვს, რომლებიც მისი დაკვირვებების დროის 50 პროცენტზე მეტს წაიღებს. პირველია კოსმოსური ისტორიის ადრეული ფაზების კვლევა, ძლიერ შორეულ წარსულში ყურება, დიდი აფეთქებიდან სულ რამდენიმე მილიონი წლის შემდგომ პერიოდში.

ასტრონომებს სურთ იხილონ, როგორ წარმოიქმნა პირველი ვარსკვლავები და გალაქტიკები და როგორ განვითარდნენ ისინი დროთა განმავლობაში.

მეორე მთავარი მიზანია ეგზოპლანეტების, ანუ მზის სისტემის მიღმა არსებული პლანეტების აღმოჩენა. მათი ატმოსფეროს შესწავლის გზით, ვები ასევე გამოიკვლევს მათზე სიცოცხლის პოტენციალს.

ვების მთავარ იმედს მისი ინფრაწითელი შესაძლებლობები წარმოადგენს.

როგორც ხედავთ, 2021 საკმაოდ წარმატებული წელი იყო მეცნიერებაში. რა თქმა უნდა, თანამედროვე მეცნიერება დღიდან დღემდე წინ მიიწევს და ეჭვგარეშეა, რომ 2022 წელს კიდევ უფრო მეტი აღმოჩენა და მიღწევა გველოდება. ყოველ ასეთ მოვლენას 1tv.ge მომდევნო წელსაც ყოველდღიურად, დეტალურად გიამბობთ.